საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი დავით საყვარელიძის კომენტარს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით ტელეკომპანია „tvპირველის" ეთერში გამოეხმაურა. ნაცვლიშვილმა საყვარელიძის ბიოგრაფია გაიხსენა და განაცხადა, რომ სწორედ დავით საყვარელიძის პროკურორობის დროს ხდებოდა გახმაურებული საქმეების ფალსიფიცირება და სწორედ მისი ბიოგრაფია მეტყველებს, თუ რისი გამკეთებელია ის.
„ისეთი რიხით საუბრობდა ფალსიფიკაციაზე ბატონი დავით საყვარელიძე, რაზეც მისი ბიოგრაფიაც მეტყველებს. ბედავდა და უტიფრად ფალსიფიკაციაზე გვესაუბრებოდა. მისი პროკურორობის პერიოდში ააფეთქეს და ამოწყვიტეს თანამოქალაქეები ხურჩაში, ამ პროკურორის პირობებში გადაწვეს ქიბარ ხალვაშის საკუთრება. ეს არის პროკურორი, რომლის დროსაც გირგვლიანის მკვლელობის სრული ფალსიფიკაცია მოახდინა მთელმა სახელმწიფო აპარატმა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ მიუთითა, რომ პროკურატურამ, შსს-მ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, პრეზიდენტმა და სასამართლომ ერთობლივად მოახდინეს ფალსიფიკაცია, რათა მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. ეს არის ადამიანი, რომლის სეიფშიც, ქალაქის პროკურორობის პირობებში, 4 წლის განმავლობაში, მტვერი ედებოდა ბუტა რობაქიძის საქმეს. პირდაპირ ვამბობ, თუ რამეზე მწყდება გული ჩემი 10-თვიანი პროკურორობის პერიოდში, აი ეს, უკრაინიდან რომ გველაპარაკება და მატროსოვზე არ ზის, ამაზე მწყდება გული. მას წერილის გამოგზავნა კი არ დააბრალეს, ია მეტრეველს შვილი მოუკლეს და მერე კრიმინალად გამოაცხადეს. ამას აყალბებდა პირადად საყვარელიძე. როგორ ბედავენ ეს ნაძირლები ფალსიფიკაციაზე ლაპარაკს. დავით საყვარელიძის ბიოგრაფია მეტყველებს, ვინ რას იზამდა", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილმა დავით საყვარელიძეს და წინა ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს ფალსიფიცირების დამფუძნებლები და ეტალონები უწოდა.