logo_geo
eng_logo
გიორგი თავდგირიძე: ჯარი არ იშლება, მტრების სიხარული ნაადრევია, მოკეთეების შეშფოთება - უსაფუძვლო!
- +

4 თებერვალი. 2017. 03:32



სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„როგორც ვატყობ, ისტერიამ რომ ქართულ ჯარს შლიან, იმ ხალხზეც იმოქმედა, ვინც აფასებს სამხედრო საქმეს და მეტნაკლებად გარკვეულია პროცესებში. პირდაპირ საქმეზე გადავალ, ხმები სიმართლეს არ შეესაბამება. ბევრი ემოციური შეფასება მოვისმინე, მაგრამ ემოცია ერთია და ემოციის ფაქტებად შემოსაღება მეორე. ბევრი პოლიტიკური ბრალდება გაისმა, მაგრამ უფრო სპეკულაციები თემაზე რას გვიშვება ეს მთავრობა, ვიდრე თავდაცვის პოლიტიკის არგუმენტირებული კრიტიკა. ამ შემთხვევაშიც პოლიტიკოსები თანამოქალაქეების ემოციაზე ზემოქმედებას უფრო ცდილობენ ვიდრე პროცესებში ჩართვას და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე პასუხისმგებლობის აღებას. ანალიტიკა, ფრიად საჭირო საქმიანობა, მაგრამ ორჯერ ორი ხან ხუთი თუ გამოუვათ, ხან მინუს სამი და ხან ოთხი, 33-პროცენტიანი სიზუსტე კი არ არის ეს, უბრალოდ ქოთანზე ყურის მობმის ამბავია, ვის საიდანაც უნდა იქიდან მოაბამს და შემდეგ მიდი, ამტკიცე სპილო რომ არ ხარ.

 

ამ „სტატუსის" მიზანი არ არის ვინმეს მორალი ვუკითხო, უბრალოდ ლოგიკაც ხომ არსებობს? ბევრ ქვეყანაში მომხდარა ჯარის შემცირება, ზოგან რამდენჯერმე, მაგრამ შემცირება არ ნიშნავს დაშლას. თუმცა აქვე დავძენ, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა არ მცირდება. ეს ოფიციალურ ციფრებშიც კარგად სჩანს, პატიოსან ანალიტიკოს ან პოლიტიკოსს არ უნდა გაჭირვებოდა ზუსტი დასკვნების გამოტანა. ციფრები მარტივია:

რეორგანიზაციის შედეგად მთლიანობაში თავდაცვის უწყება 2250-მდე ადამიანმა დატოვა.

 

მათ შორის სამოქალაქო ოფისიდან:

 

1. შტატგარეშე - 400

2. შტატიანი - 1350

სულ 1750 სამოქალაქო პირი.

 

შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო პირები:

1. ოფიცერი - 217

2. სერჟანტი - 123

 

ნებისმიერ გარე დამკვირებელსაც შეეძლო დაეთვალა, თუ ქართული სამხედრო კონტიგენტი 30-35 ათასის ფარგლებშია, მას თეორიულად 5-6 ათასი ოფიცერი უნდა ჰყავდეს, შესაბამისად 217 ოფიცერი 3-5%-ია და ბუნებრივ, გეგმაზომიერ დენადობის ციფრსაც კი არ აჭარბებს, ამიტომ ჯარის დაშლის ინდიკატორი ეს მონაცემი არ არის.

123 სერჟანტი, ამ შემთხვევაშიც, სერჟანტები ოფიცრებზე ნაკლები ვერ იქნებიან, შესაბამისად ჯარის ჩამოშლა დაშლის ინდიკატორი ვერც ეს ციფრი ვერ იქნება.

რაც შეეხება 1750 სამოქალაქო პირს, სამხედროები აცხადებენ, რომ მათ აღარ ჭირდებათ ის სერვისები და მომსახურება, რომლებსაც მათგან იღებდნენ. შეიძლება ვიკამათოთ ამ თემაზე, მაგრამ ჯარის ჩამოქცევა-დაღუპვაზე საუბარი ამ შემთხვევაშიც არ შეიძლება.

ოპტიმიზაციის დასაბუთებას სხვა სტატუსებში შემოგთავაზებთ. მაგრამ ოპტიმიზაციის ციფრებში ჯარის დაშლის სტატისტიკური ინდიკატორი არ არსებობს.

დასკვნა: ჯარი არ იშლება, მტრების სიხარული ნაადრევია, მოკეთეების შეშფოთება - უსაფუძვლო", - წერს თავდგირიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner