იყო თუ არა დარღვევები საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში? რის საფუძველზე წამოიწყო სამართლებრივი დავა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა, ამაზე „ღია მიკროფონში" ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატმა როინ მიგრიაულმა ისაუბრა.
- შეგიძლიათ ერთმნიშვნელოვნად თქვათ, რომ ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებში დარღვევები იყო?
- როგორც ადვოკატი, ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება. როდესაც ადვოკატები ვიღებთ საქმეებს, ვაფასებთ მის პერსპექტივას და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი. არსებობს სერიოზული ვარაუდი იმისა, რომ სასამართლო სესიის შედეგებს ბათილად ცნობს.
- არჩევნების დასრულების შემდეგ ირაკლი მეძმარიაშვილმა თავის ოპონენტს მიულოცა არჩევნებში გამარჯვება, რა მოხდა შემდეგ?
- რატომღაც გაჟღერდა, რომ ირაკლი მეძმარიაშვილმა მიულოცა ოპონენტს გამარჯვება და ამით აღიარა არჩევნების შედეგები. სამოქალაქო სამართლებრივ ენაზე ანუ ცივილისტები ჩვენ ამას აღიარებად არ განვიხილავთ იმიტომ, რომ აღიარებას თავისი წესები აქვს. აქედან გამომდინარე, ირაკლი მეძმარიაშვილის მილოცვა შედეგების აღიარებას არ ნიშნავდა. მას შემდეგ, რაც იგი დაინტერესდა და მოითხოვა გარკვეული დოკუმენტები და არ მისცეს, გაუჩნდა ეჭვი სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიმართა სამართლებრივ ხერხებს.
- სამართლებრივი დავის დასაწყებად ჰქონდა თუ არა ირაკლი მეძმარიაშვილს საკმარისი ფაქტები, არგუმენტები ან ინფორმაცია? რას დაეყრდნო?
- პირველ რიგში, დაეყრდნო საჯარო ინფორმაციას. მან საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმ კონკრეტულ სუბიექტებთან დაკავშირებით, რომელთაც წარადგინეს თავიანთი დელეგატები. რეესტრიდან მოპოვებული ინფორმაციით აღმოჩნდა, რომ რამდენიმე სუბიექტი საერთოდ არ არსებობს, არ არის რეგისტრირებული.
- ამაზე გააკეთა განცხადება ოლიმპიურმა კომიტეტმა...
- ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში სხვა სუბიექტებზეა საუბარი. მაგალითად: ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია - ასეთი არ არსებობს. როცა საჯარო რეესტრი ორგანიზაციის არარსებობაზე გაწვდის ინფორმაციას, მაშინ გიჩნდება ეჭვი - ვინ მონაწილეობდა იმერეთიდან? ვინ და ქუთაისის ოლიმპიური მოძრაობა თუ ორგანიზაცია, რომელიც არ შეიძლება განვიხილოთ როგორც რეგიონალური ორგანიზაცია. გარდა ამისა, ზოგიერთი სუბიექტი არჩვნებამდე ერთი კვირით ადრე დარეგისტრირდა იმისთვის, რომ წარედგინა დელეგატები. ამანაც გააჩინა დამატებითი ეჭვი, ხომ არ იყვნენ ეს ის სუბიეტები, რომელთაც ხმა მისცეს გამარჯვებულ კანდიდატს. ასე რომ, ყველა ორგანიზაცია, რომელთაც წარადგინეს დელეგატები, არის გამოსაკვლევი და ეს კვლევა უნდა ჩატარდეს სწორედ სასამართლო სხდომაზე. მე ვამბობ, რომ თუნდაც ერთი ორგანიზაცია აღმოჩნდეს ისეთი, რომელიც არ იყო უფლებამოსილი წარედგინა დელეგატი, ეს ნიშნავს, რომ ოქმის ნამდვილობა ეჭვის ქვეშ დგება.
- არჩევნების შედეგიც?
- ბუნებრივია, არჩევნების შედეგიც.
- მიუხედავად იმისა, რომ ერთ ხმას არ გადაუწყვეტია არჩევნების ბედი?
- ამას მნიშვნელობა არ აქვს. სასამართლომ რომ დაადასტუროს, თუნდაც ერთი ხმა იყო დარღვევით, ოქმი უნდა გაბათილდეს.
- უზრუნველყოფის ღონისძიების დაკმაყოფილების შეჩერების შესახებ განჩინება რას გულისხმობს?
- ეს არის დროებითი განჩინება, რომელიც აჩერებს გამარჯვებული სუბიექტების დარეგისტრირების პროცესს, სანამ არ იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება. ოლიმპიურმა კომიტეტმა წარადგინა საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ ზემოხსენებული განჩინებით ზიანი ადგება ქართულ სპორტს და ირღვევა სპორტსმენების შრომითი უფლებები, რაც არასწორია. აღდგა 22 დეკემბრამდე არსებული მდგომარეობა, აღდგნენ იგივე თანამდებობის პირები იგივე ლერი ხაბელოვი და აღმასკომის წევრები. რაში ეშლებათ ხელი? ხელშეკრულებების გაფორმებაა საჭირო? კი ბატონო, - გააფორმონ და ა.შ. სპორტს ზიანი არ ადგება! ოლიმპიური კომიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მას შეუძლია, წესდებით განსაზღვრული ნებისმიერი საქმიანობა განახორციელოს.
- სადამდე შეიძლება ეს პროცესი წავიდეს?
- პირველივე პროცესზე მეორე მხარეს მორიგებას შევთავაზებთ, რომ ჩაატაროს გამჭვირვალე არჩევნები. თუ ამაზე არ წამოვიდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ყველა ინსტანციაში იმისთვის, რომ მივაღწიოთ ოქმის ბათილობას.
- პრინციპულია ირაკლი მეძმარიაშვილი თავის გადაწყვეტილებაში?
- კი და ბოლომდე მიჰყვება, იმიტომ, რომ ამ გასაჩივრებამ ძალიან ბევრი რამ გამოაჩინა. იგივე ის, რომ არ არის დოკუმენტები წესრიგში. მეტიც, თურმე წესდება, რომლითაც ასე ამაყობენ, ხარვეზებითაა სავსე. შეიძლება, ასეთი დარღვევეით ხდებოდა წინა არჩევნების ჩატარებაც. ახლავე თუ არ ითქვა და არ გამოიკვეთა ეს ხარვეზები, როგორ უნდათ, რომ მომავალში სპორტში fair play-ს პრიციპებით იმოქმედონ? ყველაფერში უნდა იყოს სამართლიანობა, მათ შორის სპორტშიც. სირცხვილია, ასეთი სახელის მქონე ორგანიზაცია დარღვევებით ატარებდეს არჩევნებს.
- თქვენი არგუმენტაცია საქმის დაწყებიდან დღემდე იზრდება?
- იზრდება და უფრო გაიზრდება მას შემდეგ, რაც ხელთ გვექნება ყველა დოკუმენტი. უფრო მეტს გეტყვით, ოქმი, რომლის ბათილობასაც ვითხოვთ, შედგენილიც არ არის, ან შედგნილია და მალავენ. რატომ არ მიაწოდეს ირაკლი მეძმარიაშვილს დოკუმენტები, რომელიც იანვარში მოითხოვა? ანუ რაღაცაშია საქმე, ან რაღაცაში ისე არ არის საქმე.
- ეცნობა თუ არა თქვენს ხელთ არსებული ფაქტების შესახებ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს?
- ჩემი ინფორმაციით, ითარგმნება განჩინება, რომლითაც შეუჩერდათ უფლებამოსილება და ეს დოკუმენტი გადაიგზავნება საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში.
- გაქვთ მოლოდინი, რომ არჩევნები შესაძლოა გაბათილდეს?
- როგორც ადვოკატმა, შემიძლია დავადასტურო, რომ ამ საქმის მოგების პერსპექტივა არის ძალიან მაღალი.