ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ უმრავლესობის წევრების კონსულტაციებზე დაბარება, გარკვეულწილად, პიარისა და პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას ჰგავს.
„ინტერპრესნიუსი" დაინტერესდა, რატომ არ მივიდა უმრავლესობა „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრაზე.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხალხს არა სპექტაკლები და პიარკამპანიები, არამედ რეფორმის შედეგი აინტერესებს.
„ასეთი ფორმატი სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს - პრეზიდენტი იბარებს კონსულტაციებზე, ვეტოს დაძლევის თუ არდაძლევის თემებზე უმრავლესობის წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს. ეს გარკვეულწილად ჰგავს პიარის და რაღაც პოლიტიკური ქულების ჩაწერის მცდელობას. ვინმეს, საზოგადოების რომელიმე წევრს საქართველოში წარმოუდგენია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან ერთად, ჩვენ უნდა დავმჯდარიყავით და სერიოზულად გვესაუბრა თემებზე, რომელიც სასამართლო რეფორმას შეეხება? - რა თქმა უნდა, აქედან გამოვიდოდა პოლიტიკური სპექტაკლი, რომელიც ხალხს არ აინტერესებს. მე მოვუწოდებ ყველას, მათ შორის, პოლიტიკურ ძალებს, რომ ხალხს არ აინტერესებს რაღაც სპექტაკლები და პიარკამპანიები. ხალხს აინტერესებს, რას მიიღებს ამ რეფორმის შედეგად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმა ბოლო დროის განმავლობაში. ეს რეფორმა შეფერხდა პრეზიდენტის ვეტოს გამო, მაგრამ არა უშავს, ამ ვეტოსაც გადავლახავთ და რეფორმა მიიღებს უკვე პრაქტიკულ ხასიათს, სასამართლოს ეს კიდევ უფრო გააძლიერებს, გააჯანსაღებს, დამოუკიდებლობის მეტ ხარისხს შესძენს. მეორე მხარეს ჩვენ ვხედავთ რაღაცა დაბარებებს პრეზიდენტის სასახლეში. ეს, რბილად რომ ვთქვათ, არ მგონია, სწორი იყოს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ ესწრებიან.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ „ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველოს" და „პატრიოტთა ალიანსის" წევრები.