საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე საქართველოს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან „ქართული ოცნების" მხრიდან მოლაპარაკებას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ, არ გამორიცხავს. როგორც ნიშნიანიძემ „რეპორტიორს" განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში აქტიურად ჩართვა როგორც პარტიისთვის, ისე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება.
„ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან მოლაპარაკებები იქნება. ჯერჯერობით არ ადასტურებს არავინ, რომ ამწუთას მოლაპარაკება მიმდინარეობს. მაგრამ, ვფიქრობ და ვისურვებდი, რომ მომავალში იყოს მოლაპარაკება. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო, კარგი და სასარგებლო იქნებოდა, თუ ბატონი ირაკლი დაბრუნდება აქტიურად პოლიტიკაში. ის ახლაც ჩვენთან არის, არსად წასულა. მაგრამ, თუ აქტიურად შემოვა ისევ ჩვენთან პოლიტიკაში, იქნება ძალიან კარგი და სასარგებლო როგორც ჩვენთვის,ისე ქვეყნისათვის", - განაცხადა ნიშნიანიძემ.