„რეჟიმის მარიონეტი მედია თავგანწირვით ცდილობდა, ჩვენი შიმშილობა სოციალურ პრობლემებთან დაეკავშირებინა, არადა, არცერთ ჩვენგანს წამით არ უფიქრია ამის გამო ქუჩაში გამოსვლა", - ასე გაიხსენა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანმა, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილმა მეთაურმა მალხაზ თოფურიამ 2010 წლის მიწურულს გმირთა მოედანზე ვეტერანთა საპროტესტო აქცია.
მალხაზ თოფურია „ასავალ-დასავალთან" საუბარში აქციის დაწყების მიზეზები გაიხსენა და განაცხადა, რომ დარბევაც და შემდგომში 11 ვეტერანის დაკავებაც სრულიად უსაფუძვლოდ მოხდა.
„შევიტყვეთ, რომ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული 150 გმირის სურათი სააკაშვილის ხელისუფლებამ პირდაპირი მნიშვნელობით ნაგავში გადაყარა! სააკაშვილმა მანამდე მეომრების დეფინიციაციაც მოახდინა - 90-იანი წლების ვეტერანების ღვაწლი უგულებელყო. მოთმინების ფიალა მაშინ აგვევსო, როცა გია ყარყარაშვილს საბოლოოდ უთხრეს უარი ეროვნულ გვარდიაში გმირთა სტენდის აღდგენაზე. მხოლოდ ამ მიზეზით 20 ვეტერანმა გმირთა მოედანზე, დაღუპული მეომრების მემორიალთან ახალი წლის წინა დღეებში შიმშილობა გამოვაცხადეთ.
2011 წლის 3 იანვარს, შიმშილობის მე-8 დღეს, პოლიციელები მოვიდნენ, კარვის აღება და მემორიალთან გამოფენილი დროშების აღება გვიბრძანეს. დავემორჩილეთ და დარბევისთვის არანაირი საფუძველი რომ აღარ დარჩათ, პირდაპირ მოგვთხოვეს - ავყრილიყავით. არც ამ დროს გაგვიწევია წინააღმდეგობა, თუმცა, ამჯერად სპეცრაზმმა ცემა-ტყეპით მანქანებში ჩაგვყარა და 11 კაცი დაგვაპატიმრეს", - აცხადებს თოფურია.
მისი თქმით, რომ არა აშშ-ის მაშინდელი ელჩი ჯონ ბასი, თითოეულ ვეტერანს უმძიმესი სასჯელი ელოდა. სააკაშვილმა კი, დარბევის გასამართლებლად, როგორც თოფურია აღნიშნავს, საკმაოდ „ბინძური" მეთოდი გამოიყენა.
„ჯონ ბასმა მკვეთრი სიტყვებით დაგმო ვეტერანების დარბევა. საღამოსვე წაგვიყვანეს სასამართლოში და მხოლოდ ადმინისტრაციული წესით გაგვასამართლეს, 400-400 ლარი ჯარიმა მოგვისაჯეს. ეს სააკაშვილისთვის დიდი დარტყმა იყო. მხოლოდ მისნაირი ნაძირალას ტვინში შეიძლება გაჩენილიყო ისეთი ბინძური ცილისწამება, როგორიც ჩვენს მიმართ იკადრეს! თურმე, იმიტომ დაგვარბია, რომ მოშიმშილე ვეტერანები, იმ მემორიალს, რომელზეც ჩვენს თვალწინ დაღუპული თანამებრძოლების სახელები ეწერა, ღამღამობით უკაცრავად და, ვაშარდავდით... ორმა ყველაზე ნამუსგარეცხილმა კაცმა - ვახტანგ ბალავაძემ და ნუგზარ წიკლაურმა აიღეს თავზე ეს სამარცხვინო მისია. თურმე, სააკაშვილის გარემოცვას ისე ჰყვარებია გარდაცვლილი ვეტერანები, რომ ჩვენგან დაიცვეს ისინი და ამიტომ დაგვარბიეს!" - განაცხადა მალხაზ თოფურიამ.
ვეტერანებისგან დამოუკიდებლად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა, სარჩელს თეა წულუკიანი კურირებდა. საბოლოოდ, საჩივარი ევროპულ სასამართლოში აღმოჩნდა და წლების შემდეგ, სასამართლომ დარბეული ვეტერანები გაამართლა.
„წლების შემდეგ, სულ ახლახან შეგვატყობინეს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის მიზნით, საქართველოს ხელისუფლება დარბეულ ვეტერანებს 2-2 ათას ევროს გადაუხდის. მატერიალურზე გაცილებით მნიშვნელოვანია სააკაშვილის რეჟიმზე, მისი მხრიდან ძალადობაზე და ბინძურ ცილისწიმებაზე ის გამარჯვება, რომელიც სამართლებრივი გზით მოვიპოვეთ!" - ამბობს თოფურია.