„მიწა, როგორც ძირითადი აქტივი, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ეკონომიკურ აქტივობაში", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ უცხოელებზე მიწის გასხვისებაზე საუბრისას განაცხადა.
გახარიას თქმით, უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით არსებობს განსხვავებული მიდგომები, თუმცა ის ფიქრობს, რომ მთავრობა, მიზანშეწონილობის შემთხვევაში, უცხოელებზე მიწების გასხვისების დისკრეციას შეინარჩუნებს.
„ჩვენი პოზიცია გახლავთ იმაში, რომ მიწა, როგორც ძირითადი აქტივი, უნდა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული ეკონომიკურ აქტივობაში. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არსებობს სხვადასხვა მიდგომები: ცოტა მკაცრი, უფრო ლიბერალური, მემარცხენე, მემარჯვენე და ა.შ. ჩემი მიდგომაა, რომ მიწა, როგორც რესურსი, ეკონომიკურ აქტივობაში უნდა იყოს მაქსიმალურად და ეფექტურად გამოყენებული. მაშინაც, როცა შეზღუდვა მოქმედებდა, არსებობდა გარკვეული ინსტრუმენტები და მთავრობას ჰქონდა დისკრეცია, უცხოური მფლობელობისთვისაც ნებართვები მიეცა მაშინ, როცა ეკონომიკურად მიზანშეწონილობის არგუმენტს დაინახავდა. მე ვფიქრობ, რომ ასე გაგრძელდება", - განაცხადა გახარიამ.