logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე: მსოფლიო იცვლება და ეს ტრამპის გაპრეზიდენტების გამო არ ხდება
- +

5 თებერვალი. 2017. 14:40



აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებზესაქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძსაუბრობს:


- ბატონო თედო, ვიცით რომ, თქვენ, როგორც საგარეო ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ვაშინგტონში იმყოფებით და უკვე გქონდათ შეხვედრები აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. მოგეხსენებათ, იმაზე, თუ როგორ საგარეო პოლიტიკას გაატარებს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მსოფლიოსა და მათ შორის, ქართულ მედიაში საკმაოდ ბევრი ითქვა, დაიწერა და უამრავი, ჩვენთვის საკმაოდ არასახარბიელო ვარაუდები გამოითქვა. ვინაიდან, თქვენ, როგორც საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, გქონდათ პატივი, საქართველოს ხელისუფლების სახელით, პირველს დაგემყარებინათ ტრამპის გუნდთან პირველი კონტაქტები, გვინდა გთხოვოთ, ამ შეხვედრების შესახებ ჩვენს მკითხველებს გაუზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები. გისმენთ, ბატონო თედო...

 

- თქვენი ნებართვით, დავაზუსტებ. მე არ ვყოფილვარ, როგორც თქვენ ბრძანებთ, „პირველი", ვინც კონტაქტები დაამყარა ტრამპის ადმინისტრაციასთან. პირველი სატელეფონო საუბარი შედგა ჩვენ საგარეო მინისტრს, ბატონ მიხეილ ჯანელიძესა და გენერალ ფლინს შორის, ვინაც ინაგურაციის შემდეგ უკვე ოფიციალურად დაიკავა პრეზიდენტ ტრამპის თანაშემწის პოსტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამის გარდა, ვაშინგტონში უკვე იმყოფება ბატონი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში. საკმაოდ გართულებული საპროტოკოლო პროცედურების გავლის შემდეგ, იგი უკვე შეუდგა ოფიციალურ საქმიანობას ვაშინგტონში. ასე რომ, მოდით, სწორედ ამ კომუნიკაციებს დავარქვათ „პირველი ოფიციალური კონტაქტები" პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან.


რაც შეეხება თქვენ მონა-მორჩილს, ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან და საზოგადოებრივ წრეებთან უკვე დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს - ჯერ როგორც ექსპერტ-მკვლევარს და შემდეგ კი, როგორც ამ ქვეყანაში ელჩს და შემდეგაც სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობის დროს. სწორედ ამერიკაში ბოლო ვიზიტის დამთავრების წინა დღეს, რატომღაც გადავწყვიტე ამერიკასთან ჩემი „კონტაქტის" ხანგრძლივობა დამეთვალა და ამ ურთიერთობებმა დაახლოებით 40 წელი შეადგინა. გამოდის, რომ ჩემი ცხოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ამერიკასთან ურთიერთობებისათვის დამითმია. ეს ისე, უბრალოდ. ფაქტების დაზუსტების მიზნით.


ისე კი მინდა გითხრათ, რომ ქართველები საკმაოდ მძაფრად რეაგირებენ ამგვარ თემებზე - ვინ დარეკა პირველმა, ვინ ვის შეხვდა პირველად, ვინ უფრო „მაგრად" იცნობს ამა თუ იმ უცხოელ პოლიტიკოსს. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ასეთი „ნაცნობობა" დაუმალავთ - „ეს ჩემია და მხოლოდ მე უნდა მქონდეს მათთან კონტაქტიო". ვერაფერს იზამ, ასეთია ქართული პოლიტიკის ლაბირინთები. თუმცა, არც ბატონ ჯანელიძეს და არც ბატონ ბაქრაძეს ეს არ ეხება - ჩვენ ერთი გუნდის წევრები ვართ, ე.წ. „ამერიკის მიმართულებაზე" ვმუშაობთ სინქრონულად. ვინაწილებთ ურთიერთობათა სიმძიმეებს, ამერიკაში საქართველოს ინტერესების გატანისა და მათი რეალიზების უმძიმეს ტვირთს. რა თქმა უნდა, სხვა კოლეგებთან ერთად, მათ შორის პარლამენტთან.


ვითარება კი მართლაც რომ არაორდინალურია. უფრო მეტიც - ექსტრაორდინალური. ამდენი წელია თვალს ვადევნებ ამერიკის პოლიტიკურ ცხოვრებას და ასეთი ძაფრი და ხისტი არ ყოფილა არც საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია და არც თავად ხელისუფლების ცვლა. შესაბამისად, უჩვეულო აღმოჩნდა ახალი ადმინისტრაციის საქმიანობის პირველი დღეებიც - მათ უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა ამერიკის შეერთებული შტატების მთელი პოლიტიკური სპექტრის და მათ შორის რესპუბლიკელების მხრიდანაც, რომელთაც თეთრ სახლში პრეზიდენტი ტრამპი ოფიციალურად წარმოადგენს.


გამომდინარე აქედან, ჩემი ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ვიზიტის მიზანი სწორედ იმ ხალხთან შეხვედრა იყო. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა რესპუბლიკური პარტიის ელიტა მყავს მხედველობაში, რომელმაც უშუალო მონაწილეობა მიიღო ტრამპის ადმინისტრაციის „პირველი პირების" შერჩევაში და შემდგომ კი მათი თანამდებობაზე დანიშვნასაც აქტიურად ლობირებდა.


მაგალითად, ქალბატონ კონდოლიზა რაისთან და ბატონ სტეფან ჰედლისთან დიდი ხნის საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. ისინი ძალიან კარგად იცნობენ ქართულ რეალობას, ჩვენი ქვეყნის დღევანდელ ვითარებასა და ჩვენს ირგვლივ მოვლენათა განვითარების შესაძლო ვარიანტებს. მათთან საუბარი და მათი რჩევების მოსმენა უაღრესად საინტერესო იყო. მე საერთოდ „გუნდური მიდგომის" მომხრე ვარ და ამ შეხვედრებზე ბატონ დავით ბაქრაძესთან ერთად გახლდით.


არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლდათ ჩვენი კონტაქტები ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, რესპუბლიკური პარტიის ე.წ. „გარდამავალი გუნდის" წევრებთან, რომლებიც ჩემი იქ ყოფნის დროს, ასე ვთქვათ, „იბარებდნენ საქმეებს" მათი დემოკრატი კოლეგებისაგან. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო ინაუგურაციის წინა საღამოს შეხვედრა პრეზიდენტ ობამას უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობასთან, რომლის დროსაც შევაჯამეთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 4-წლიანი პერიოდი რის შედეგად - და ეს ჩვენი ამერიკელი კოლეგების მოსაზრებაა - საქართველო, დემოკრატიის ხარისხის, რეფორმების გატარებისა და ქვეყნის მოდერნიზების მხრივ დღეისათვის რეგიონში „სტაბილურობის კუნძულია", დასავლეთისა და კონკრეტულად კი ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო, პროგნოზირებადი პარტნიორი. სწორედ ამ კონტექსტში საუბრობდნენ პრეზიდენტ ობამას მრჩევლებიც. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სწორედ ამ კონტექსტში იქნება განხილული საქართველო მომავალი ადმინისტრაციის საქმიანობის დროსაც.


„საქართველოს ჩვენ განვიხილავთ სტრატეგიულ კონტექსტში, მისი გეოგრაფიული მდებარეობისა და სამეზობლოდან გამომდინარე. ამ მხრივ, საქართველო ამერიკისათვის უაღრესად საინტერესო და საიმედო პარტნიორი იყო და იქნება. ჩვენ გვხიბლავს ისიც, რომ თქვენი ქვეყნის დღევანდელ ხელმძღვანელობას მომავლის მკაფიო და სტრატეგიული ხედვა აქვს და თქვენი სამთავრობო გუნდი პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით წარსულის მძევალი არ არის. საქართველოს მთავრობამ იცის რა უნდა გააკეთოს საკუთარი ქვეყნისათვის და რამდენად სასარგებლო და პროგნოზირებადი უნდა იყოს პარტნიორებისათვის". სწორედ ასე შეაფასეს საქართველო ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და, მათი გადმოცემით, ასეთი შეფასება სრულად გაიზიარეს „დონალდ ტრამპის გარდამავალი გუნდის" წარმომადგენლებმა თეთრ სახლში.


ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებდა უფრო კონკრეტული პასუხი კითხვაზე, თუ რას უნდა ელოდოს საქართველო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისაგან, როგორი საგარეო პოლიტიკის გატარებას აპირებს ამერიკის ახალი მთავრობა ჩვენი რეგიონისა და საქართველოს მიმართ, როგორი იქნება მათი ურთიერთობა რუსეთთან, განსაკუთრებით იმ წინასაარჩევნო განცხადებების ფონზე და კონტექსტში, რომელსაც თითქმის ყოველდღე აკეთებდა ბატონი ტრამპი. ამ კითხვებზე ყველა ჩვენი ამერიკელი მეგობრის პასუხი, მათი პარტიული კუთვნილებისა და ბატონ ტრამპის უახლოეს გარემოცვასთან სიახლოვის მიუხედავად, ტრაფარეტული გახლდათ: - „ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით, ამ ეტაპზე ნაადრევია საუბარი რაიმე კონკრეტული პოლიტიკის არსებობაზე და სავარაუდო მიმართულებებზე".


მერწმუნეთ, ეს არ იყო პოლიტიკური „კეკლუცობა" რესპუბლიკელების მხრიდან ან კიდევ გაღიზიანების გამომჟღავნება დემოკრატების მიერ. ეს რეალობაა და უნდა ითქვას, ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, უჩვეულო რეალობა, რადგან არ მახსოვს აშშ-ს სათავეში მოსულიყო ახალი ადმინისტრაცია და მას არ ჰქონოდა უკვე გამზადებული სამოქმედო პროგრამა, ან მონახაზი მაინც. დღეს ეს რეალობაა და შექმნილი ვითარება სკრუპულოზურად უნდა შევაფასოთ და გავითვალისწინოთ. რამდენ ხანს გასტანს ეს პერიოდი, ძალიან ძნელი სათქმელია. ალბათ მანამ, ვიდრე არ დასრულდება ახალი ადმინისტრაციის კადრებით დაკომპლექტება, ვიდრე არ დაინიშნებიან სახელწიფო სტრუქტურებში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თავდაცვის სამინისტროში, უშიშროების საბჭოში, სხვა წამყვან უწყებებში მოადგილეები, მათი თანაშემწეები. ანუ ის ხალხი, რომლებსაც ყოველდღიური შეეხება აქვთ საგარეო პოლიტიკის ფორმირებასა და მის შემდგომ რეალიზებასთან.


საუბარი იმის თაობაზე, თუ რა კონკრეტულ პოლიტიკას გაატარებს პრეზიდენტი ტრამპი ზოგადად ან რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მიმართ, ნაადრევია. თუმცა, პირველი პირების დანიშვნები სახელმწიფო დეპარტამენტში, თავდაცვის სამინისტროში, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში, ნაწილობრივ, უშიშროების საბჭოში, სოლიდურად გამოიყურება. ტილერსონმა, მატისმა, პომპეომ, სეშენსმა კონგრესში საკომიტეტო მოსმენების დროს გამოავლინეს მაღალი დონის პროფესიონალიზმი და კომპეტენცია და ამ მოსმენების დროს, უნდა აღინიშნოს, საქართველოს თემატიკამაც რამდენჯერმე და უაღრესად დადებით კონტექსტში გაიჟღერა. ისიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უაღრესად მყარია საქართველოს პოზიციები კონგრესში. ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერთა ორპარტიული კონსენსუსი ძლიერდება. თუმცა ამ ყველაფერს ყოველდღიური მუშაობა დაჭირდება და ეს სიმძიმე მხოლოდ საელჩოს არ უნდა დააწვეს. უაღრესად აქტიური უნდა იყოს ჩვენი დედაქალაქი - მთავრობა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განსაკუთრებით პარლამენტი. გააქტიურდეს ე.წ. ‘სახალხო დიპლომატია".


რაც შეეხება ანალიტიკოსებისა და ჟურნალისტების შეფასებებსა და პროგნოზებს, ამ მხრივ საზოგადოება „ინფორმაციულ შიმშილს" ნამდვილად არ განიცდის. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეფასებების უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში ის, რაც ამერიკიდან მოდის, ნეგატიური ხასიათის გახლავთ. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერჯერობით ვერ დაიმსახურა თუნდაც მასმედიის წარმომადგენლების კეთილგანწყობა, რაც ტრადიციულად ახასიათებს ნებისმიერი ახალი პრეზიდენტის საქმიანობის პირველ 100 დღეს. შესაძლოა, ამას თავისი მიზეზები და ნუანსები აქვს, თუმცა ეს მაინც ამერიკელების საშინაო თემებია და მათ ამერიკელები ჩვენი, ხშირად ზედმეტად ეგზალტირებული რჩევების და კომენტარების გარეშე გადაწყვეტენ. მე ამას რჩევის სახით ვამბობ ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ ექსპერტის გასაგონად.

 

- შეიძლება ითქვას, რომ ტრამპის გუნდს მკაფიოდ აქვს განსაზღვრული და ჩამოყალიბებული ხედვები ევროპის, NATO-ს, პოსტსაბჭოთა სივრცის, იგივე ჩინეთის მიმართ? რუსეთის თემას ჩვენ ცალკე შევეხებით. მოგეხსენებათ, ამ თემებზე პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპს საკმაოდ განსხვავებული განცხადებები აქვს გაკეთებული. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორი იქნება თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა ევროპის, NATO-სა და პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ?

 

- საქმე სწორედ ის გახლავთ, რომ არც ტრამპს და არც მის ადმინისტრაციას არ აქვს ჯერ მკაფიო ხედვა. არსებობს მხოლოდ გარკვეული გამონათქვამები და შეფასებები რომელთა უმრავლესობა თითქმის ყოველდღე იცვლება, მაგრამ ჯერ არ არსებობს საგარეო პოლიტიკა, როგორც ასეთი. ამიტომ, დაველოდოთ ახალ დანიშვნებს ადმინისტრაციის სხვადასხვა პოსტებზე. რამდენადაც მე ვიცი, კანდიდატებს შორის არიან ძალიან გამოცდილი და ჩვენთვის ცნობილი პიროვნებები და ვიმედოვნებ, მათი გავლენა პოლიტიკაზე ჩვენთვის დადებითი იქნება. თუმცა, აჯობებს დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებებს.


მაგრამ „ლოდინი" არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიყოთ აქტიურები, არ გავახმოვანოთ და გავასაჯაროვოთ ჩვენი შეხედულებები და მიზნები, გვქონდეს შეხვედრები ამერიკის პოლიტიკურ წრეებთან, მასმედიის წარმომადგენლებთან, მათ შორის იმ ადამიანებთან, რომელთა გვარი განიხილება სხვადასხვა მაღალი რანგის პოსტების დასაკავებლად. მე მქონდა ამგვარი შეხვედრები. ბევრი მათგანი ჩემი ძველი ნაცნობია, ზოგიც მეგობარი. მათთან ძალიან საინტერესო საუბრები შედგა.

 

- ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ და საქართველოში განსაკუთრებით, გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში მსოფლიოში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება. მეტიც, მსოფლიო უკვეა ახალ პოლიტიკურ რეალობაში. ვინაიდან თქვენ ვაშინგტონში იმყოფებოდით და მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან გქონდათ შეხვედრა, გაქვთ იმის განცდა, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების პერიოდში მსოფლიოში ახალი ეპოქა დაიწყება და ახალი რეალობის კონტურები უკვე გამოკვეთილია?


- უკვე გესაუბრებოდით, რომ დონალდ ტრამპის შემოჭრა ამერიკულ და ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში თვისობრივად არაორდინალური მოვლენაა და როგორც ყველაფერი არაორდინარული, არაპროგნოზირებადი იყო. თუმცა, ეს უკვე ფაქტია და მსოფლიო, თუმცა ძნელად, მაგრამ მაინც ეგუება ამ რეალობას. ეგუება და აანალიზებს პრეზიდენტ ტრამპის კომენტარებს და მოსაზრებებს. რამდენად მოხდება ამ გამონათქვამების ცხოვრებაში რეალიზება ამ მომენტისათვის ძნელად სათქმელია. ეს უკვე პრეზიდენტ ტრამპის პირველმა ნაბიჯებმა თუნდაც მიგრანტების ახალი ნაკადის ამერიკაში შემოშვებასთან დაკავშირებით დაგვანახა.


გასაგებია, რომ გლობალიზაციის მიმართ არსებობს კონკრეტული პრეტენზიები, უაღრესად გაძლიერდა ანტი-გლობალისტური ტენდენციები, პოლიტიკაში გაჩნდა მძლავრი ნაციონალისტური მუხტი, რამაც განაპირობა კიდეც ტრამპის გამარჯვება. თუმცა, ასე ადვილად, თუნდაც ამერიკის პრეზიდენტის სურვილისამებრ, გლობალიზაციის ტენდენციები და დინებები ვერ გაქრება. აბა დააკვირდით - თავად ამერიკის შეერთებული შტატებია ღრმად ჩართული ამ მასშტაბურ პროცესებში. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერი - უსაფრთხოება, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, ქვეყნების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი განუყოფელია. ეს ერთმანეთთან გადაჯაჭვული პროცესებია.


ექსპერტული წრეები ხშირად საუბრობენ, მაგალითად, ლიბერალიზმის დეგრადაციაზე, პოსტ-ლიბერალიზმის და „კონტრ-ლიბერალიზმის" დამკვიდრებაზე. გასაგებია, რომ მსოფლიო იცვლება და ეს ტრამპის გაპრეზიდენტობის გამო არ ხდება - ეს ტენდენციები ადრეც იკვეთებოდა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ თავად დონალდ ტრამპი ლიბერალური, დემოკრატიული ფასეულობების, რაზეც დამკვიდრებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფროებრივი იდეოლოგია, შეუპოვარი მოწინააღმდეგეა. რამდენად შეძლებს ბატონი ტრამპი მართოს ამერიკა მხოლოდ პოლიტიკურ ინსტინქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მეშვეობით - ამას უკვე დრო გვანახებს.


არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ევროპა და არა ნაკლებად მყარი ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობები. ევროკავშირი ასე ადვილად არ დათმობს მოპოვებულ პოლიტიკურ პოზიციებს. სხვათა შორის, ამის თაობაზე ევროპელმა ლიდერებმა საკმაოდ ხისტად ისაუბრეს და ღიად გააკრიტიკეს პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთი მოსაზრება.

- მოგეხსენებათ, პრეზიდენტ ტრამპს რუსეთთან მიმართებაში ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები აქვს გამოთქმული. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის სავარაუდო ურთიერთობებზე ასევე დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის. რამდენად შემაშფოთებელია ოფიციალური თბილისისთვის ტრამპის დამოკიდებულება რუსეთისა და პირადად ვლადიმირ პუტინის მიმართ?


- ერთია განცხადებები და მეორეა რეალობა - კონკრეტული ნაბიჯები და გადაწყვეტილებები რუსეთთან მიმართებაში. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მთავარი საგარეო პრიორიტეტები, როგორც ეს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, იქნება ტერორიზმთან ბრძოლა, ბირთვული განიარაღების პროცესი და საერთაშორისო ვაჭრობა. თუმცა, მოქმედების სტილისტიკიდან გამომდინარე, ეს პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა თემებზე ითანამშრომლებენ და რა საკითხებზე გადაიკვეთება ამერიკისა და რუსეთის ინტერესები, რა დოზით იქნება შესაძლო ინტერესთა "გადაკვეთის" რეალიზება. ეს ვერ იქნება ადვილად პროგნოზირებადი და ცალსახად წარმატებული ურთიერთობები. 100%-იანი თანხვედრა ამგვარ დიალოგში გამორიცხულია, რადგან ძალიან განსსხვავებულია ამერიკის და რუსეთის სტრატეგიული ინტერესები და მიზნები. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას უახლოესი თვეების განმავლობაში.


მე ხშირად მითქვამს და ბევრჯერ ჩემი მოსაზრება კრიტიკულ ქარცეცხლში გაუტარებიათ: ურთიერთობების ნორმალიზება ხელს შეუწყობდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების უფრო აქტიურ ჩართულობას ჩვენი პრობლემების მოგვარებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ამოვარდეს მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგიდან, პირიქით, ეს დიალოგი უფრო აქტიური უნდა გახდეს და ჩვენი პრობლემატიკა გლობალური პოლიტიკის უფრო დიდ და კომპლექსურ კონტექსტში უნდა ჩაჯდეს. მე ამ მხრივ მხოლოდ მოსაზრებას გამოვთქვამ.


რა თქმა უნდა, არსებობს სხვა მოსაზრებები და მიდგომები, არსებობს 2008 წლის შედეგები, არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, გაყოფილი სოფლები, ოჯახები, სასაფლაოები, დევნილი მოსახლება. და რა თქმა უნდა, - არ არსებობს გარანტიები, რომ რუსეთთან ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებლად და მყისიერად დადებით შედეგს მოიტანს. თუმცა ცნობილია ის, თუ რა შედეგი მოგვიტანა ხისტმა რიტორიკამ და გაუთვლელმა მოქმედებებმა. ის რომ რუსეთს აგრესიული პოლიტიკა ჰქონდა კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ, ეს 2008 წლამდეც ცნობილი იყო.

 

- რუსეთისადმი აშშ-ს დამოკიდებულება, სავარაუდოდ, მაშინ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება, როცა აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია თავის დამოკიდებულებას გაამჟღავნებს რუსეთის მიმართ დაწესებული ეკონომიკური სანქციების მიმართ. თქვენი დაკვირვებით, გამართლდება კრემლის ვარაუდი, რომ აშშ რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს ან მოუხსნის, ანაც მნიშვნელოვნად შეურბილებს?

 

- ინაუგურაციამდე 1 კვირით ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა - თუ რუსეთი დაეხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებს და ერთად იმუშავებენ პრობლემების გადასაჭრელად, არის შესაძლებლობა რომ რუსეთს სანქციები მოეხსნას. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ იმავე თემაზე მისი პოზიცია თავშეკავებული გახლდათ - ჯერ ადრეა დისკუსიის წამოწყება რუსეთის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებითო. ამ შემთხვევაშიც ურთიერთგამომრიცხავი პოზიციები მოვისმინეთ და ალბათ დამეთანხმებით, რომ რთულია ამგვარ ვითარებაში სწორი პროგნოზი. ზოგადად, სანქციის იდეა არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დამრღვევის დასჯა, არამედ მისი ქმედებების ცვლილების მცდელობაცაა. ამ კონტექსტში ჩვენ არ გვაქვს არავითარი ცვლილება უკრაინის საკითხზე, პირიქით, სახეზეა საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია, შესაბამისად, არალოგიკური იქნებოდა სანქციების მოხსნა რუსეთის მხრივ თუნდაც ტაქტიკური ცვლილებების გარეშე, სტარტეგიულზე რომ არაფერი ვთქვათ.


გარდა ამისა, კრემლისათვის სანქციების ხელაღებით გაუქმებას ამერიკის კონგრესში ორპარტიული წინააღმდეგობა მოჰყვება და შესაბამისად, გაართულებს ურთიერთობებს კონგრესსა და პრეზიდენტს შორის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ვიმეორებ, ამგვარ ნაკლებად პროგნოზირებად გარემოში არაფერია გამორიცხული. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე რუსეთისთვის სანქციების სრულად მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა ფაქტია, რომ პრეზიდენტ ტრამპს მის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება მიაჩნია. ეს რამდენად შესრულებადია - ამას დრო გვაჩვენებს.


თუმცა, მკითხველს მინდა შევახსენო, რომ მეორე ომისშედგომი ყველა ახალი ამერიკის პრეზიდენტი მიზნად სწორედ რუსეთთან, მაშინ ამ ქვეყანას „სსრკ" ერქვა, ურთიერობების გაუმჯობესებას ისახავდა.


სხვათა შორის, ისიც უნდა ავღნიშნო, რომ თითქმის ყველა ჩემმა ამერიკელმა კოლეგამ, მათ შორის მათაც, რომლებიც ვაშინგტონში „ანტირუსულ" პოლიტიკოსებად არიან ცნობილი, გვირჩია ე.წ. „კარასინ-აბაშიძი ფორმატის" შენარჩუნება. მათი აზრით დიალოგი რუსეთთან თუნდაც მხოლოდ სავაჭრო და ეკონომიკურ თემებზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე უადვილებთ მათ იმავე რუსებთან საქართველოს „რთულ საკითხებზე" დალაპარაკებას. თუმცა კარგად ესმით, რომ ამგვარ ფორმატს თავისი ლიმიტები და დღის წესრიგი გააჩნია.

 

- აშშ-ის სამხრეთ კავკასიურ პოლიტიკაზე წამყვანი რუსი ექსპერტების მოსაზრებები ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. აზრის განსხვავებულობა ერთნაირად შეიმჩნევა იმ რუს ექსპერტებში, რომლებიც კრემლთან დაახლოებულად მიიჩნევიან. ერთნი თვლიან, რომ ვაშინგტონი დაივიწყებს სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოს, მეორენი კი პირიქით, არ გამორიცხავენ რომ სწორედ ტრამპის პრეზიდენტობისას კიდევ უფრო გაღრმავდება აშშ-ის ურთიერთობები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, მათ შორის, განსაკუთრებით, საქართველოსთან. ამ თემაზე თქვენი აზრი როგორია?


- ზოგადად, სამხრეთ კავკასია მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის კუთხით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის სტრატეგიულ ინტერესებში. მოგეხსენებათ, სამხრეთ კავკასია საკმაოდ ტურბულენტური რეგიონია, სადაც მეზობელი ძლიერი სახელმწიფოების ინტერესების ურთიერთკვეთა ხდება. შესაბამისად, აშშ-ის ბოლო სამი ადმინისტრაციის მხრიდან რეგიონს, პრინციპში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა.


ჩემი აზრით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ყველაფერი სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება აშშ-ის ურთიერთობები რეგიონის სამ მთავარ მოთამაშესთან - რუსეთთან, თურქეთსა და ირანთან მიმართებაში და რა რეალურ განზომილებას მიიღებს ტრამპის მიერ გამოცხადებული ანტიტერორისტული პოლიტიკა და მთლიანობაში ამერიკის პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და კონკრეტულად სირიასთან მიმართებაში. ბევრია ლაპარაკი იმის თაობაზე, თუ მოხდება „დიდი სტრატეგიული გარიგება", რაზეც ხშირად საუბრობენ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები და ექსპერტები. პირდაპირ გეტყვით, ჩემი აზრით, ეს ყავაზე მარჩიელობას ჰგავს და არავინ არ იცის რაზე ლაპარაკობენ ან შეიძლება დაილაპარაკონ მსოფლიოს ლიდერებმა. საერთოდ, ტერმინი „გარიგება" ბიზნესიდან წამოვიდა, თუმცა, მას პოლიტიკაშიც ხშირად იყენებენ. რამდენად ეფექტური და შედეგიანი იყო ეს მეთოდი თუ კონკრეტული პოლიტიკის რეალიზების ფორმა, სხვა საუბრის თემაა.


დღევანდელი გლობალური პოლიტიკა რთული ფაქტურაა, ბევრ შემთხვევაში წინააღმდეგობრივი ინტერესების კომპლექსი და კონტექსტი. საქმეს ართულებს ისიც, რომ ამ „ინტერესების" ინტერპრეტირება რადიკალურად განსხვავდება "ვაჭრობაში" მონაწილე პიროვნებების თუ სახელმწიფოების მიერ. თავად ტერმინოლოგიურად, მაგალითად, „სტაბილურობა", „უსაფრთხოება", "სამეზობლო", „რეგიონი", თუნდაც ტერმინი „გარიგება", სხვადასხვანაირად ესმით რუსებს, ინგლისელებს, ფრანგებს, თურქებს, ირანელებს თუ ამერიკელებს.


აქედან გამომდინარე, რამე ერთობლივ ინტერესებზე შეჯერება არ იქნება ადვილი. განსაკუთრებთ თუ ეს ისახავს სხვა, „მესამე" ქვეყნების ინტერესებს და ან მათი ინტერესების და სტრატეგიული მიზნების ხარჯზე რაიმე „გარიგების" მიღწევას. სხვათა შორის, ამ თემებზე მე საკმაოდ ვრცელი საუბარი მქონდა ჩემ ამერიკელ კოლეგებთან, და გასაგებია, რომ მე ამ კონტექსტში, პირველ რიგში, საქართველოს ინტერესების დაცვა მაინტერესებდა. როგორც ავღნიშნე, შედგება ეს „დიდი გარიგება" თუ რაღაც „კომპრომისი", მარჩიელობის და აკადემიური მსჯელობის საგანია, მაგრამ ფაქტია ის, რომ ჩვენ ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალყური მიმდინარე გლობალურ დისკურსს, ვიყოთ ამ პროცესში აქტიურად ჩართულები და შეუპოვრად დავიცვათ ჩვენი პოზიციები.


არანაკლებად მნიშვნელოვანი იქნება იმ პოლიტიკური კურსის შენარჩუნება და გაღრმავება, რაც დღევანდელმა მთავრობამ დაისახა. ამ კონტექსტში ჩვენი ქვეყანა განიხილება როგორც დემოკრატიის და რეფორმების გატარების პიონერი ქვეყანა, საიმედო და პროგნოზირებადი სახელმწიფო და როგორც ამერიკელები აღნიშნავენ, ფასეული, ღირებული პარტნიორი და თუ ვინმე, დაუშვათ, ფიქრობს რაიმე „გარიგების" შესახებ, ეს ჩვენ მუდმივად უნდა შევახსენოთ.


- საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარ ალექსანდრა ჰოლ ჰოლის აზრით, საქართველოდან ამერიკის ადმინისტრაციამ ძლიერი მესიჯი უნდა მიიღოს". თქვენ რა მესიჯი ჩაიტანეთ თბილისიდან ვაშინგტონში? თქვენი შეფასებით, საქართველოსთან მიმართებაში ვაშინგტონის პოლიტიკაში რა სიახლეებია მოსალოდნელი? კვლავ დარჩება აშშ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, რის შესახებაც მხარეებმა შესაბამის დოკუმენტს 2009 წელს მოაწერეს ხელი? გააგრძელებს ვაშინგტონი საქართველოსთვის სამხედრო სფეროში დახმარებას თუ არა? ასევე საინტერესოა, დადგება თუ არა დღის წესრიგში აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხი?


- ვაშინგტონში, როგორც უკვე ავღნიშნე, ჩვენ გვაქვს მყარი ორპარტიული მხარდაჭერა. ამას შემთხვევით არ ვაცხადებთ, ვინაიდან ამ ფაქტორის მნიშვნელობა ნამდვილად არ არის გადაჭარბებული. ეს გულისხმობს 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. ამერიკელების მიერ ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, გნებავთ ფსიქოლოგიურ „ინვესტიციას". ჩვენი გზავნილები მკაფიოა ახალ ადმინისტრაციასთან მიმართებაში და ჩვენი ამოცანაა, თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნას აშშ-სა და საქართველოს შორის.


საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ჩვენს რთულ რეგიონში. საქართველო წარმატებული ქვეყნის მაგალითია და ინვესტიციამ (პოლიტიკური თუ ფინანსური), რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა საქართველოს განვითარებაში, ქმედითი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნის თვალსაზრისით რეალური შედეგი გამოიღო.


საქართველო აქტიურად მონაწილეობს ანტიტერორისტულ და სამშვიდობო მისიებში ავღანეთსა და ერაყში. ჩვენი სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იბრძვიან. ყურადსაღებია ტრამპის განცხადებები, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები არ ხარჯავენ საკმარის რესურსებს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. აქ ჩვენ ძალიან კარგი პოზიცია გვაქვს. ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი ერთიანი ეროვნული შიდა პროდუქტის 2 პროცენტზე მეტია და საქართველოს წვლილი NATO-ს სამშვიდობო ოპერაციებში ბევრ NATO-ს ქვეყანაზე მეტია. საქართველო შესაძლოა პატარა ქვეყანაა, მაგრამ მას დიდი გეოპოლიტიკური წვლილი შეაქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამას ყველაფერს ჩვენ სულ ვიმეორებდით შეხვედრების დროს ვაშინგ

ტონში თუ მის გარეთ.


ჩვენ ვამბობდით იმასაც, რომ გვსურს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო დაინახოს ე.წ. „განსხვავებული ლინზით". გასაგებია, რომ ჩვენ კვლავ დაგვჭირდება დასავლეთის და განსაკუთრებით ამერიკის დახმარება ჩვენი უმწვავესი პრობლემების დარეგულირების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი გააჩნია ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში. საქართველოს როლი, როგორც ენერგო და სატრანზიტო დერეფნისა, კვლავ აქტუალურია. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის და რომლის მშენებლობაშიც უკვე 2 ამერიკული კომპანიაა ჩართული. საქართველოს დიდი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია და ჩვენი სურვილია დავაინტერესოთ ამერიკული კომპანიები ჩვენს ქვეყანაში არსებული შესაძლებლობებით.


ჩვენ უნდა შევძლოთ და დავანახოთ ჩვენ უცხოელ პარტნიორებს, რომ საქართველო არის არა პრობლემა, ახალი თავის ტკივილი, არამედ ახალი ბიზნეს-შესაძლებლობა, საიმედო პარტნიორი დიდ გლობალურ ეკონომიკურ თუ სავაჭრო პროექტებში. რაღა თქმა უნდა, ჩვენ საუბრები გვქონდა ჩვენ რთულ რეგიონზე, სამეზობლოზე, რომელთანაც ისტორიული კავშირები გაგვაჩნია, მათ შორის ეკონომიკური და სავაჭრო. ეს ის უდიდესი პოტენციალია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ სრულად უნდა გამოიყენოს და გამოიყენოს, მაგალითად, თუნდაც ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით. საქართველო შეიძლება გახდეს საკვანძო, საბაზისო ქვეყანა ევროპის ურთიერთობებში აღმოსავლეთის მიმართულებით. ისიც უნდა გითხრათ, რომ ჩვენ საუბრებში ხაზს ვუსვამდით იმას, რომ საქართველო აღარ არის „პოსტ-საბჭოური" ქვეყანა - ის ევროპის განუყოფელი ნაწილია, რაც კენჭისყრამ ევროპარლამენტში მკაფიოდ დაადასტურა.


მაგრამ მთავარი გზავნილი, რომელიც ჩვენ ჩავიტანეთ ამერიკაში ის გახლდათ, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ქვეყნის ევროპული, დასავლური განვითარების კურსს და ჩვენი ხალხი ამ არჩეულ კურსს არ გადაუხვევს და ეს ბოლო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. ეს პირველ რიგში გულისხმობს ქვეყნის განვითარებას, მისი სუვერენული განვითარების გზას რაც ევროპული და ვრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით შეუქცევადი პროცესია. ეს არ არის სტრატეგია, მიმართული ვინმეს საწინააღმდეგოდ ან საამებლად, ეს არის გზა, რომლითაც გვსურს წინსვლაზე, პროგრესზე, განვითარებაზე, სოციალურ პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული საზოგადოება ავაშენოთ. საქართველოს ესაჭიროება აშშ-ის მხარდაჭერა, რათა გაგრძელდეს დემოკრატიული განვითარების პროცესი ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები, მაგრამ არა ჩვენი სტრატეგიული ინტერესების დათმობის ან უგულველყოფის ხარჯზე. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმ გეგმის განხორციელება, რომელიც მოგვიტანს განვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლას და აშშ-ის როლი, როგორც ერთგული სტრატეგიული პარტნიორისა, ამ გზაზე საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობას, მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ახალი ადმინისტრაციის პირობებშიც უცვლელი დარჩება და სამხედრო თავდაცვითი ხასიათის დახმარება, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აქტიურად უწევს საქართველოს, გაგრძელდება მომავალშიც. ამის თქმის საფუძველს ის ფაქტიც მაძლევს, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივნად გენერალი ჯეიმს მეტისი დაინიშნა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, ქართულ ჯარს, ქართველ ჯარისკაცებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.


საქართველოსა და ამერიკას შორის ჩამოყალიბებულია მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგი. სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია განიხილავს საქართველო-აშშ შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმებას, თუმცა, ამ საკითხზე მოლაპარაკებები არასოდეს დაწყებულა. ზოგადად, ტრამპის ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მის მიერ დაანონსებული სტრატეგიული მიმართულებებიდან. ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე ჩვენს ამერიკელ კოლეგებთან, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების გაფორმება.

 

- პრეზიდენტმა ტრამპმა აშშ-ს საგარეო ურთიერთობებში უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა. მოგესხენებათ, აშშ-ს ყველა ელჩი მალე დატოვებს იმ ქვეყანას, სადაც ისინი არიან აკრედიტირებული. თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს, ან უკავშირდებოდეს აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ამგვარი არაორდინალური ნაბიჯი? და თუ გაქვთ ინფორმაცია, ელჩ იან კელი საქართველოში ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს?

 

- ზოგადად, ელჩების უმეტესობა, განსაკუთრებით ის კატეგორია, რომლებიც ე.წ. "პოლიტიკურ დანიშვნებს" განეკუთვნება, ადმინისტრაციის ცვლილებისას, თანამდებობას ტოვებს. აშშ-ს ამჟამად 188 ელჩი ჰყავს სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან 30 პროცენტამდე ე.წ. პოლიტიკური თანამდებობებია, ანუ აშშ-ის საგარეო პოლიტიკისათვის მნიშვნელოვანი ქვეყნები, სადაც მხოლოდ კარიერული დიპლომატები ინიშნებიან. მოგეხსენებათ, ნაკლებად მნიშვნელოვან ქვეყნებში, ტრადიციულად, ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტები საარჩევნო კამპანიის დონორებს ნიშნავენ.


პრეზიდენტ ობამასგან ელჩებმა ერთი თვით ადრე მიიღეს ფორმალური შეტყობინება, რომ გადადგომის განცხადებები 20 იანვარს, ინაუგურაციის დღისთვის, წარედგინათ. ეს ამერიკაში მიღებული ტრადიციაა, რაც ახალ პრეზიდენტს საკუთარი კანდიდატების დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს. აჟიოტაჟი იმან გამოიწვია, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვან ქვეყნებში, ელჩებს რამდენიმე კვირით და თვითაც უგრძელებენ-ხოლმე უფლებამოსილებას, მათივე თხოვნის საფუძველზე, რათა ელჩებმა ოჯახების გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები მოაგვარონ.


თუმცა, ამჯერად ასე არ მოხდა და ახალმა ადმინისტრაციამ ელჩებს უფლებამოსილება არ გაუგრძელა. მათ მოვალეობებს საელჩოების რანგით მეორე პირები ასრულებენ და როგორც ვარაუდობენ, ახალ დანიშვნებს რამდენიმე თვეში დასჭირდება. ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის ბატონ იან კელის აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე საქართველოში.


საქართველო შეიძლება გახდეს საკვანძო, საბაზისო ქვეყანა ევროპის ურთიერთობებში აღმოსავლეთის მიმართულებით, ვინაიდან საქართველო აღარ არის „პოსტ-საბჭოური" ქვეყანა - ის ევროპის განუყოფელი ნაწილია, რაც ევროპარლამენტში გამართულმა კენჭისყრამ მკაფიოდ დაადასტურა

 

- აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს რომ საქართველოს დელეგაცია NATO-ს 2017 წლის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე გაავრცელა ცნობა, რომ NATO-ს ყოველწლიურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად პრეზიდენტი გ. მარგველაშვილი გაემგზავრება. ცნობილია, რომ თებერვლის ბოლოს დაგეგმილია მიუნხენის კონფერენცია, რომელზეც უსაფრთხოების საკითხები განიხილება. ჯერ უცნობია მასში მონაწილეობას მიიღებს თუ არა აშშ-ს პრეზიდენტი, მაგრამ თუ გაქვთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები თუ მიიღებენ მასში მონაწილეობას და თუ - კი, სავარაუდოდ, ვინ გაემგზავრება მიუნხენში?

 

- საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი NATO-ში ინტეგრაციის პროცესისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს საიმედო და კონსტრუქციული ასპირანტის იმიჯი და არ გამოვჩნდეთ არაადეკვატურები. ამ მხრივ სრულიად კონკრეტული და მნიშვნელოვანი მიღწევებია სახეზე. არასოდეს ყოფილა საქართველოსა და NATO-ს შორის ურთიერთობები ასეთი ინტენსიური. მომავალ ე.წ. „მინი-სამიტზე", რომელზეც ტრადიციულად NATO-ს წევრი-ქვეყნების მეთაურები ხვდებიან დახურულ ფორმატში, საქართველოს მონაწილეობა არ ყოფილა გათვალისწინებული და ეს ადრეც არ მომხდარა. ამიტომ ქართული დელეგაციის ამ „მინი-სამიტზე" ფიზიკურ ყოფნა არყოფნაზე საუბარი ულოგიკო და არაადეკვატურია.


რაც შეეხება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას, ამ ფორუმზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ქვეყნის პირველი პირის დონეზე გავმართოთ შეხვედრები ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის წევრებთან. ჩვენს დელეგაციაში ასევე იქნებიან საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები. თუ რა მოხდება ამ კონფერეციაზე, ამას მოგვიანებით მოგახსენებთ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner