ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის წარმომადგენელმა ფაქისო მოჩოჩოკომ დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ვალდებულება, მაგრამ არაფერი უშლის ხელს, საკუთარი სურვილით ითანამშრომლოს ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან.
მისი თქმით, ჯერჯერობით არ შეიძლება გადაჭრით იმის თქმა, ითანამშრომლებს თუ არა რუსეთი გამოძიებასთან.
„რუსეთი არ არის რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანა და თუ მხოლოდ კანონის კუთხით ვისაუბრებთ, არ გააჩნია ვალდებულება, გამოძიებასთან ითანამშრომლოს, მაგრამ არაფერი უშლის ხელს, ეს საკუთარი სურვილით გააკეთოს. ჩვენ ვაგრძელებთ ძალისხმევას, რომ რუსეთი ჩავრთოთ ამ პროცესში. უარის შემთხვევაში გამოძიება გაგრძელდება და ჩვენი საკუთარი საშუალებებით მოვიპოვებთ სამხილებს. მართალია, ეს უფრო გაართულებს პროცესს, მაგრამ მიუხედავად ამისა, გავაგრძელებთ სამხილების მოპოვებას.
ამ ეტაპზე პროკურორის ოფისის წარმომადგენლები არ გეგმავენ რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლას. დღეისთვის მხოლოდ მოსამზადებელ პერიოდში ვიმყოფებით", - განაცხადა ფაქისო მოჩოჩოკომ.