ყველამ, ვინც ქართულ პოლიტიკას თვალს ადევნებს, იცის ან ხვდება, რომ ყოფილი პრეზიდენტი და, საერთოდ, ყოფილი მმართველი პარტიის ყოფილი თუ მოქმედი წევრები პოლიტიკური ვირეშმაკობის დიდოსტატები არიან ანუ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ამ ადამიანებს ხელეწიფებათ, შავზე ისე ოსტატურად თქვან, თეთრიაო, რომ საზოგადოების ნაწილმა მართლაც დაიჯეროს, შავი შავი კი არა, თეთრი ყოფილაო. სხვათა შორის, ამ ვირეშმაკობის მსხვერპლი თავის დროზე, კერძოდ, 2001 წელს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოც გახდა: ალბათ, გახსოვთ, მაშინ პარლამენტის სპიკერი უნდა აერჩია და, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. რეფორმატორები უმცირესობაში იყვნენ, იმდროინდელ მმართველ გუნდს, ესე იგი, შევარდნაძის გარემოცვას „საპროცედურო ცეცხლი'' გაუხსნეს და, ბოლოს, თავისი მაინც გაიტანეს - პარლამენტის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე წამოსვეს.
ახლა, შეიძლება, გაგიკვირდეთ და იკითხოთ, ეს „ადამ-კუკუსდორინდელი" ამბავი რაში გაგახსენდათო, მაგრამ თუ ბოლო მოვლენების განვითარების ჯაჭვს გავაანალიზებთ, ამასთან, კულუარულ ინფორმაციებსაც მოვიშველიებთ, გაჩნდება გონივრული ეჭვი, რომ „ყოფილებმა" რაღაც ჩაიფიქრეს.
რა შეიძლება იყოს ეს „რაღაც"? _ ეს კითხვა „ვერსიამ" იმ ადამიანს დაუსვა, რომელიც ქართული და, მათ შორის, ყოფილი მმართველი პარტიის კულუარებში კარგად ერკვევა.
„ბუნებრივია, ჩემი ნათქვამი სიმართლის ბოლო ინსტანცია ვერ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ე.წ. მოსამართლეების სკანდალი, თავიდან ბოლომდე, ნაციონალების მოწყობილია, თუმცა ვიდრე ამის შესახებ დეტალურად გესაუბრებით, ჯერ იმას გეტყვით, რომ ნაციონალები კი არ დაიშალნენ, არამედ, გაიშალნენ ანუ იმის თქმა მინდა, რომ უგულავა-ბოკერიას ცალკე პარტიად ტრანსფორმირება მიშასთან შეთანხმებით მოხდა. საერთოდ, სააკაშვილს ასეთი თამაშები სჩვევია. გავიხსენოთ თუნდაც 90-იანი წლების ბოლო, როცა სააკაშვილი და ცხონებული ჟვანია მოქკავშირიდან წავიდნენ და ცალ-ცალკე პარტიები შექმნეს. მერე კი, „ვარდების რევოლუციას" სათავეში ერთად ჩაუდგნენ. ბოლოს, ჟვანიას პარტიამ არსებობა შეწყვიტა და ნაცმოძრაობას შეუერთდა", _ ამბობს „ვერსიის" კონფიდენტი, რომელიც ეჭვობს, ახალი პარტია - ევროპული საქართველო და, ასევე, „მოსამართლეების სკანდალი", თავისი ფარული ჩანაწერებითურთ, სწორედ ძველ სცენარში ჯდება.
„ვერსიის" წყაროს მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ მოქმედი და ყოფილი ნაცები, როგორც თავად ამბობენ, ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიც, მაგალითად, საქართველოს ევროინტეგრაცია და, ასევე, „ოცნების" ხელისუფლების შეცვლაა, აუცილებლად ითანამშრომლებენ.
„ეს გაშლა, ჩემი აზრით, კიდევ ერთ მიზანს ემსახურება _ მართალია, ისეთი ოდიოზური ფიგურები, როგორიც ვთქვათ, ძმები ახალაიები ან, სულაც, მეგის ქარდავაა, არენაზე აქტიურად აღარ ჩანან, მაგრამ ხალხს მათი სისასტიკე მაინც ახსოვს. კი ბატონო, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ოცნება" მოვიდა, სოციალური ფონი დამძიმდა და ცხოვრებაც გაჭირდა, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ადამიანის უფლებები, ბოლო წლებში, მეტ-ნაკლებად დაცულია ანუ ხალხს ქუჩაში „უპრაგონოდ" აღარ ხოცავენ და ნულოვანი ტოლერანტობაც წარსულს ჩაბარდა. ამ ფონზე, ნაციონალებს წინა პლანზე ისევ ახალაიები და, ზოგადად ძველი სახეები რომ გამოეყვანათ, ეს მოსახლეობას ძველ იარებს გაუხსნიდა და ნაციონალებს სულ სიმართლე რომ ეღაღადათ, მათ ნათქვამს ჩალის ფასიც არ ექნებოდა. ახლა კი განსხვავებული ვითარებაა ანუ ისეთი ანტურაჟი შეიქმნა, იგივე მიშას „ჯართს" თავად უგულავა ეძახის და იმ ყბადაღებულ 9 წელს თავად ისინი აგინებენ, ვინც რეჟიმის შექმნის ავანგარდში იდგნენ. ამას გარდა, ბოკერია-უგულავას ფრთამ, რომელიც ნაცებს თითქოს გამოეყო, მეტ-ნაკლებად სიმპათიური ახალი სახეები შემოიკრიბა. ავიღოთ, მაგალითად, ელენე ხოშტარია, რომელზეც ვერავინ იტყვის, რომ რეჟიმს „აპრავებდა". მასზე არც სხვა სახის კომპრომატები არსებობს. ასევე, ამ გუნდიდან ხშირად ჩანს ტელეკამერების წინ ირაკლი აბესაძე, რომელიც პარლამენტარობამდე, საკრებულოს წევრი იყო ანუ არც მასზე არსებობს რამე შოკისმომგვრელი კომპრომატი. სამაგიეროდ, თუ მიაქცევთ ყურადღებას, იგივე ირმა ნადირაშვილი იშვიათად ჩნდება, რაც ვფიქრობ, ყოფილი მმართველი გუნდის ტაქტიკაა.
ისე, მსგავსი ტაქტიკა ნაციონალებმა 2007 წლის 7 ნოემბრის მერეც გამოიყენეს _ მაშინ მაია ნადირაძე, დავით კირკიტაძე და იგივე გიგა ბოკერია, ესე იგი, ის „ტიპები", ვინც ხალხს ყველაზე მეტად აღიზიანებდა, თვალს მოაფარეს და აქცენტი ახალ სახეებზე გააკეთეს _ თუ გახსოვთ, 2008 წლის ვადამდელ არჩევნებზე ნაცებმა რამდენიმე რაიონში მეცნიერები და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები დაასახელეს მაჟორიტარებად", - აღნშნავს „ვერსიასთან" ოპერატიულ კავშირზე მყოფი პიროვნება და აქვე დასძენს, რომ უგულავა-ბოკერიას მიერ ახალ პარტიაში ტრანსფორმირებაც, დიდი ალბათობით, ძველი ტაქტიკის ერთგვარი რიმეიკია.
ყველა ზემოხსენებული ვერსია, შესაძლოა, უტოპიურია, მაგრამ ლოგიკაში ნამდვილად ჯდება, მით უმეტეს, „ვერსიას" ეუბნებიან, რომ გადამწყვეტ მომენტში ნაციონალებმა, ბოკერია-უგულავას ახალმა გუნდმა, ასევე გირჩმა და იგივე გიორგი ვაშაძის პარტიამ შესაძლოა, ერთგვარი კოალიცია შექმნან და „ოცნებაზე" იერიში გაერთიანებული ძალებით მიიტანონ. სხვათა შორის, „ვერსიამ" ყურადღება იმ გარემოებასაც მიაქცია, რომ მიშას „სასტავი" ვაშაძის მიმართ გარკვეული სიმპათიით გამოირჩევა.
„გიორგი კაცია და ზუსტად ვიცი, „ოცნების" წინააღმდეგ ბარიკადებზე ჩვენთან ერთად იქნება!"- ეს ფრაზა ,,ვერსიასთან'' ტეტ-ა-ტეტ საუბრისას, ერთ-ერთ ნაციონალს ჯერ კიდევ მაშინ წამოსცდა თუ შეგნებულად თქვა, ვიდრე უგულავა ციხიდან გამოვიდოდა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასაშვებია, რომ იგივე თვითმმართველობის არჩევნებზე გაშლილი ნაციონალები ერთიანი ძალებით გამოვიდნენ, თუმცა „ვერსიას" ეუბნებიან, რომ გაშლილი ყოფილი მმართველი პარტიის გაერთიანებას უფრო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა ველოდეთ.
„ადგილობრივი თვითმმართველობა, რასაკვირველია, ხელწამოსაკრავი ინსტიტუცია არ არის ანუ, თუ რეგიონებზე „ოცნება" გავლენას დაკარგავს, საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა გინდ ჰქონია და გინდ _ არა, მაგრამ სააკაშვილის სტრატეგია სხვანაირია. კერძოდ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ მოსახლეობას „ოცნების" გაგონებაც აღარ უნდოდეს. იმ დროისთვის, არსებული გეგმით, იგივე უგულავა-ბოკერიას პარტიაც ფეხზე უფრო მყარად იდგება და ხელისუფლებაში მოსვლას ენერგიულად შეეცდება. სხვათა შორის, ამ გეგმაში ახალი არაფერია, რადგან ჯერ კიდევ 2004 წელს, ნაციონალები პირად საუბრებში ამბობდნენ, ხელისუფლებაში ორი ვადით ვიქნებით, მერე, ორი ვადით პოსტებს სხვებს დავუთმობთ, აი, ამის შემდეგ კი დავბრუნდებით და ქვეყანას, მინიმუმ, 30 წელი ვმართავთო. ჩემი დაკვირვებით, ყველაფერი სწორედ ამ სცენარით მიდის", - ეუბნება „ვერსიას" კონფიდენტი, რომელიც ბოლოდროინდელ ე.წ. მოსამართლეების სკანდალსაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ კონტექსტში განიხილავს ანუ ფაქტების ანალიზიდან გამომდინარე, ავითარებს ვერსიას, რომ „მოსამართლების სკანდალი" წმინდა ნაციონალური პროვოკაციაა.
„გასაგებია, რომ ყველაფერი ხელისუფლების ზეწოლას ჰგავს, მაგრამ აბა, დააკვირდით და „ოცნებიდან" ერთი ადამიანი მაინც დამისახელეთ, რომელსაც ასეთი ინტრიგის მოწყობის საშუალება კი არა, თავი აქვს? იქიდან გამომდინარე, რომ მთელ პოლიტიკურ სპექტრს კარგად ვიცნობ, შემიძლია, ასპროცენტიანი სიზუსტით გითხრათ, რომ „ოცნება" ასეთ ინტრიგას ვერ დახლართავს. ამ ეჭვს ფარული ჩანაწერებიც მიმძაფრებს. ახლა, ჩვენთვის რომ ვთქვათ, მათ, ვინც ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ, განა, არ იციან, რომ საუბრები შეიძლება, იწერებოდეს და საჯარო სივრცეში აღმოჩნდეს? _ ყველაფერ ამას ხომ თავის დროზე თვითონ აკეთებდნენ. ჰოდა, როგორ წარმოგიდგენიათ, ადეიშვილი, ან დავით საყვარელიძე ისეთი გულუბრყვილოა, რომ ერთს ტელეფონში მოსყიდვაზე ელაპარაკა, მეორეს კი მოსამართლეებისთვის მუქარის წერილები გაეგზავნა? მაგრამ, ყველაფერი ეს ისეა შეფუთული, რომ კვალი „ოცნებამდე" მივიდეს. საერთოდ, როცა მსგავსი რაღაცები ხდება, პასუხისმგებელი, ცხადია, ხელისუფლებაა. ავიღოთ თუნდაც საიტი „უკრაინული რევოლუცია", რომელზეც ეს ფარული ჩანაწერები ქვეყნდება. ისე არ გამიგოთ, რომ „ოცნების" ადვოკატი ვარ, მაგრამ რომ გაიძახიან, ეს საიტი ხელისუფლების კონტროლის ქვეშააო, რატომ არავინ კითხულობს, იგივე ნაციონალებს რატომ არ შეუძლიათ, რამე საიტი შექმნან, რომლის ოფისიც მოსკოვში იქნება? _ ყველაფერი ეს ხომ, უბრალოდ, პიარტექნოლოგიის საქმეა, რაშიც მიშა და მისი „სასტავი" ნამდვილად პროფესიონალები არიან",- ამბობს ,,ვერსიის'' კონფიდენციალური თანამოსაუბრე, რომელიც ყურადღებას კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს.
კერძოდ, კარგა ხანია, ყოფილი მთავარი პროკურორი არენაზე აღარ გამოჩენილა და, როგორც ამბობენ, ის არც ნაცებისა და არც მათგან წასულების პოლიტიკურ საქმიანობაში არ ერევა. ჰოდა, ამ ფონზე, ბუნებრივია, საკითხავია, უცებ რატომ გადაწყვიტა ადეიშვილმა, რომ თამაშში ჩარეულიყო და დიდ პოლიტიკაში ე.წ. ზეწოლის სპეცოპერაციით დაბრუნებულიყო? _ ეს რიტორიკული კითხვაა, რომელზეც პასუხის გაცემა, ცხადია, მას შეუძლია, ვინც ბოლოდროინდელი მოვლენები დაგეგმა ანუ ლოგიკას თუ გავყვებით, „ადე" არენაზე შემთხვევით არ გამოჩენილა და მომავალში, ალბათ, კიდევ უფრო დიდი ინტრიგის მოწმენი გავხდებით.
„ისე, თუ დააკვირდებით, „მოსამართლეების სკანდალი" ვიზა-ლიბერალიზაციას დაემთხვა. დავუშვათ, ყველაფერი ,,ოცნების'' მოწყობილია, მაგრამ დავიჯერო, ხელისუფლებაში ერთი ჭკვიანი მაინც არ არის, რომელიც იტყოდა, ცოტა მოვიცადოთ და ევროპელ პარტნიორებს სალაპარაკოს ნუ მივცემთო? _ ყველაფერ ამით ხომ, პირველ რიგში, დარტყმის ქვეშ, სწორედ ქვეყნის საგარეო იმიჯი დგება. ჰოდა, მაინტერესებს, რა სასწრაფო იყო, ,,მოსამართლეების სკანდალი'' მაინცდამაინც ახლა აწეულიყო ან თუ ეს ხელისუფლებამ დაგეგმა, პროკურატურა თავის დროზევე ხომ იტყოდა, რომ მოსამართლეებმა მუქარის წერილები მიიღეს, მით უმეტეს, ცნობილია, განცხადება საგამოძიებო უწყებაში იანვრის შუა რიცხვებში შევიდა? აი, ამ ფაქტებს რომ ვაანალიზებ, ამიტომაც მიჩნდება გონივრული ეჭვი _ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ დღის წესრიგს ისევ ნაციონალები ადგენენ", _ ამბობს ,,ვერსიის'' ფარული თანამოსაუბრე.