ავტორი სოფო ხუგოიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებლებზე „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ დამიანები შანტაჟის მსხვერპლნი არიან და მათზე რაიმე ზეწოლა ხორციელდება, მსხვერპლი დაცული უნდა იყოს.
„პასუხი უნდა მოეთხოვოს შანტაჟისტებს, ვინც ამ სიბინძურეს ჩადის, იღებს და ავრცელებს კადრებს. მათ მიმართ უნდა მოხდეს შეურიგებელი პოზიცია სახელმწიფოსა და პოლიტიკოსებისგან.
ადამიანებზე, რომლებზეც კომპრომატები არსებობს, თანამდებობებიდან ასე უაპელაციოდ გადავაყენოთ ან გადადგომა მოვთხოვოთ, გამოდის, რომ ამ ბინძური ქმედებების ავტორებს მიზნის განხორციელებაში ვეხმარებით. დამნაშავეების გამოვლენა უმნიშვნელოვანესია საზოგადოების სიმშვიდისა და ქვეყანაში სტაბილურობისთვის. აქ კი სამართალდამცავებს უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ვფიქრობ, ისინი შეძლებენ ამ ძალიან რთულ გამოწვევას უპასუხონ. მორალურად შესაძლებელია ადამიანი ყოველგვარი შანტაჟისა და ზეწოლის გარეშე გადადგეს, ასეთი ფაქტების გასაჯაროების გამო. თუ ამ კადრების გავრცელების მიზანი არის ადამიანებზე შანტაჟი, კონკრეტული პოლიტიკოსების გადაყენება, მაშინ ეს მიზანი ძალიან მარტივად იქნება მიღწეული.
ჩვენ უნდა ვებრძოლოთ დამნაშავეებს, რომლებიც პირადი ცხოვრების მანიპულაციებით გზით, პოლიტიკოსების წინააღმდეგ იბრძვიან. ბუნებრივია მათი პოზიცია, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანებზე, რომლებზეც კომპრომატები არსებობს, პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ, რადგან შესაძლოა, შანტაჟის გზით ქვეყნისთვის საზიანო საქმის კეთება აიძულონ, ეს ლოგიკური მოსაზრებაა.
თუმცა ჩვენ ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ დამნაშავეებს, რომლებიც ასეთი მეთოდებით ებრძვიან კონკრეტულ ადამიანებს. ისინი უნდა იყვნენ ხელისუფლების სამიზნეები " , - განაცხადა კობახიძემ.