logo_geo
eng_logo
ენძელა მაჭავარიანი: ევროპისთვის საინტერესონი ვართ სწორედ ჩვენი ტრადიციებითა და თვითმყოფადი კულტურით
- +

8 თებერვალი. 2017. 18:13




საქართველოს  მოქალაქეებისთვის ევროპის საზღვარი გაიხსნა და ძალიან მალე ევროპასთან ურთიერთობის ისტორია უვიზო მიმოსვლით გაგრძელდება.


პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ ვიზა-ლიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი, მართლაც იტორიული მოვლენაა და ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხისთვის ისტორიულ ოჯახში დაბრუნებას ნიშნავს. ეს არის შედეგი 2012 წლის შემდეგ გაწეული მუშაობისა და გატარებული რეფორმებისა. ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს 2013 წლის დასაწყისში მიიღო. 

 

- ისე, „ნაციონალები" იჩემებენ, ვიზა-ლიბერალიზაციაზე მუშაობა ჩვენ დავიწყეთო.


-  მოდით, ამაზე ნუ ვიკამათებთ. ვიზა-ლიბერალიზაცია არის 2012 წლის შემდეგ გატარებული რეფორმების შედეგი. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, მასზე ხელმოწერისათვის მნიშვნელოვანი იყო ის რეფორმებიც, რომლებიც 2012 წლამდეც განხორციელდა. თუმცა ევროპისკენ ნაბიჯები გაცილებით ადრე გადაიდგა.


- სულხან-საბა......


- სულხან-საბა მოგვიანებით იყო. მანამდე, იბერიის მეფე, ფარსმან ქველი, ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნეში, მაშინდელი იმპერატორის ანტონინუს პიუსის მიწვევით, რომში ოჯახთან ერთად ჩავიდა სტუმრად.  ანტონინუსი ისე მოიხიბლა მისი ვაჟკაცობით, რომ  რომაელებს მარსის ველზე ცხენზე ამხედრებული ფარსმან მეფის ქანდაკება დაადგმევინა. შემდეგ იყო ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, ქრისტიანული კულტურის კერები წმინდა ადგილებში.  თუმცა ახლა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. ეს ყველაფერი იმიტომ გავიხსენე, რომ არ ღირს, დღეს ვიდავოთ იმაზე,  ვის ეკუთვნის ევროპული არჩევანი. ეს არჩევანი ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების წინ გააკეთეს. ამიტომაც ვთქვი ჩემს მილოცვაში, რომ ჩვენთვის ვიზა-ლიბერალიზაცია ჩვენს ძველ, ევროპულ სახლში დაბრუნებას ნიშნავს. 

ამის გამო ერთი-ორი ჩემი მეგობარი, რომელთაც უდიდეს პატივს ვცემ, შემეკამათა, ევროპა არ არის ჩვენი სახლი, ჩვენი სახლი კავკასიააო. რა თქმა უნდა, კავკასიაა ჩვენი სახლი, მაგრამ ევროპისა და აზიის საზღვარი ხომ კავკასიაზე გადის. საქართველო კი, ჩემი მოკრძალებული აზრით,  ყოველთვის  ევროპას ირჩევდა. იმიტომ,  რომ სწორედ ჩვენ ვართ ძირძველი ევროპელები და ამის საუკეთესო გამოვლენაა ისიც, რომ ისლამუური ქვეყნების სამეზობლოში, უდიდესი ძალისხმევის ფასად შევინარჩუნეთ მართლმადიდებლობა და ჩვემა პატარა ქვეყანამ, რომელიც მართლაც ჯვარს ეცვა ქრისტეს სჯულისათვის, შექმნა თავისი თვითმყობადი კულტურა და მსოფლიო ცივილიზაციაში ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.


- ელოდებოდით, რომ ვიზა-ლინერალიზაცია ახლა გადაწყდებოდა?


- რა თქმა უნდა, ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს ისეთი წანამძღვრები ჰქონდა, რომ 2 თებერვლის ევროპარლამენტის სხდომაზე მხარდაჭერას აუცილებლად მოვიპოვებდით. მიუხედავად ამისა, როდესაც სხდომას პირდაპირ ეთერში ვუყურებდი, მაინც ვღელავდი.


-დიახ, კენჭისყრას ზოგიერთი ევროდეპუტატის უარყოფითი გამოსვლაც უძღოდა წინ.


- მაგრამ, ახლა საზეიმო განწყობას უარყოფითი გამოსვლებით ნუ დავჩრდილავთ... მით უფრო, რომ მთლად ობიექტურიც არ იყო მათი შენიშვნები.

 

- გერმანელმა დეპუტატმა თქვა, რომ საქარველოს ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაცია კრიმინოგენურ ვითარებას გაართულებს. დასკვნას იქიდან გამომდინარე აკეთებს, რომ ცოტა ხნის წინ, გერმანიაში ქართველები დააპატიმრეს.

 

- ამ განწყობას ვერ გავიზიარებ. როგორც ვთქვი,  აზრს კრიმინოგენური ვითარების გართულებაზე არ ვიზიარებ, მაგრამ ეს განცხადება ჩემთვის  მაინც შეურაცხმყოფელია. „უფალი, სამშობლო და ადამიანი" ეს სამი უმნიშვნელოვანესი ფენომენი დაგვისახა ჩვენმა პატრიარქმა ცხოვრების არსად და  ჩემთვის ჩემი ხალხი ისეთივე ძვირფასი და საყვარელია, როგორც ჩემი სამშობლო.  დამნაშავესა და ტერორისტს კი ეროვნება არ აქვს.



- ერთ-ერთი ევროდეპუტატის გამოსვლაში, რომელიც არ ეთანხმებოდა ჩვენს ვიზა-ლიბერალიზაციას, ამოვიკითხე „ნაცმოძრაობის" განცხადებების გამოძახილი. მან ახსენა „რუსთავი-2", სასამართლო, პოლიტიკური პატიმრები. თქვენ როგორ მოისმინეთ მისი გამოსვლა?


- მოდით, ნურც ამ ამბავს ჩავთვლით ტრაგედიად, ცოტა იუმორიც მოვიშველიოთ და დავფიქრდეთ,  ვგონებ, „ნაცმოძრაობიდან"  მალე მხოლოდ ეგ გამოძახილები დარჩება. თანაც, თქვენ საუბრობთ დეპუტატზე. დემოკრატიულ გარემოში მას აქვს უფლება, რაც უნდა, ის ილაპარაკოს. დემოკრატიის ყველაზე დიდი მონაპოვარია თავისუფალი მედიის, მედიაპლურალიზმის არსებობა. და მიუხედავად იმისა, რომ ხშირად, რბილად რომ ვთქვათ, მეც არ მომწონს  ესა თუ ის ჟურნალისტური პროდუქტი, ნერვებსაც მიშლის ზოგიერთი მედიასაშუალების არაობიექტურობა, ხშირად არც ყოფილი ხელისუფლების ნარჩენების უტიფრობას აქვს საზღვარი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ სიტყვის თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა, ისევე როგორც საკუთრების, შრომის და სხვა ისეთი ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რომელზეც დგას დემოკრატია.

 

- რას სიკეთეს მოგვიტანს ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაცია?


-  ვიმსჯელოთ. ევროპა, თავისთავად, მხოლოდ გეოგრაფიული ადგილი არ არის, ევროპა არის კრებული ღირებულებებისა, რომელზეც თანხმდებიან  განსხვავებული იდენტობის მატარებელი ადამიანები,  ევროპა არის განსხვავებულთა ერთობა და ჩვენ ევროპისთვის საინტერესონი ვართ სწორედ ჩვენი  ტრადიციებით, თვითმყოფადი კულტურით, ჩვენი იდენტობით. ევროპა განსხვავებულთა ერთობაა, მაგრამ თანხმდება ძირითად ღირებულებებზე.  ამიტომ შიში იმისა, ხომ არ დავკარგადვთ ჩვენს თვითმყობადობას, ჩვენს ტრადიციებს, ვფიქრობ, სრულიად უსაფუძვლოა.  ამის დადასტურებაა თუნდაც ის  ფაქტი, რომ ჩვენი ანბანი, დედა ენა, ქვევრის ღვინო  იუნესკომ მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობად აღიარა...


1981 წელს, როდესაც ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასი მოვიპოვეთ, ევროპაში ფურორი მოვახდინეთ. მსოფლიო ფეხზე იდგა და ქედს იხრიდა ჩვენი ფეხბურთელების წინაშე. წუთით დავფიქრდეთ და წარმოვიდგინოთ, როგორი მომავალი ექნებოდა ყიფიანს, ჩივაძეს, დარასელიას, გუცაევს, გაბელიას, შენგელიას, სულაქველიძეს, თავაძეს, ყველას ვერ ჩამოვთვლი, ყველა მათგანი ვარსკვლავი იყო და საშუალება რომ ჰქონოდათ, მართლაც იბრწყინებდნენ ევროპულ გუნდებში... მინდა, ჩვენი შესვლა ევროპაში, ისეთივე საზეიმო იყოს, როგორც იმ თასის მოპოვება. ქართველ ხალხს ეს შეუძლია და მე ჩემი ხალხის ნამდვილად მჯერა.


- ამბობენ, თუ აქამდე საქართველოს ორი მოქალაქე მიდიოდა, ახლა ოთხი წავაო. გულისხმობენ იმას, რომ ბევრი ქართველი წავა საქართველოდან და აღარ დაბრუნდება.


- რაც შეეხება, თქვენი კითხვის პირველ ნაწილს, გეთანხმებით, ოთხიც წავა და ათიც, მაგრამ იმაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დაბრუნდება, ქართველს, განცხრომით სხვაგან ყოფნას, საკუთარ მიწაზე ურჩევნია სიკვდილი. ავიღოთ მარტივი მაგალითი, სადაც კი ადამიანებმა ხის გათლა ისწავლეს, პირველ რიგში ნავები გამოთალეს და მოგზაურობა დაიწყეს. ქართველებმა კი, მიუხედავად იმისა, რომ ზღვისპირა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ნავის ნაცვლად საწნახელი გამოთალეს, ღვინო დაწურეს და სტუმარს, ამბის მომტანს  სახლში დაუწყეს ლოდინი. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ხალხი საკუთარ მიწას საბოლოოდ არ მიატოვებს და შინ აუცილებლად დაბრუნდება, რადგან ასეთ პირობებში წასვლაც ადვილი იქნება და დაბრუნებაც.

 

- სახელმწიფოსთვის რას ნიშნავს ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაცია?


- ჩვენ მივისწრაფვით ევროპისკენ და ეს, ამ გზაზე, ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირის წევრობა ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა. მანამადე მაქსიმალურად უნდა ვისარგებლოთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, რაც დაგვეხმარება ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში და იმ უკეთესი მომავლის შექმნაში, რასაც ჩვენი ხალხი და ქვეყანა იმსახურებს.




გულიკო ბალაძე





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner