პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათი საბოლოო მიზანი ევროკავშირში სრული ინტეგრაციაა.კობახიძის თქმით, ევროპარლამენტში გამართულ დებატებში ყველა მსხვილი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ერთხმად აღიარა პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწია.
„ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან ურთიერთობებში ბოლო წერტილი არ არის - აქედან ევროპული ინტეგრაციის სრულიად ახალი ეტაპი იწყება, ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირში სრული ინტეგრაციაა.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ერთის მხრივ ჩვენთვის ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ მეორე მხრივ, არის პასუხისმგებლობა. ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს იმას, რომ უნდა გაგრძელდეს რეფორმები სხვადასხვა სფეროში. ნაკისრი ვალებულებები, რომელიც აღებული გვაქვს ევროკავშირის მიმართ, ჩვენი ხელისუფლების მიერ აუცილებლად შესრულდება.
სწორედ ამ პროგრესის და ამ წინსვლის დამსახურებაა ის, რომ დღეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. გადაწყვეტილება ძალიან დიდი უმრავლესობით მიიღეს", - აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძის ინფორმაციით, ევროპარლამენტის გადაწყვეტილება დაახლოებით 2 თვის თავზე სრულფასოვნად ამოქმედდება.