ავტორი არმაზ სანებლიძე
საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ახალ რეგულაციას დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებლის მოხსნას და კვალიფიციური სპეციალისტების იმ წრის განსაზღვრას, რომლებსაც ამგვარი საკითხების გადაწყვეტის უფლება ექნებათ მინიჭებული.
ინიციატივის განხილვის დროს არა, მაგრამ ტელეკამერების წინ გააქტიურებულმა ოდიოზურმა ქალბატონმა ფერაძემ და საქართველოში ორკაციანი პარტიებივით მომრავლებული რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერთხმად გაილაშქრეს ამ წინადადების წინააღმდეგ.
რატომ?
ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, დამეთანხმებით, საჭიროა გავიგოთ წარდგენილი ინიციატივის არსი და რაობა.
- ინიციატივა შეეხება დაავადებულ ხეებს, რომლებიც არ ექვემდებარება მკურნალობას, შეიძლება გახდეს ეპიდემიის კერა და გადაედოს სხვა, ჯანსაღ ხეებს, - განმარტავს დავით სონღულაშვილი.
- რისი მაგალითიც ბევრია.
- გეთანხმებით. თუ ასეთი ხეები სახელმწიფო მიწაზე დგას, მაგალითად, თბილისში, სანიტარული ჭრის განხორციელება დედაქალაქის მერიას ევალება. მაგრამ თუ კერძო საკუთრების მიწაზეა, ვინ არის პასუხისმგებელი? არავინ აბსოლუტურად!
ჩემი ინიციატივა ითვალისწინებს, დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებლის მოხსნას, რომელიც საკმაოდ დიდია.
მწვანე საფარზე ზრუნვა მხოლოდ ხის დარგვას არ ნიშნავს. უმთავრესი არსებულის შენარჩუნებაა. თუ კვლავ თბილისის მაგალითს მოვიშველიებთ, დავრწმუნდებით, რომ დაავადებულია არა მარტო ცალკეული ხეები, არამედ - კორომები. თვითმმართველობის ეს სტრუქტურა, ეტყობა, ვერ აუდის ამ საქმეს. ხოლო კერძო მეპატრონეები თავს არიდებენ მარტივი ლოგიკის გამო: თუ დაავადებული ხე ხელს არ უშლის მათ საქმიანობას, მოჭრაზე არც იფიქრებენ, ზედმეტ ხარჯს არ იტვირთავენ. აკი გითხარით, რომ მოსაკრებელი საკმაოდ საგრძნობია.
- არც განკურნებისთვის ირჯებიან.
- ესეც არის. მაგრამ დიაგნოზი ვინ უნდა დასვას? დღეს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს მიღებული ბოტანიკოსის სპეციალობა, შეუძლია გასცეს მოჭრის ნებართვა. მაგრამ ამას, ჩემი აზრით, მარტო უმაღლესი განათლება არ ჰყოფნის და სპეციალური კვალიფიკაციაც სჭირდება.
ამის დადგენა-დაკანონებაც აუცილებელია.
- თქვენი შეთავაზების კრიტიკოსების მთავარი არგუმენტი ასეთია: კერძო მესაკუთრეებმა შეიძლება საგანგებოდ დააავადონ ჯანსაღი მცენარეები და მოსაჭრელი გახადონო.
- გამორიცხულია, რადგან მსგავს შემთხვევაში ამოქმედდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და არცერთი კერძო მესაკუთრე თავს ასეთ საშიშროებაში არ ჩაიგდებს.
გვაბრალებენ, რომ ჩვენი ინიციატივა დეველოპერების საქმიანობის გაიოლებისთვისაა გამიზნული. მსგავსი არაფერია! დეველოპერები წარმატებით მუშაობენ საქართველოში და აღნიშნული პრობლემა მათ წინაშე არც დამდგარა და არც დას.
ჩვენი ინიციატივა მწვანე საფარის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. ამასთან, იგი (ინიციატივა) პირველი ნაბიჯია, მომდევნო - დეველოპერების ქალაქის გამწვანებაში ჩართვა იქნება.
- მოწინააღმდეგენი გაბრალებენ, რომ თქვენ ხართ დეველოპერული კომპანიის ხელმძღვანელი და ამ ყველაფერს პირადი სარგებლობისთვის აკეთებთ: ამ კომპანიამ უნდა ააშენოს სახლი „მზიურის" ტერიტორიაზე და მოუწევს ხეების მოჭრა თავისი პროექტის განსახორციელებლად. ამიტომაც გაისარჯეთ.
- ჯერ ერთი, არავითარი დეველოპერული კომპანია არ გამაჩნია. თუ პატივცემული კრიტიკოსები მამაჩემის და ჩემი ძმის სამშენებლო კომპანიას გულისხმობენ, მაშინ გეტყვით, რომ ეს კომპანია მართლაც აპირებს სახლის აშენებას თბილისში, რამიშვილის ქუჩაზე, იმ ადგილზე, რომელიც „მზიურს" ესაზღვრება და სადაც ამჟამად ბარაკის ტიპის საცხოვრებელი სახლები დგას. ეს ადგილი არც აღნიშნული პარკის ტერიტორიაა, არც „მზიურის" წითელ ხაზებს, არც ძველსა და არც ახალდადგენილს არ ჰკვეთს. ეს ყველაფერი ზუსტად იქნა შემოწმებული და დადგენილი ქალაქის მერიისა და საკრებულოს მიერ და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცა მშენებლობის დაწყების ნებართვა.
- ბარაკული ტიპის სახლები ახსენეთ...
- დიახ, და აქედან გამომდინარე, მშენებლობა, რომელიც აქ დაიწყება, სოციალური პროექტია, რადგან ბარაკებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან აქ არიან დასახლებული და უძნელეს პირობებში უხდებათ არსებობა, გაიუმჯობესებენ საცხოვრებელ პირობებს და, მეორე, რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქალაქის ცენტრში ბარაკების ტიპის ნაგებობების არსებობა თანამედროვე ურბანისტიკაში ანაქრონიზმია და მის გამოსწორებაში თბილისის მერია და საკრებულო სწორედაც დაინტერესებული უნდა იყოს.
- ბატონო დავით, არ მინდა შემთხვევა ხელიდან გავუშვა და შეგეკითხებით თქვენი, როგორც გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯებზე. ამომრჩევლებისთვის მიცემული დაპირებები დაპირებად ხომ არ რჩება?
- არა, რა თქმა უნდა! პირველი, რაც უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია, გურჯაანის რაიონში გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი ოთხი სოფელი - კახიფარი, ვაჩნაძიანი, კალაური და ჯიმითი სრულად არის გაზიფიცირებული.
ვაზისუბანში, რომელიც დიდი სოფელია, სავარგულებისკენ და სასაფლაოსკენ მიმავალი გზები იყო დასაგები. დღეისთვის ერთი უკვე მოასფალტებულია, მეორეზე მიმდინარეობს სამუშაოები. ველისციხის ერთ დიდ უბანში, რომელსაც ჩაჩაანის უბანს ეძახიან და რომელსაც ძალიან დიდი ხანი არ ჰქონია სასმელი წყალი, დასრულების პირზეა წყლით მომარაგების სისტემის სამუშაოები.
ჩემი პირადი კავშირებით დავამთავრეთ მოლაპარაკება და გამოვნახეთ სახსრები საფრანგეთის პროფსასწავლებელში ჩვენი სტუდენტების სასწავლებლად გასაგზავნად.
ფაქტობრივად გადაწყვეტილია გურჯაანში ტექნოპარკის გახსნის საკითხი. თბილისის ტექნოპარკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ ჩასული, გაეცნენ არსებულ პირობებს და, ვფიქრობ, წლეულსვე, აგვისტოში დაიწყებს ფუნქციონირებას ეს მრავალმხრივ მნიშვნელოვანი დაწესებულება.
ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც რთველის დროს მევენახეებს ექმნებათ, არის ბევრი ალტერნატივის არარსებობა, რადგან, რაც უფრო მეტი ღვინის ქარხანა იქნება, კონკურენციაც გაჩნდება და გლეხებს უფრო გაუადვილდებათ ყურძნის მომგებიანად ჩაბარება. ამ პრობლემის გადასაწყვეტად მუკუზანში იგეგმება 600-ტონიანი წარმადობის ღვინის ქარხნის მშენებლობა, ამავე დროს განვიხილავთ სხვა პროექტებსაც, და რაც უფრო მიახლოვდება ეს პროცესი დასასრულს, მით უფრო მალე და სრულიად შევუსრულებთ ამომრჩევლებს დაპირებას.
წინასაარჩევნო შეხვედრების დროს მევენახეები ჩიოდნენ შხამ-ქიმიკატების ვარგისიანობის გამო. მივმართე სოფლის მეურნეობის მინისტრს და მომავალ კვირაში დაგეგმილი გვაქვს სურსათუვნებლობის სამსახურთან ერთად, რომელსაც მაკონტროლებელი ფუნქცია აკისრია, შევხვდეთ იმპორტიორებს, ფერმერებს და განვიხილოთ ეს პრობლემა მისი გადაწყვეტის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების განსახორციელებლად.
მნიშვნელოვანია ბაკურციხეში ავარიული სახლების საკითხი, რომელიც ამ დღეებში ერთ-ერთმა ტელეარხმა გააშუქა. წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დააყენეს საკითხი, რომ შემოვლითმა გზამ, რომელიც ბაკურციხიდან გურჯაანისკენ მიდის, შეიძლება გააუარესოს იმ რამდენიმე კორპუსის მდგომარეობა, რომლებიც აქაა აშენებული, და ისინი საცხოვრებლად უვარგისი გახადოს. ამასთან დაკავშირებით მივმართე კომპანიას, რომელიც გზის მშენებლობას აწარმოებს, შეისწავლოს რეალური სიტუაცია და როცა შესწავლის შედეგები ხელთ გვექნება, მაშინვე მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას.
- ერთ სოფელში, ამომრჩევლებთან შეხვედრას რომ ატარებდით, რომელსაც მეც ვესწრებოდი, გამაგონეს, რომ ერთ საწყალ კაცს, რომელიც სასაფლაოს უვლიდა და დარაჯობდა, ხელფასი მოუხსნეს. თქვენამდე თუ მოაღწია ამ კაცის გაჭირვებამ?
- ამ საკითხში გავერკვიე და, როგორც ვიცი, წლევანდელ ბიუჯეტში გათვალისწინებულია სახსრები ამ კატეგორიის სამუშაო ადგილების დასაფინანსებლად. სასაფლაოების დარაჯების აღდგენაზე ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან შევთანხმდით, მაგრამ როდის დაიწყებენ ხელფასების გაცემას, სამწუხაროდ, არ მახსოვს.
- წინასაახალწლოდ რით გაახარეთ თქვენი ამომრჩევლები?
- 100-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს ჩემი ხარჯით საახალწლო ნობათი მივართვით. გამგეობის მონაწილეობით 350 ოჯახს გაეგზავნა საჩუქარი. სულ 450 ოჯახს მივულოცეთ შობა-ახალწელიწადი ასე ხელდამშვენებულებმა.
უმაღლეს სასწავლებლებში წლეულს ჩარიცხულ 10 სტუდენტს, რომლებიც შეჭირვებული ოჯახების შვილები არიან, ვაჩუქეთ უახლესი კომპიუტერები.
ერთი კვირის წინათ შეზღუდული შესაძლებლობის ოცამდე ადამიანს უფასოდ გადაეცა ინვალიდების ეტლები. ხოლო იანვრის პირველ რიცხვებში 50-მდე შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვს საახალწლო ზეიმი გავუმართეთ, რომელსაც ასეთი სლოგანი ჰქონდა: „მე ვარ თქვენი მეკვლე!"
ეს იყო პირველი პრეცედენტი, რომელსაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა, და ამას კმაყოფილებით აღვნიშნავ.
ასეთია დეპუტატის რანგში ჩემი სამთვიანი მუშაობის მოკლე ანგარიში.
მაგრამ საქმეს და პრობლემებს რა გამოლევს. ახლა მორიგი საკითხების გადასაწყვეტად ვართ მომართულები.
P.S. წინასაარჩევნო შეხვედრების დროს გურჯაანის რაიონის სოფლებში, პრაქტიკულად ყველგან, მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ წინა პარლამენტში მათ მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატი ადგილობრივ არც გამოჩენილა. რაიმე საკითხის გადაწყვეტაში მისი მონაწილეობის ვერცერთ ფაქტს ვერ იხსენიებდნენ.
დავით სონღულაშვილმა სწორედ შეხვედრებით დაიწყო და ამავე სტილში აგრძელებს: წლეულს 200-ზე მეტ ადამიანს შეხვდა და შეძლებისდაგვარად დაეხმარა.
უკან არ დაუხევია.
კვირაში 2-3 დღე აუცილებლად რაიონშია. სხვა დღეებში გურჯაანში მუშაობს დეპუტატის ბიურო, რომელიც მოსახლეობის ყოველდღიურად მიღების რეჟიმში საქმიანობს.
- ცოტა რომ დათბება, ყველა სოფლებში მივალ და, რაც შემეძლება, დავეხმარები, - მითხრა გამომშვიდობებისას.
- „ახალი ცოცხი კარგად ჰგვის?" - გავეხუმრესავით.
- გამორიცხულია! - მიპასუხა.