„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში რაჭაში ვენახების რაოდენობა გაიზარდა. დამატებით 300 000 ძირზე მეტი ალექსანდრეულის და მუჯურეთულის (ხვანჭკარის მასალა) ჯიშის ყურძენი გაშენდა და ეს პროცესი კვლავ აქტიურად გრძელდება",- ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ „აიპრესთან" განაცხადა.
შენდება რამდენიმე ახალი ღვინის ქარხანა და წელს 2 მათგანი შევა ექსპლუატაციაში.
სავარაუდოდ, 2018 წლის შემდეგ იგეგმება ხვანჭკარის საბოლოო სახით გადამუშავება და ჩამოსხმა ადგილზე, რაც ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის აღმოფხვრას და რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
ფალსიფიკაციასთან ბრძოლასთან დაკავშირებით ჩვენ ვგეგმავთ ვაზის ჯიშების დათვლას და ვენახების ე.წ. პასპორტიზაციას. ასევე ვფიქრობთ კარგი იქნება გარკვეული სტანდარტების შემოღება, რაც ხელს შეუწყობს „ხვანჭკარის" ბრენდის დაცვას.