„ქართული ოცნების" დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც გაბუნია აღნიშნავს, მისთვის გასაკვირია, რატომ მიმდინარეობს მსჯელობა პრეზიდენტის არჩევითობასთან დაკავშირებით, როდესაც საკონსტიტუციო კომისიაში ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არ არსებობს.
„ჩვენ ვისაუბრეთ პრეზიდენტის სტატუსზე და უფლებამოსილებებზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, რა ფორმით უნდა ავირჩიოთ საქართველოს პრეზიდენტი. ამიტომ ნებისმიერი წინსმწრებად გაკეთებული განცხადებები არის ცალსახად პოპულისტური", - განაცხადა გაბუნიამ და აქვე დასძინა, ხელისუფლების არცერთ წევრს არ უთქვამს, რომ კომისია მსგავს საკითხს განიხილავდა.