„ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციებამდე" - საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მხატვარ თემო გოცაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნა და გაიმართა მხატვრის კატალოგის პრეზენტაცია.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
ცნობილი ქართველი ხელოვანი თემო გოცაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის , „ხელოვნების ქურუმის" წოდებით დააჯილდოვა.
„მინდა გისურვოთ, რომ კიდევ დიდხანს გქონოდეთ შემოქმედებითი ენერგია. გილოცავთ „ხელოვნების ქურუმის" წოდებას და გისურვებთ შემოქმედებით სიმდიდრეს, რაც დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ახალი ნამუშევრებით," - აღნიშნა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
ექსპოზიციაზე გამოფენილია მხატვრის მიერ შესრულებული 140 ნამუშევარი, მათ შორის მონუმენტური აბსტრაქციები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია 2015 წელს შექმნილი ვეფხისტყაოსნის გრაფიკული სერია.