„ნაციონალების ყელყელაობა ჩვენი ლოიალობის ბრალია", -ამის შესახებ „ახალ თაობას" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა განუცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" საარჩევნოდ ნაციონალების გადმობირებას არ ეცდება, რადგან ეს მმართველ ძალას არაფერში სჭირდება.
„შესაძლოა, ვიღაცა ავტორიტეტად მიგვაჩნდეს და ამათი გადმობირება გვინდოდა. მაგრამ რას ლაპარაკობთ, ვინ უნდა გადმოვიბირო? რაღა ეგენი და რაღა კანნაცვალი გველები. გველები იცით, რამდენჯერ იცვლიან კანს? გველი გველია, იმას გინდა ლურჯი მაიკა ჩააცვი და გინდა - რაიმე სხვა. მაგარ რაღაცას გეტყვით. „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებზე არასდროს ჰქონია ხმების 20%-ზე მეტი. არჩევნებზე სულ გაყალბებულ შედეგებს დებდნენ. ასეთი ხალხის გადმობირება რაში გვჭირდება? 10 ნაციონალის გადმობირების გამო, შეიძლება მოსახლეობის 50%-ის მხარდაჭერა დავკარგოთ. ამის გამო კატეგორიული წინააღმდეგი ვარ მათთან ლოიალობისა. ჩვენი ამომრჩეველი იმით გავანაწყენეთ, რომ ამათთვის თავზე ხელის გადასმას გადავყევით. ამ ხალხს ვერაფრით მოვეფერები და ვერც მათ გადმობირებაზე ვიზრუნებ", - აცხადებს დეპუტატი.