logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: უმჯობესია, პრეზიდენტის შენიშვნების არსებითი განხილვა საპარლამენტო სივრცეში მოხდეს
- +

3 თებერვალი. 2017. 13:22



ჩვენთვის უმჯობესია, რომ პრეზიდენტის შენიშვნების არსებითი განხილვა საპარლამენტო სივრცეში მოხდეს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სასამართლოს რეფორმის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. შეხვედრას უმრავლესობის წევრები არ დაესწრნენ.


როგორც ინტერპრესნიუსს" თალაკვაძემ განუცხადა, დეპუტატების უმრავლესობა დღის განმავლობაში სხვადასხვა საქმითაა დაკავებული და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, შეხვედრის თაობაზე ფრაქციების ხელმძღვანელებთან კომუნიკაცია შეხვედრამდე მცირე ხნით ადრე მოხდა.


სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა დაამტკიცა. ჩვენ ვიყავით ჩართული მის შემუშავებაში და პრეზიდენტმა, როგორც იცით, ვეტო დაადო. ვეტოს, პრეზიდენტის შენიშვნებისა და არგუმენტების განხილვა ამ საკანონმდებლო პაკეტთან მიმართებაში მოხდება საპარლამენტო სივრცეში, კანონმდებლობით განსაზღვრულ ფორმატში. ჩვენ რამდენადაც ვიცით, ეს შეხვედრა არის პოლიტიკურ ჯგუფებთან, ამიტომ ჩვენთვის უმჯობესია, რომ არსებითი განხილვა ამ შენიშვნების მოხდეს არა პოლიტიკურ, არამედ რეფორმის ჭრილში, რეფორმის სულისკვეთებით მოხდეს, საპარლამენტო სივრცეში, რისთვისაც, რა თქმა უნდა, მზად ვართ. ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც დღეს ვერ ვესწრებით ამ შეხვედრას", - განაცხადა თალაკავაძემ.


პრეზიდენტი „საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს და მას „ნაციონალური მოძრაობის", „პატრიოტთა ალიანსის" და „ევროპული საქართველოს" წევრები ესწრებიან.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner