logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: სოხუმში რაც მე დავკარგე, ვერავინ ამინაზღაურებს
- +

9 თებერვალი. 2017. 15:59



დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი იძულებით გადაადგილებულ პირთა შემწეობის შესახებ რეფორმის გატარებას გეგმავს, რომლის მიხედვით დევნილების გარკვეულ ნაწილს შემწეობა 45 ლარის ოდენობით გაუუქმდება. განიხილება რამდენიმე მოდელი, რომლიდანაც ერთ-ერთს აირჩევს სამინისტრო და შემდეგ პარლამენტში შევა დასამტკიცებლად. რეფორმის შესახებ უკვე მრავალი ვერსია და ინტერპრეტაცია გაჩნდა. პარტიები პოლიტიკური კუთხით აკრიტიკებენ ამ ინიციატივას, დევნილებში პანიკა გაჩნდა დაფინანსების შეწყვეტის მოლოდინში. საინტერესოა, ამ საკითხზე საუბარი რატომ დაიწყო სწორედ ახლა, როცა ქვეყანაში ფინანსური კრიზისია და ბიუჯეტი ყველა სფეროში მცირდება? ამ ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები: სახელმწიფო დევნილების ხარჯზე ბიუჯეტს ზოგავს? სად წავა ის თანხები, რომლებიც დევნილებს ჩამოერთმევათ? იმის გასარკვევად, კონკრეტულად რომელ დევნილებს უწყდებათ დაფინანსება და სინამდვილეში რას გულისხმობს ეს რეფორმა, „ვერსია" დევნილთა და განსახლების მინისტრს, სოზარ სუბარს ესაუბრა.


- ბატონო სოზარ, ახალი რეფორმა სინამდვილეში რას გულისხმობს?


- დევნილთა დახმარების რეფორმაზე მსჯელობა იმიტომ დავიწყეთ, რომ მათთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი არაეფექტუად იხარჯება. ბიუჯეტში დევნილებისთვის 250 მილიონი ლარია გამოყოფილი, აქედან 90% მათი სახლების მშენებლობას ხმარდება. ამას ემატება 3 მილიონი დევნილთა სოციალური დახმარებები, ერთჯერადი დახმარებები, ბინის ქირაობა...


- მაშინ რატომ ფიქრობთ, რომ თანხები არაეფექტურად იხარჯება?


- 2014 წელს გადაწყდა, რომ ის დევნილები, ვისაც ხელფასი 1250 ლარზე მეტი აქვთ, აღარ აიღებდნენ 45-ლარიან დახმარებას, რადგან აღმოჩნდა, რომ მას იღებდნენ ის ბიზნესმენებიც, რომელთა შემოსავალი წელიწადში 3 მილიონ ლარზე მეტია (გვარებს სპეციალურად არ დავასახელებ). რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთი მილიონერის სიმამრი იყო მოსული, რომელსაც დახმარება შეუწყდა, რადგან 2 თვით იყო გასული ქვეყნიდან და სკანდალი მოაწყო.


- დევნილი საზღვარგარეთ თუ წავა, დახმარება უწყდება?


- 2 თვეზე მეტხანს თუ გავა, დახმარება დროებით უჩერდება, სტატუსი არ უწყდება. დიდი ხნით სამუშაოდ ან საცხოვრებლად მიდის. ანუ მას იმ ქვეყანაში აქვს შემოსავალი, ან საერთოდ არ უნდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. დაფინანსება იმ შემთხვევაში არ უწყდება, თუ სამკურნალოდ ან სასწავლებლად მიდის.

 

- 1250-ლარიანი ბარიერი რის საფუძველზე დააწესეთ, სამომხმარებლო კალათასთან არის დაკავშირებული?


- არა, ასე რომ იყოს, 165 ლარი იქნებოდა. ახალ რეფორმაზე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ. დაახლოებითი მონახაზი გვაქვს, თუმცა ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ფართო დისკუსია მოჰყვება და შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას.


- და როგორია ეს მონახაზი?


- დევნილი, რომელმაც სახელმწიფოსგან მიიღო ბინა, თუ სოციალურად დაუცველია, მიიღებს ამ დახმარებას, თუ დაცულია - შეუწყდება. გასაგებია, ეს არაა საკმარისი იმ დანაკარგის ასანაზღაურებლად, რაც აფხაზეთში განიცადეს. სოხუმში რაც მე დავკარგე, ვერავინ ამინაზღაურებს. ვიბრძოლე, უამრავი ადამიანი ჩემ თვალწინ დასახიჩრდა ან გარდაიცვალა და მივიღე სერიოზული ფსიქიკური ტრავმა. ამის ანაზღაურება შეუძლებელია. დევნილებს უნდა შევუქმნათ ნორმალური, ღირსეული საცხოვრებელი პირობები, რათა ისინი გაუთანაბრდნენ ქვეყნის დანარჩენ მოქალაქეებს. მათი სტატუსი კი, ნარჩუნდება დაბრუნებამდე და ამას არავინ ეხება.


- იმ დევნილებს რა ელით, ვისაც ბინა ჯერ არ მიუღია?


- მათთან დაკავშირებითაც რამდენიმე მოდელი განიხილება. მათ შორის ერთ-ერთი, ჩემი იდეაა და ძალიან მომწონს: სოციალურად დაუცველ დევნილებს, რომლებსაც ჯერ ბინა არ მიუღიათ, გაუორმაგდეთ დახმარება და 90 ლარს აიღებენ. ხოლო მათ, ვინც სოციალურად დაცულია, მაგრამ აქვთ 65 000-დან 100 000-მდე ქულა, შეუნარჩუნდეთ 45 ლარი. ვინც ამ კატეგორიაში არ ჯდება, ე.ი. კარგად ცხოვრობს და დევნილის დახმარება უნდა შეუწყდეთ. აფხაზეთში ნაბრძოლ ვეტერანებს აქვთ 22 ლარი დახმარება. თუ მათ ხელფასი აქვთ, ეს დახმარება უწყდებათ. ამ კატეგორიაში უნდა გავიყვანოთ სხვებიც. ნაციონალები გვაკრიტიკებენ და მინდა მათ ვუპასუხო, რომ 2016 წელს, მათივე საარჩევნო პროგრამაში წერია: ,,დევნილთა სოციალური დაცვა უნდა მოექცეს საერთო ეროვნულ პროგრამებში და აღმოიფხვრას დღეს არსებული დისკრიმინაცია". ეს ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი მიიღებს თანხას და დაცული - არაფერს. ნაციონალებს ეს უფრო მკაფიოდ უწერიათ 2008 წლის სტრატეგიაშიც, რომ „მოხდება უკიდურესად გაჭირვებული დევნილების სოციალურ პროგრამებში ინტეგრაცია, რის შედეგადაც დევნილები არა სტატუსიდან გამომდინარე, არამედ საჭიროებისამებრ მიიღებენ დახმარებას". ანუ ის, რასაც დღეს ნაციონალები ებრძვიან, მათ მიერ არის მიღებული.

 

- ნაციონალების გადაწყვეტილებები რომ არ მოსწონდა ხალხს, სწორედ იმიტომ აგირჩიათ თქვენ, ბატონო სოზარ...


- 2015 წლის 4 თებერვალს შევიმუშავეთ დევნილთა მიმართ 2015-2016 წლების სტრატეგია, სადაც წერია, რომ მოხდება დევნილთა მიმართ სოციალური დახმარების სისტემის ტრანსფორმირება სტატუსიდან საჭიროებაზე. ანუ დახმარებები სტატუსის კი არა, გაჭირვების გამო უნდა მიიღონ. კრიტერიუმები, რომლებიც ჩამოვთვალე, გამჭვირვალეა. ამას, 2003 წლიდან ითხოვენ საერთაშორისო და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები.


- სოციალურად დაუცველები ხომ ისედაც იღებენ დახმარებას, რა მნიშვნელობა აქვს, დევნილები იქნებიან თუ არა?


- თუ საუბარია იმაზე, ვინც ბინა მიიღო, მაშინ დიახ, უნდა გავათანაბროთ. ხოლო ვისაც ბინა არ მიუღია, მათ ვუორმაგებთ ამ თანხას.


- რატომ უწყდება დახმარება დევნილს, რომელმაც ბინა მიიღო, მაგრამ შემოსავალი არ აქვს?


- დევნილი, რომელმაც ბინა მიიღო, მაგრამ უმუშევარია, ისეთივე და ხშირად უკეთეს პირობებშიც კი იმყოფება, ვიდრე მეზობელ კორპუსში, „ხრუშჩოვკაში" მცხოვრები უმუშევარი მოქალაქე. თუ სოციალურად დაუცველია, მიიღებს სოციალურად დაუცველის დახმარებას. ასევე გვყავს ეკომიგრანტები, რომლებსაც სახელმწიფო ეხმარება - 25 000 ლარის ფარგლებში მათთვის ბინას ვყიდულობთ. რადგან პოლიტიკური ვითარება ასე განვითარდა და ეს პრობლემა ვერ ავიცილეთ, ვიღებთ ვალდებულებას, ბინით ყველა დავაკმაყოფილოთ, მაგრამ არასწორია, კიდევ 2-3 თაობა, ეკონომიკურად წელგამართულიც და გაჭირვებულიც, ერთნაირად იღებდეს დახმარებას... მით უმეტეს, ამ რეფორმით თანხაც იზოგება.


- რას მოხმარდება ეს თანხა?


- ჩემი გათვლით, ეს თანხა საკმარისი იქნება, გაორმაგდეს დევნილთა სახლების ოდენობა და თუ წელიწადში 2000 ბინას ვაშენებთ, 4000 ავაშენოთ.


- ეს ბინები კონკრეტულად სად აშენედება?


- ყველგან, სადაც დევნილები არიან. სრული ინტეგრაციისთვის ეს უკეთესია, ვიდრე კომპაქტური დასახლებების მოწყობა. დევნილობა ზოგისთვის სტიგმადაც იქცა - ბავშვი, რომელიც 7 კვ.მ ფართის ოთახში ცხოვრობს, თანაკლასელს სახლში ვერ პატიჟებს და თავს დაჩაგრულად გრძნობს. ბინით დაკმაყოფილება ამიტომაა აუცილებელი.


- ვისაც ასე მცირე ფართის ბინები უკვე დაკანონებული აქვს, ითვლება, რომ ბინით დაკმაყოფილებულია. მათ პრობლემას როგორ მოაგვარებთ?


- არც ერთი ასეთი ბინა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მათ არ დაუკანონდათ და თუ მაინც მოხდა, ეს იყო კატეგორიული თხოვნა - დამიკანონეთ და სხვა არ მჭირდებაო. რაც შეეხება, წინა პერიოდში დაკანონებულებს, საკითხი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს - თუ დადგინდება, რომ ფართი ისე დაუკანონდათ, არც იცოდნენ, ან მოატყუეს, ან დააძალეს, სასამართლო მას გააუქმებს. მაგრამ სასამართლო მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებს, თუ ვინმემ იფიქრა, ამ ფართს დავაბრუნებ და ახალაშენებულ კარგ ბინას მივიღებო.

 

- ზოგი თაღლითური მეთოდით ცდილობს ბინის მიღებას. ასეთი ფაქტი თქვენმა სამინისტრომ გამოავლინა?


- ბევრი ასეთი საქმე მაქვს გაგზავნილი სასამართლოში. ჩემი მინისტრობის პერიოდში 9 თაღლითური ჯგუფია დაკავებული. მიდიან დევნილთან და ეუბნებიან, ვთქვათ, 7000 დოლარად ბინას მიიღებო. 9-დან 7 ფაქტის შესახებ ინფორმაცია ჩემი გადაცემულია. მათგან ზოგი ციხეშია, ზოგი კი გირაოთი გაუშვეს.

 

- 9 ფაქტი ცოტა არაა, როცა პრობლემა მასშტაბურია?


- ყოველდღე ვაფრთხილებ ადამიანებს, ნუ დაუჯერებენ თაღლითებს და თუ დაუჯერებენ, მერე შიმშილობა და პირის ამოკერვა აღარ უშველით. დევნილებიც უნდა დაგვეხმარონ, უნდა ითანამშრომლონ. მიდგომით, ძველი ბიჭი ვარ და მე რატომ უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, სახელმწიფო ვერ აშენდება. ევროპაში ადამიანი საგზაო წესებს რომ დაარღვევს, 20 კაცი რეკავს პოლიციაში. თუ ჩვენთან სიცილიაა და ვენდეტა გვაქვს, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების იმედი არ უნდა გვქონდეს.

 

- ამ რეფორმაზე საუბარი რატომ დაიწყო სწორედ ახლა, როცა ქვეყანაში ფინანსური კრიზისია? ხელისუფლება ბიუჯეტის ფულს დევნილების ხარჯზე ზოგავს?


- ფულის დაზოგვა რომ ხდებოდეს, ეს ფული სადღაც ხომ უნდა წავიღოთ? ეს თანხა ბოლო თეთრამდე მოხმარდება დევნილებს.


- ასეთი დაპირებების აღარ სჯერა ხალხს...


- ნუ სჯერათ, რა ვქნათ. რა არ სჯერათ?


- დაზოგილი ფული ისევ მათ რომ მოხმარდება.


- თბილისში, დევნილებს 1800 ახალი ბინა გადავეცით. სააკაშვილმა კი, დედაქალაქში მათთვის ბინების გადაცემა აკრძალა. ვისაც არ სჯერა, ნახოს თბილისის ზღვაზე, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, როგორი კორპუსები ავაშენეთ და რა პირობები აქვთ დევნილებს. ტემპის გაზრდაც შეიძლება უცხოური სესხის აღების შემთხვევაში, მაგრამ ამას სავალუტო ფონდი და სააკაშვილის მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებაც გვიკრძალავს. მე მარტივ რამეს ვამბობ: მდიდარს წაერთმევა და ღარიბს მიეცემა.


- დამატებითი 45 ლარი იმ დევნილისთვისაც მნიშვნელოვანია, ვინც სიღარიბის ზღვარსქვემოთ არ არის, მაგრამ არც მდიდარია. ამ ფენას რას პასუხობთ?


- ომის მონაწილის 22-ლარიანი შემწეობა არასდროს ამიღია. როცა სახალხო დამცველი ვიყავი, ამ თანხას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა ერთ-ერთ სოციალურ სახლს ვურიცხავდი. დევნილი, რომელსაც სახელმწიფომ ბინა მისცა და არაა სოციალურად დაუცველი, რით განსხვავდება არადევნილისგან, რომელიც იმავე პირობებში ცხოვრობს? სადღაც ზღვარი ხომ უნდა გავავლოთ? იმ ყოფილი დეპუტატების შვილები იღებდნენ ამ თანხას, რომლებიც სტატუსებს წერენ, როგორი საშინელება ხდება. წარმოგიდგენიათ, რამდენ გაჭირვებულს მოხმარდებოდა ეს ფული? დეპუტატის ხელფასი ვარსკვლავებს არ ეთამაშება, მაგრამ 3000 ლარს ხომ იღებს?

 

- სწორედაც „ეთამაშება ვარსკვლავებს", რადგან მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს სანატრელი ხელფასია...


- ბიზნესმენთან შედარებით ვთქვი. არავინ იქნება კმაყოფილი, ვისაც დაფინანსება უწყდება, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ არა იქიდან, რამდენი კმაყოფილი იქნება, არამედ იქიდან - რა არის სამართლიანი და სწორი.

 

- მინისტრი რომ არ იყოთ, ხელფასი 500 ლარი გქონდეთ და მთავრობამ ომის ვეტერანის 22-ლარიანი შემწეობა მოგიხსნათ, მოგეწონებათ?


- არ მომეწონება, მაგრამ სამართლიანი იქნება.


- ასე ალბათ, განაწყენებული დევნილები არ იფიქრებენ. მათგან მასობრივ აქციებს ხომ არ ელოდებით?


- მთავარია, რა არის სწორი. თბილისი იწამლება. მანქანები, რომლებიც გამონაბოლქვს უშვებენ, ჯართია. ამ მიმართულებით რადიკალური რეფორმა უნდა გაგვეტარებინა, მაგრამ არ გავატარეთ, რადგან უამრავი გაჭირვებულია. ძველ მანქანებზე გადასახადის გაძვირებას დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, მაგრამ ხომ სწორი იყო? კიდევ რამდენი მაგალითი მოგიყვანოთ... ყოველწლიურად 600 კაცი კვდება ავტოკატასტროფის შედეგად. ავარიების დიდი ნაწილი იმიტომ ხდება, რომ გაუმართავი მანქანებია. არადა, ტექდათვალიერებასაც მოჰყვება დიდი ხმაური, რადგან გაუმართავი მანქანების პატრონებს უჭირთ...

 

- კითხვაზე კონკრეტულად არ მიპასუხეთ, მაგრამ რადგან ავტოავარიები ახსენეთ, გკითხავთ - რუსთაველზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად თქვენი გვარიც დაუკავშირდა. მართალია, რომ ავარიის მონაწილე გიორგი ჯაფარიძე თქვენი ხელმოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს?


- ცხადია, ასეთი ხელმოწერა ბუნებაში არ არსებობს. არც ამ ოჯახს ვიცნობ, არც ამ ბიჭს. რატომ უჩნდებათ ადამიანებს სურვილი, რაღაც თემა მოიგონონ და მერე დატკბნენ, ვიღაცები როგორ ილანძღებიან? მეტი რა გიპასუხოთ, როცა გავიგე, რომ მსგავსი რაღაც დაიწერა, მერე გავარკვიე, ვინ არის ეს ადამიანი და გავიგე, რომ მესტიელი ყოფილა. ხუმრობით ვიტყვი, თუ სვანობა კოლექტიური დანაშაულია, კი ბატონო, მზად ვარ, პასუხი ვაგო.


- გასაგებია. დევნილების თემას დავუბრუნდეთ. ბინების დაკანონების პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს?


- დაკანონება და ბინის მიცემა უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ვიღაცას შეხვდება 20 კვ.მ და ვიღაცას 80. ბინების მიცემა კი, ქულების მიხედვით ხდება. პროცესი გამჭვირვალეა, მაგრამ შემდეგ იწყება, ვის რომელი შეხვდება. შშმ პირებს პირველ სართულზე ვაძლევთ ბინებს, დანარჩენები დალუქულ კონვერტებს იღებენ საჯაროდ და ნახულობენ, რომელ სართულზე იცხოვრებენ. ორმა ადამიანმა ბინა უკან დააბრუნა იმის გამო, რომ მე-12 სართულზე შეხვდათ. ბრძანებაში ცვლილება შევიტანე და 2 წელი არ განვიხილავთ მათ საკითხს, ვინც უკან აბრუნებს ბინებს.

 

- ჩვენი ინფორმაციით, თეთრიწყაროს რაიონში ჩასახლებული ეკომიგრანტებისთვის გადაცემული სახლების დაკანონება გაჭიანურდა. რატომ?


- სახლები 1100 ოჯახს უნდა დაუკანონდეს. წალკიდან დავიწყეთ, შემდეგ იყო ნინოწმინდა და თეთრიწყარო. ყველას დაუკანონდა, ვისაც საბუთები წესრიგში ჰქონდა. როცა საბუთებში ხარვეზებია, მათ გასწორებას ზოგჯერ რამდენიმე კვირა და თვე სჭირდება.


- რამდენიმე თვე რა საჭიროა, ეს ხომ მარტივი პროცედურაა?


- საბუთში მრავალი ხარვეზი შეიძლება იყოს. მაგალითად, მეპატრონე შეიძლება საბერძნეთში ცხოვრობს, უნდა მოვძებნოთ, რასაც დიდი შრომა სჭირდება და შეიძლება თვეებიც არ ეყოს. ზოგჯერ, ძველ ნახაზებში ორი ეზო ერთმანეთზეა გადაფარებული და ნამდვილი საზღვარი უნდა დავადგინოთ. შრომატევადი საქმეა. შეგვეძლო, საერთოდ არ აგვეტკიებინა თავი და გვეთქვა - თავად გაერკვიათ, მაგრამ ასე არ მოვიქეცით. 13 000 სახლი მათ ბოლო 2 წელში უკვე დავუკანონეთ. ახლა დავიწყეთ ახალი პროექტი - საერთო სარგებლობის ფართებს ამხანაგობებს ვუკანონებთ. მთლიანობაში, 97 000 ოჯახია დევნილის სტატუსით. მათგან 35 000-ს ბინა დაკანონებული აქვს. 13 500-ის დაკანონება კი უშუალოდ ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მოხდა. 2008 წლის ომის შემდეგ დაახლოებით 11 ათასი დევნილი ოჯახია, მათ აუშენდათ კოტეჯები.


- ანუ, ბინას 54 000 ოჯახი კიდევ ელოდება. წელიწადში 4000 ბინას თუ გადასცემთ, მაინც გრძელვადიანი პროცესი გამოდის. ყველა დევნილი ბინით რამდენ წელში დაკმაყოფილდება?


- ჩემი რეფორმის შემთხვევაში, გვაქვს განსხვავებული იდეაც - გამოვაცხადოთ ტენდერი და რომელიმე ქართულმა ან საერთაშორისო კომპანიამ, თავისი თანხებით ააშენოს სახლები. იმ საბიუჯეტო თანხებს კი, რომელთა აკუმულირებასაც მოვახდენთ, მას 10 წლის განმავლობაში გადავუხდით. ამ შემთხვევაში გვაქვს შანსი, 3 წელიწადში ყველა დევნილს ბინა ჰქონდეს.



თათია გოჩაძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner