შინაგან საქმეთა სამინისტრომ „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის სავარაუდო საუბრის ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ პირადი მიმოწერით, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით", - განაცხადეს სამინისტროში.
უკრაინული გამოცემა „უკრაინული რევოლუცია" საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს.
ჩანაწერში მოსამართლეებზე ზეწოლასა და ქრთამის სახით 3 მილიონი დოლარის მიცემაზეა საუბარი.
საუბარში ნახსენებია საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი.