logo_geo
eng_logo
მამუკა ახვლედიანი მორიგ სკანდალში ეხვევა – როგორ აღმოჩნდა მის ხელში მრავალმილიონიანი ქონება
- +

6 თებერვალი. 2017. 13:17




„საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მორიგ სკანდალში ეხვევა", - ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი" აქვეყნებს.


გამოცემის ინფორმაციით, მამუკა ახვლედიანს კავშირები აქვს კვიპროსის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიასთან. ასევე, მას ბიზნესურთიერთობები აკავშირებს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან.


„პრაიმტაიმთან" საუბრისას, „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, რომ სასამართლო სისტემიდან წასვლის შემდეგ, მამუკა ახვლედიანის ოჯახი არათუ „მშიერი დარჩა", არამედ მილიონებად შეფასებული ქონება შეიძინა.


აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სტატიის ავტორმა თვალი ახვლედიანის მიერ შევსებულ ბოლო სამი წლის დეკლარაციებს გაავლო, თუმცა როგორც სტატიის ავტორი აცხადებს, მილიონები არსად ფიგურირებს. ბოლოს, 2016 წლის 14 ივნისით დათარიღებულ ქონებრივ დეკლარაციაში ახვლედიანის სახელზე უძრავი ქონება საერთოდ არ ფიქსირდება. მისი მეუღლის, ქეთევან აბესაძის სახელზეა რეგისტრირებული ორი ბინა თბილისში, იყალთოს ქუჩაზე (96 და 119 კვ.მ ფართობი) და 2013 წელს გამოშვებული მსუბუქი ავტომობილი NISSAN JUKE . საბანკო ანგარიშები კი ასე გამოიყურება: მამუკა ახვლედიანი -17 ათასი ლარი და 40 ათასი აშშ დოლარი, სესხი ("ამერიკან ექსპრესი") 3500 აშშ დოლარი. ქეთევან აბესაძე - 1540 ლარი. დეკლარაციის შევსების მომენტში, ოჯახს ნაღდი ფულადი თანხა არ აღმოაჩნდა.


წლიური შემოსავალი: მამუკა ახვლედიანი-97 588 ლარი, ქეთევან აბესაძე-27 405 ლარი, ნინი ახვლედიანი (შვილი)-15 725 ლარი. გასავალი-10 ათასი ლარი, შვილების სწავლის საფასურის სახით.


როგორც გამოცემა წერს, ახვლედიანის დეკლარაცია მართლაც კეთილსინდისიერი მოხელის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემები საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს. „პრაიმტაიმის" ცნობით, რეესტრის მონაცემებით, მამუკა ახვლედიანის ოჯახის სახელზე მილიონებად შეფასებული უძრავი ქონება ირიცხება.


საუბარია თბილისში, პოლიტკოვსკაიას N3-ში მდებარე 3079 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე დამაგრებულ შენობა-ნაგებობაზე. იქ განთავსებულია თბილისში ცნობილი სკოლა „ოლიმპი". ქონება შპს „ოლიმპი თბილისი +"-ის საკუთრებაა. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ კომპანიის 66-პროცენტიანი წილი 2016 წლის 29 ნოემბერს ახვლედიანმა შეიძინა, რაშიც 800 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა. რამდენიმე დღეში კი, კერძოდ, 2 დეკემბერს, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, 50-პროცენტიანი წილი მეუღლეს, ქეთევან აბესაძეს, 16-პროცენტიანი წილი კი მის ქალიშვილს, ნინი ახვლედიანს გადაუფორმა. დანარჩენი 3-4-პროცენტიანი წილის მესაკუთრედ, საჯარო რეესტრის ამონაწერში, ახვლედიანების სიძე, ნინი ახვლედიანის ქმარი - მანუჩარ გუგეშაშვილია მითითებული. ეს უკანასკნელი „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მამუკა გუგეშაშვილის ვაჟია.


რეესტრის ამონაწერის თანახმად, მას შემდეგ, რაც მამუკა ახვლედიანმა შეიძინა და საკუთარი ოჯახის წევრებზე გადაანაწილა შპს „ოლიმპი თბილისი +"-ის წილები, კომპანიის ქონება „პროკრედიტ ბანკში" დაგირავდა. ნიშანდობლივია, რომ აქციების შესყიდვა მოხდა 29 ნოემბერს, საბანკო დაწესებულებიდან სესხის აღება კი მოგვიანებით, თითქმის წლის ბოლოს.


„პრაიმტაიმი" დაინტერესდა, თუ როგორ შეძლო 800 ათასი დოლარის მობილიზება ახვლედიანმა, რაც დაახლოებით მოსამართლის 40 წლის ხელფასს უდრის. გამოცემასთან საუბრისას, ახვლედიანი ირწმუნება, რომ აღნიშნული ქონება საბანკო კრედიტით შეიძინა, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, საჯარო რეესტრში წილების გაფორმების მომენტში, ქონება ბანკის იპოთეკით დატვირთული არ ყოფილა. ამასთან, ეჭვს იწვევს უძრავი ქონების გარიგების ფასიც. ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას 3079 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული გარემონტებული, ფუნქციონირებადი შენობა-ნაგებობის 66-პროცენტიანი წილიც კი მრავალჯერ აღემატება მამუკა ახვლედიანის მიერ გადახდილ თანხას და მისი სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 6 მილიონ აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს.


გამოცემასთან საუბრისას, ახვლედიანი კომპანია „ოლიმპი თბილისი +"-ის მის საკუთრებაში არსებობას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ აღნიშნული ქონება მთლიანად კრედიტით არის შეძენილი.


„თვითონ სკოლას ჩემამდე ჰქონდა კრედიტი 2,6-წლიანი, ეს ვადა 10 წლამდე გაიზარდა და შეიცვალა კრედიტის ოდენობა. რეალურად, როგორც ასეთი, ფული არც ამიღია. ჩემი ავტორიტეტიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ „პროკრედიტი" არის გერმანული ბანკი და არა პროსახელისუფლებო, ჩემი პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე, გამიწიეს შეღავათი და კრედიტის ვადაც და თანხის ოდენობაც გამიზარდეს", - განაცხადა ახვლედიანმა.


2,6-წლიანი კრედიტი, რომელზეც მამუკა ახვლედიანი საუბრობს, კომპანიას ნამდვილად ჰქონდა აღებული, თუმცა ამავე მონაცემებით, ახვლედიანის მიერ წილების შეძენიდან რამდენიმე დღეში, გირავნობის ვალდებულება მოიხსნა და სავარაუდოდ, კერძო იპოთეკარს დაახლოებით 1 მილიონ 600 ათასი დოლარი სრულად აუნაზღაურდა.


როგორც „პრაიმტაიმი" წერს, „ოლიმპი თბილისი +" არ არის ერთადერთი, სადაც საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის ინტერესები იკვეთება. გარდა ამ მსხვილი შენაძენისა, მისი სახელი ფიგურირებს ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიაშიც. საუბარია „Daviton investments"-ზე , რომელიც საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის აშენებას გეგმავდა. კომპანიის რეალური ბენეფიციარი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მის უკან უკრაინული ბიზნესჯგუფი დგას. კომპანიამ, საქართველოში საქმიანობის მიზნით, დააფუძნა შპს „ჰიდრო ენერჯი ქონსთრაქშენი", რომლის წილები, საჯარო რეესტრის მონაცემებით, შემდეგნაირად ნაწილდება: 50 პროცენტი - „Daviton investments", 25 ფროცენტი შპს - „ფორსი", რომლის 100-პროცენტიან წილს ფლობს „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ყოფილი დეპუტატი ვახტანგ ბალავაძე და 25 პროცენტი - შპს „ახვლედიანის საკონსულტაციო ბიურო", რომლის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი მამუკა ახვლედიანია.


აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერში „ჰიდროენერჯი ქონსთრაქშენის" ოფიციალურ ელფოსტად მითითებულია mamukaakhvlediani@yahoo.de. იგივე ელფოსტაა გამოყენებული შპს „ახვლედიანის საკონსულტაციო ბიუროს" რეგისტრაციისას. საგულისხმოა ისიც, რომ „ჰიდროენერჯი ქონსთრაქშენის" იურიდიული მისამართია თბილისი, იყალთოს ქუჩა N26. აღნიშნულ მისამართზე განთავსებული უძრავი ქონება მამუკა ახვლედიანის მეუღლის, ქეთევან აბესაძის საკუთრებაშია.


გამოცემასთან საუბრისას, მამუკა ახვლედიანმა, ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიასთან ყოველგვარი კავშირი უარყო, თუმცა სრულიად საპირისპიროზე მეტყველებს 2016 წლის 30 აგვისტოს „Daviton investments"-ის მიერ გაცემული მინდობილობა, სადაც წერია: „ბატონ მამუკა ახვლედიანს მიენიჭოს უფლებამოსილება, კომპანიის სახელით იმოქმედოს და ხელი მოაწეროს ნებისმიერ საბუთს, რომელიც საჭირო იქნება სუბსიდიარი კომპანიის -„ჰიდროენერჯი ქონსთრაქშენის" ჩართვისას. დოკუმენტში, ასევე, ვკითხულობთ, რომ „Daviton investments" არის კვიპროსის რესპუბლიკის კანონმდებლობის ფარგლებში დარეგისტრირებული კომპანია.


„აჰ, გასაგებია, რაზეც საუბრობთ", - განაცხადა „პრაიმტაიმთან" საუბრისას ახვლედიანმა მას შემდეგ, რაც „ჰიდროენერჯი ქონსთრაქშენ"-ში წილების გადანაწილება დაზუსტდა.


„ეს კომპანია ჯერჯერობით მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს, მას ამ ეტაპზე არავითარი კაპიტალი არ აქვს. მათ სურდათ, საქართველოში განეხორციელებინათ პროექტები და გარკვეული სახის იურიდიული სახის დახმარება მთხოვეს. ჰიდროელექტრო პროექტებზე და ჰესებზეა საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით არავითარი მოქმედება ამ მიმართულებით არ დაუწყიათ", - აღნიშნა ახვლედიანმა.


გამოცემასთან საუბრისას ოფშორულ კომპანიასთან თანამშრომლობას ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვახტანგ ბალავაძეც, თუმცა ამბობს, რომ დაგეგმილი პროექტი არ შედგა.


ცნობისთვის, ოფშორული ბიზნესი სულ უფრო მზარდ როლს თამაშობს როგორც საკრედიტო, ასევე საწარმოო ინვესტიციების მოძრაობაში, თუმცა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველოში სიტყვა ოფშორი ძირითადად, შავ ბიზნესთან და ფულის გათეთრებასთან ასოცირდება. მას ხშირად იყენებენ თვითდაფინანსებისთვის მაშინ, როდესაც ფინანსების წარმომავლობა საეჭვოა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner