logo_geo
eng_logo
მსოფლიოში ყველაზე პატარა მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
- +

9 თებერვალი. 2017. 04:01


 


მსოფლიოში ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის თბილისის ფილიალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მსოფლიოში ყველაზე პატარა მუზეუმი, რომლის ფართობი 6 კვადრატული მეტრია ფიროსმანის ქუჩის #29-ში მდებარეობს. სამუშაოების ფარგლებში, გარემონტდა საგამოფენო დარბაზი, მოეწყო გათბობის სისტემა.


​როგორც „სითი კვირას" მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისტმა ლალი ლომთათიძემ განუცხადა, კიბის ქვეშ მდებარე პატარა ოთახი, სადაც ფიროსმანი, თავისი სიცოცხლის უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ღამეს ათევდა, ხელუხლებელი დარჩა, რათა მისი იერსახე შენარჩუნებულიყო.


მისივე თქმით, მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ექვემდებარება და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც სწორედ ამ სააგენტოს მეშვეობით დაიგეგმა. სამუშაოები 2016 წლის მაისის ბოლოს დაიწყო და მუზეუმი 2 ნოემბერს გაიხსნა.

 

„ამ სარემონტო სამუშაოების შედეგად მუზეუმს ძალიან ლამაზი დარბაზი აქვს. ფიროსმანის მუზეუმს ტურისტები ყოველდღიურად სტუმრობენ, თუმცა, ტურისტების ნაკლებობას არასდროს განიცდიდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იგეგმება ქუჩის რეაბილიტაცია, რათა ფიროსმანის ქუჩას ისეთივე კულტურული დატვირთვა მიეცეს, როგორც ძველი თბილისის სხვა ისტორიულ ქუჩებს",- განაცხადა ლომთათიძემ.


​როგორც „სითი კვირას" თბილისის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ განუცხადა, ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია, თუმცა საწყის ეტაპზე უნდა განხორციელდეს ქუჩის პროექტირება, ამაში იგულისხმება ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სახლების რეაბილიტაციაც.


​ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის თბილისის ფილიალი 1982 წელს გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც XIX-XX საუკუნეებში მოღვაწე, თვითნასწავლი მხატვარი ღამეებს ათევდა. ნიკო ფიროსმანი თბილისში, ფირომანის ქუჩაზე #29-ში მდებარე, საცხოვრებელი სახლის კიბის ქვეშ მოწყობილ პატარა ოთახში ცხოვრობდა. მუზეუმი აქ ანზორ მაზღარაშვილმა დააარსა და წლების განმავლობაშიც ხელმძღვანელობდა. ამჟამად, კი ამ საქმეს კახა ჯანიაშვილი უძღვება.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner