„ბოლო დღეების განმავლობაში მიდის ცილისწამება, რომ კონკრეტულმა მოსამართლემ ნატა ნაზღაიძემ აიღო მილიონი ლარი, რათა განეხილა ერთ-ერთი საქმე. ეს არის აბსოლუტური ცილისწამება, ეს არის სასამართლო სისტემისთვის და კონკრეტული მოსამართლისთვის ტალახის სროლისა და დისკრედიტაციის მცდელობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაუშვებს ულტიმატუმებს, რომ შეაჩეროს ამა თუ იმ მოსამართლის საქმიანობა", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ „რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველ მოსამართლე ნატა ნაზღაიძეზე საუბრისას განაცხადა.
„თბილისის მერიიდან არათუ ნატა ნაზღაიძეს, არამედ მის ძმასაც არ აუღია ერთი თეთრი", - განაცხადა მურუსიძემ და აქვე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის მისამართით მიმართვა გაავრცელა.
„მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბატონ პრეზიდენტს და ყველას, ვინც დაინტერესებულია სასამართლო სისტემით, რომ შეფასება მისცენ აღნიშნულ ფაქტს, თუ რამდენად მორალურია და რამდენად ჯდება კანონის ფარგლებში, რომ მოსამართლის მიმართ გამოითქვას ისეთი ბრალდებები, როგორიც არის ქრთამის აღება იმ დროს, როდესაც ეს არ არის დადასტურებული. ვესაუბრე ნატა ნაზღაიძესაც, დავინტერესდი ამით, გავეცანი დოკუმენტებსაც. ჩემი მოსაზრებით, ნატა ნაზღაიძე საერთოდ არაფერ შუაშია, არც მას და არც მის ძმას ერთი თეთრიც არ აუღიათ. თუ იქნება საუბარი ულტიმატუმების ენით, ეს დარჩება მხოლოდ გულის მოოხებად", - განაცხადა მურუსიძემ.