logo_geo
eng_logo
თეიმურაზ ქორიძე: კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ტერმინები არსებობს მშობლიურ ქართულში ფრანგული affair-ის აღსანიშნავად
- +

3 თებერვალი. 2017. 15:34



„Affair - ეს ფრანგული ტერმინი სწრაფად გამდიდრების, პოლიტიკური ზეგავლენის მოპოვების მიზნით რაღაც ბნელი საქმის წამოწყების აღსანიშნავად იხმარება და საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში რუსებთან ერთად შემოვიდა. აქედანვეა აფერისტიც -აფერის მონაწილე", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თეიმურაზ ქორიძე წერს.


„ვინაიდან ფრანგებს, რუსებს, გერმანელებს და დანარჩენ ევროპელებსაც თავიანთი ცოდვები ეყოფათ, დავაზუსტებ, რომ საქართველოში რუსებმა შემოიტანეს ტერმინი „აფერა" და არა ის ქმედებები, რასაც ეს ტერმინი გულისხმობს. რუსის მოსვლამდეც და რუსის წასვლის შემდეგაც გამდიდრების, შურისძიების, დაჩაგვრის, ზეგავლენის მოპოვების თუ სხვა რამ ბნელი საქმის კეთებისა და ამ საქმის მკეთებელთა აღსანიშნავად ქართულ ლექსიკაში, სულო და გულო, სიტყვათა მთელი არსენალია: ხიმანკლობა, ცბიერება, ვერაგობა, ხრიკიანობა, მზაკვრობა, ქვებუდანობა, ნამარდობა, ყალთაბანდობა, შარიანობა, გაიძვერობა, აბრუნდობა, დავაქრობა, გაუტანლობა, თვალთმაქცობა, ძირის გამოთხრა, ხლართის გაბმა, ხვანჯის გაბმა, ფეხის დადება, სარმის გამოდება; მზაკვარი, ეშმაკი, ვირეშმაკი, მანქანიერი, კუდამელა, ხიმანკალი, ფლიდი, ოინბაზი, გაქნილი, თვალთმაქცი, გველაძუა, თაღლითი, მლიქვნელი, მატრაბაზი...

 

მდიდარი ლექსიკური მარაგიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ აფერისა და აფერისტის არსი ჩვენ სხვისგან ნამდვილად არ გვესწავლება (შეგვიძლია გულისტკივილით მხოლოდ ის აღვნიშნოთ, რომ რუსულის გავლენით ქართულ ენაში აგერ ორი საუკუნეა დამკვიდრებულია არა ფრანგული affair - აფერა, არამედ მისი რუსული ინტერპრეტაცია афера - აფიორა). პირიქით, შეგვიძლია ჩვენი ცოდნა და გამოცდილება თანამედროვე ევროპას შევთავაზოთ და წარმატების დიდი იმედიც ვიქონიოთ. თუ ალღო არ მღალატობს, ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე საერთაშორისო არენაზე ამას უკვე აკეთებს კიდეც და არცთუ ურიგოდ.

 

აფერის აღსანიშნავი ყველა ქართული ტერმინი რომ მიესადაგება, ქართული სინამდვილიდან სამიოდე ასეთ მაგალითს შეგახსენებთ: „აშშ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა"; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ორგანიზაციაა" და „რუსს არ დაველაპარაკები, სანამ ის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებს".

 

დიდი და მდიდარი აშშ არ არის, არ ყოფილა და არც ოდესმე იქნება საქართველოს ან მსოფლიოს სხვა ნებისმიერი ქვეყნის „მეგობარი" ამ სიტყვის პირდაპირი და ტრადიციული გაგებით. იგი, შესაძლოა, იყოს მეზობელი, მფარველი, პარტნიორი, მოკავშირე, მტერი, დუშმანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - „მეგობარი".

 

სახელმწიფოთა შორის ურთიერთობათა ისტორია „მეგობრობის" ცნებას არ ცნობს და არც იცნობს. თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ „მეგობრობა" გულისხმობს უანგარობას. აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს, ბრაზილიას, არგენტინას, ირანს, ზიმბაბვეს, პრუსიას, რომის იმპერიას, მონღოლთა სახანოს... არ ჰყოლიათ, არ ჰყავთ და არ ეყოლებათ „მეგობარი ქვეყნები". ეს ჩვენ, „მესამე სამყაროს" „შეუმდგარი სახელმწიფოები" ვცდილობთ სასურველის სინამდვილედ წარმოდგენას და საკუთარი თავის ძლევამოსილი ქვეყნის მეგობრობაში დარწმუნებას. უფრო ზუსტად, არცთუ უანგარო ზრახვებიდან გამომდინარე, ამას ცდილობენ იმ „ძლევამოსილი" და „შეუმდგარი" ქვეყნების ხელისუფლებები. თუ ღმერთმა ინება და, ოდესმე ამერიკის „მეგობრობა" ფეხებზე დავიკიდეთ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქართველო სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით „მეგობარ" აშშ-ს არაფრით ჩამოუვარდება!

 

ჯერჯერობით კი მხოლოდ ვამაყობთ ბუნებაში არარსებული მეგობრობით, თვალებში და ხელებში შევციცინებთ მდიდარ მეგობარს, რომელიც მშიერი ოკეანისგაღმელი „მეგობრისთვის" გამოხრულ ძვალს თუ გაიმეტებს და იმასაც - არცთუ უანგაროდ.

 

ამიტომ არის აფერა „ამერიკა ჩვენი მეგობარია".

 

სანამ „რუსეთუმეობისთვის" ინკვიზიციის წმინდა კოცონისთვის გამიმეტებდეთ, ვიტყვი - რუსეთს არ ვახსენებ იმის გამო, რომ მას საქართველოში „მეგობრად" არავინ მოიხსენიებს (სხვათა შორის, ძალიან თვალსაჩინო აფერის კლასიკური ნიმუში გახლდათ დიად საბჭოეთში დამკვიდრებული გამოთქმა: „ნეუკლონნო რასტიოტ ბლაღასასტაიანიე სავეტსკოვო ჩელავეკა").

 

ახლა რაც შეეხება თეზისს, ბოლო 17 წლის განმავლობაში ცეცხლით და მახვილით რომ ინერგებოდა საქართველოს მოქალაქეთა შემეცნებაში: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური პარტია".

 

ამ, ბოდიში და, „პარტიის" მიზანი არ ყოფილა პოლიტიკური ძალაუფლების ქვეყნის აღმშენებლობის, დემოკრატიული საზოგადოებისა თუ სახელმწიფოებრიობის მშენებლობისათვის გამოყენება. მისი მიზანი იყო ხელისუფლების უზურპაცია დიქტატორული რეჟიმის დასამკვიდრებლად. ბელადი სააკაშვილი ცოტა უფრო ნიჭიერი და ცოტა უფრო მომთმენი ადამიანი რომ ყოფილიყო, მისი ხელისუფლებიდან მოშორება საქართველოს უზარმაზარი ტანჯვის და ზღვა სისხლის ფასად დაუჯდებოდა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა. სააკაშვილს საქართველოში ჯერ კიდევ ათასობით მომხრე ჰყავს - გულუბრყვილოებიც, მოტყუებულებიც, პოლიტიკას მიტმასნილი უნიჭოებიც და, რაც მთავარია, ისეთები, უკან დახევა რომ არ შეუძლიათ, რადგან მათ უკან დგას დაუნდობელი ურჩხული - პასუხისმგებლობა ჩადენილი უპატიებელი დანაშაულების გამო. პასუხისმგებლობა ოფიციალური სამართლისა და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს - ლინჩის სამართლის წინაშეც.

 

დიდი, გრანდიოზული, ძალიან გამჭვირვალე და საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის უზარმაზარი საფრთხის შემცველია ნაცმოძრაობის მიერ საკუთარი უსუსურობისა და მოღალატური ქმედებების გადასაფარავად მოგონილი თეზისი - „რუსს არ უნდა დაველაპარაკოთ, სანამ იგი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დაგვიბრუნებს!" ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს, რომ საქართველომ არ უნდა სცადოს წართმეულის დაბრუნება, სამუდამოდ უარი უნდა თქვას თავის ისტორიულ მიწა-წყალზე; ანუ, ნაციდეოლოგების ლოგიკით, მოთმინებით დაელოდოს იმ სანუკვარ დღეს, როცა რუსეთი აღიგვება მიწის პირისაგან.

 

ალბათ ლაპარაკიც არ ღირს ისეთი ლოკალური ხასიათის აფერაზე, როგორიცაა სააკაშვილის „უზარმაზარი საერთაშორისო ავტორიტეტი", ფასადების გადაღებვა, „გახსნები", შადრევნები, „ხალხში გასვლები", „მსოფლიოში ყველაზე კომპეტენტური მთავრობა", „თავისუფალი ბიზნესი", „კორუფციის დამარცხება", „დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა", „ღიმილიანი საქართველო" და მრავალი, მრავალი სხვა.

 

აფერაა სანდრა რულოვსის „გაპოლიტიკოსება", უფრო ზუსტად, მისი გაპოლიტიკოსებისა და საქართველოდან თავქუდმოგლეჯით გაქცეული სააკაშვილის სანდრათი ჩანაცვლების წარუმატებელი მცდელობა. აღარაფერს ვამბობ ამ ქალბატონის ყოვლად სულელურ საჯარო გამოსვლებზე, მისივე შესრულებულ მეგრულ სიმღერებსა და მრავალჯერ გამეორებულ „გვირაბის" თეორიაზე - ვისაც სააკაშვილთან შორეული ურთიერთობა მაინც ჰქონია, ვისაც რუსული თვითმფრინავის ხმაზე მისი რეაქცია უნახავს, დამერწმუნება, რომ ყოფილი „დიდი ლიდერი" არავითარი გვირაბის გამთხრელი, სამშობლოში ინკოგნიტოდ დამბრუნებელი და კამო ტერ-პეტროსიანივით იატაკქვეშელი მამაცი მებრძოლი არ არის. იგი არის საკუთარი „დევნილობით" მოკეკლუცე ყოვლად ჩვეულებრივი აფერისტი - აფერების დიდოსტატი.

 

აფერაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თეორია იდეოლოგიური შეუთავსებლობის გამო გათიშვა-გამოყოფა-გაჭინთვების შედეგად „კიდევ უფრო ძლიერი პოლიტიკური მოძრაობის" დაბადების თაობაზე. სინამდვილეში, ეს არის ნაცმოძრაობის შედარებით ინტელექტუალური ნაწილის მცდელობა, როგორმე ჩამოირეცხოს სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლების სისხლი და სირცხვილი. აქედან გამომდინარე, შეუნიღბავი აფერა იყო წლევანდელი 20 იანვრის სააკაშვილის ერთგული ნაცების შვიდიათასკაციანი ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში; აფერა იქნება გიგა-გიგის (ბოკერია-უგულავას) ფრთის უახლოეს მომავალში დაანონსებული ყრილობაც. ორივე ფრთის ერთადერთი და სანუკვარი მიზანი რევანშია და ისინი ამას არც მალავენ - ჩვენ დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს! ეკონომიკის ამაღლებაზე ზრუნვა კი არა, სამართლებრივი სახელმწიფოს მშენებლობა კი არა, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ზრუნვა კი არა - მართლმორწმუნე და პროტესტანტი ნაცების უზენაესი მიზანი ვინმე უთანამდებობო, მაგრამ გავლენიანი პერსონის დამარცხება ყოფილა!

 

ორივე ფრთას უკან კლდესავით უდგას კიდევ ერთი გუშინდელი ნაცი, „გირჩი", რომლის აფერა ერთდროულად ტრაგიკულიცაა და კომიკურიც - იგი საზოგადოების დარაზმვას ნაცების სასარგებლოდ... მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით ცდილობს. ეს არ გახლავთ უვიცობა ან გულუბრყვილობა ისევე, როგორც არ არის რაიმე კეთილშობილური (მაგალითად, ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების) მიზნით ნაკარნახევი - გირჩებმა იციან, რომ საქართველოში ნარკოტიკების ტრაგიკულად ბევრი მომხმარებელია და მათი სისუსტის (გნებავთ-სენის) სათავისოდ გამოყენებას ლამობენ...

 

მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ტერმინები არსებობს მშობლიურ ქართულში ფრანგული affair-ის აღსანიშნავად", - წერს ქორიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner