logo_geo
eng_logo
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე პროკურორები ტრენინგს გადიან
- +

9 თებერვალი. 2017. 14:00



საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს პროკურორებისთვის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თემაზე ტრენერთა ტრენინგი დაიწყო. პროექტი ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება და საქართველოს პროკურატურაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თემაზე სპეციალური სასწავლო მოდულის დანერგვას ისახავს მიზნად. ტრენინგი საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ გახსნა და მონაწილეებს პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა.


ტრენინგს მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები წარუძღვებიან და დაფარავენ შემდეგ ძირითად საკითხებს: სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ცნება, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების იდენტიფიცირება, მიკერძოების ფაქტორები, საერთაშორისო, რეგიონალური და ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩო, მოტივის მტკიცებულება. პროგრამა დატვირთული იქნება თეორიული და პრაქტიკული სწავლებით. ტრენერთა ტრენინგს წინ მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი უსწრებდა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდა და მომზადდა საქართველოში არსებულ გამოწვევებზე მორგებული სასწავლო პროგრამა და მასალები. ეუთოს ოფისთან თანამშრომლობით, მოსამზადებელ ეტაპში, ასევე ჩართულნი იყვნენ სასამართლოს, შსს-ს, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.


მიმდინარე წლის 15 თებერვლის ჩათვლით, ტრენერთა ტრენინგი პროკურორების 2 ჯგუფისთვის განხორციელდება და მას 25 მონაწილე გაივლის. მსმენელები შერჩეული არიან შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფებიდან და ყველა ტერიტორიული ორგანოდან. 3-დღიანი ინტენსიური სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ორმხრივი სერთიფიკატები გადაეცემათ.


დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) თანამშრომლობით შემუშავებული პროგრამა საქართველოს პროკურატურაში დაინერგება და მის საფუძველზე გადამზადებას პროკურორები, სისტემის გამომძიებლები და სტაჟიორები ყოველწლიურად ეტაპობრივად გაივლიან.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner