საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი მეძმარიაშვილი კომიტეტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ნონა გაფრინდაშვილისა და ჯანო ბაგრატიონის განცხადებას ეხმაურება. როგორც მეძმარიაშვილმა დასძინა, შედეგების გაუქმება მისთვისაც სამწუხარო ფაქტია.
„ჩვენ ვერ გავექცევით ფაქტებს და საინტერესო სწორედ ისაა, რომ სეოკ-ის ხელმძღვანელობაც და ის ხალხიც, ვინც მათ მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს - და ასეთები ბევრნი არ არიან- არაფერს ამბობენ იმ ფაქტებზე, რის საფუძველზეც ჩვენ შევიტანეთ სასამართლოში სარჩელი. რაც შეეხება წინა სესიების შედეგების გადახედვას, ეს არ ყოფილა ჩვენი გუნდის თვითმიზანი, როცა სასამართლოს მივმართეთ, მაგრამ ბუნებრივია, უკანასკნელ არჩევნებზე არსებულ დარღვევებს თუ წინა არჩევნებზეც ჰქონდა პრეცედენტი, სასამართლო მათაც შეისწავლის.
ჩვენი მიდგომა ასეთია, რომ ემოციებს არ უნდა ავყვეთ და ყველა გადაცდომა და ხარვეზი, რაც საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში წლების მანძილზე ხდებოდა, უნდა აღმოვფხვრათ და ახალი არჩევნების შემდეგ, სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ოლიმპიური და სპორტული საზოგადოების ცხოვრება. სწორედ ეს იქნება ერთიანობის და სპორტული წარმატებების საფუძველი. როცა ძირი დამპალი აქვს, ხე ნაყოფს ვერ გამოისხამს",- აცხადებს ირაკლი მეძმარიაშვილი.
ოლიმპიური კომიტეტების საპატიო პრეზიდენტებმა, ნონა გაფრინდაშვილმა და ჯანო ბაგრატიონმა სასამართლოში მიმდინარე დავას სამწუხარო ფაქტი უწოდეს. ნონა გაფრინდაშვილი და ჯანო ბაგრატიონი დარწმუნებულნი არიან, რომ სამოქალაქო სასამართლო ობიექტურად განიხილავს ამ საქმეს და საბოლოოდ, სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.