logo_geo
eng_logo
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს სუს-ის უფროსი განახორციელებს
- +

8 თებერვალი. 2017. 12:31




ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი განახორციელებს.


ამას პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი (30-ე მუხლი) განსაზღვრავს. პროექტის მიხედვით, სააგენტო სუს-ის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.


პარლამენტში ინიცირებული პროექტის გათვალისწინებით, სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი წარადგენს სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას. სუს-ის უფროსი ნიშნავს სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს. სუს-ის უფროსი ამტკიცებს სააგენტოს დებულებას, განსაზღვრავს მის ძირითად სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების კომპეტენციას.


ამავე პროექტის თანახმად, სააგენტო ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე და პრემიერს ყოველწლიურად წარუდგენს სტატისტიკურ და მის მიერ გაწეული საქმიანობის განზოგადებულ ანგარიშს, თუმცა პროექტის მიხედვით, აღნიშნული ანგარიშის პრემიერ-მინისტრთან წარდგენამდე, სააგენტოს უფროსი დოკუმენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წარუდგენს.


კანონპროექტით, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემდეგი ღონისძიებების განხორციელება ეკისრება: - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება და ჩაწერა; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვება; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვება; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრა; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლი; ფარული აუდიო და ვიდეოჩაწერა, ფოტოგადაღება; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.


საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტში 6 თებერვალს განხორციელდა. პროექტის ავტორები „ქართული ოცნების" დეპუტატები არიან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner