ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის" პირად გვერდზე ფედერალური მოსამართლე გააკრიტიკა, რომელმაც საიმიგრაციო კონტროლის გამკაცრებაზე ტრამპის განკარგულება დაბლოკა.
„მოსამართლემ ქვეყნის კარები გაუღო პოტენციურ ტერორისტებს. ვერ ვიჯერებ, რომ მოსამართლემ ასეთ საფრთხეში ჩააყენა ჩვენი ქვეყანა. თუ რაიმე მოხდება, მას დააბრალეთ და სასამართლო სისტემას", - წერს დონალდ ტრამპი.
მისივე განაცხადებით, უსაფრთხოების სამსახურებს დაავალა აშშ-ში შესული ადამიანების საფუძვლიანი შემოწმება და აღნიშნა, რომ სასამართლოები ძალიან ართულებენ მუშაობას ამ კუთხით.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეტანილი სარჩელი არ დააკმაყოფილა. თეთრი სახლის ახალმა ლიდერმა სიეტლის ფედერალური სასამართლოს მიერ 4 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საიმიგრაციო განკარგულების მოქმედების აღდგენა მოითხოვა, რომელიც შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში შესვლას უკრძალავდა.
ფედერალური სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ქვეყანაში ანულირებული ვიზების აღდგენა დაიწყო. მიგრანტების აკრძალვის განკარგულების გაცემის მომენტიდან ჯამში 100 ათასი ამერიკული ვიზა გაუქმდა.