უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკაში ადამიანები, რომლებზეც მაკომპრომატირებელი მასალები არსებიბს?! ეს თემა ქართულ პოლიტიკაში აქტიურად განიხილება. ამ თემაზე „რეპორტიორს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ესაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა უზრუნველყოს.
„არავის საქმე არ არის სხვისი პირადი ცხოვრება. ყველა ადმაიანი ამ ქვეყანაში უნდა ცხოვრობდეს მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, მაგრამ ესეც არავის დაუწესებია და ვინ როგორ იცხოვრებს და რამდენად მაღალი იქნება მისი მორალური ხარისხი, ეს არის მისი გადასაწყვეტი. ვერავინ განსაზღვრავს, საიდან იწყება და სად მთავრდება მორალური ღირებულებები. საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რა ხელისუფლება ჰყავს. მაგრამ, მგონია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს მის პროფესიულ უნარ-ჩვევებს.
საზოგადოებას აქვს უფლება, კატეგორიულად მოითხოვოს ამა თუ იმ ადამიანის თანამდებობიდან გადაყენება, თუკი პრობლემა არსებობს მის საქმიანობასთან დაკავშირებით. მაგრამ ის, რომ ვიღაცას ვიღაცის პირადი ცხოვრება არ მოსწონს, ეს ვერ გახდება ამ ადამიანის თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი", - განაცხადა ანი მიროტაძემ.