ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მინსკში პრესკონფერენცია ჩაატარა, რომელიც თითქმის შვიდ-ნახევარი საათი გაგრძელდა.
ღონისძიება, როგორც სააგენტოები აღნიშნავენ, უნიკალურ ფორმატში ტარდებოდა და მას „დიდი საუბარი პრეზიდენტთან" ერქვა. პრესკონფერენციაზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენელი რამდენიმე ათეული კორესპონდენტი იმყოფებოდა. გარდა ამისა, პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ ექსპერტები, საზოგადო და რელიგიური მოღვაწეები.
პრესკონფერენციის განმავლობაში ლუკაშენკომ რამდენიმე რეზონანსული განცხადება გააკეთა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ რუსეთმა საერთაშორისო შეთანხმება დაარღვია და ბელარუსთან სასაზღვრო ზონის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ამასთან, შეკითხვაზე, რომელიც რუსეთთან სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებს ეხებოდა, ქვეყნის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსები და ბელარუსები ერთ აკვანში გაიზარდნენ.
„რუსეთი, ეს სიწმინდეა. სანამ მე აქ პრეზიდენტი ვარ, რუსის მიმართულებით არცერთი ქვა არ გავარდება. არცერთი!", - განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.