„გახლეჩის მერე ნაციონალები ერთმანეთის წინააღმდეგ კომპრომატებს დადებენ, პოლიტიკური ძალების დაპირისპირებისას ჟვანიას საქმეს აუცილებლად წინა პლანზე წამოსწევენ, თავს ვეღარ შეიკავებენ. მათგან კიდევ ბევრ საინტერესო ამბებს მოვისმენთ, მეტიც, მგონია, ეს საქმე ისე გაიხსნება, გამოძიებაც აღარ დასჭირდება, ერთმანეთს საიდუმლოს არ შეუნახავენ!" - ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას მეგობარმა მარინა მოლოდინმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებას ჰგონია, რომ ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიება შეჩერებულია, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. მოლოდინის განცხადებით, ოჯახს იმედი აქვს, რომ დღევანდელი ხელისუფლება დაინტერესებულია საქმის გამოძიებით და საბოლოო დასკვნა მალე გახდება ცნობილი.
„ამ საკითხზე ზურას ძმას გოგლას ველაპარაკე, გარედან ისე ჩანს, თითქოს გამოძიება გაჩერებულია, მაგრამ ეს ასე არ არის, გრძელდება. იმის გამო, რომ ამ 12 წლის განმავლობაში ბევრი მასალაა გაყალბებული, დრო იწელება. ყველა გამოძიების შედეგებს ველოდებით, მათ შორის, თქვენთვის კარგად ცნობილი ადამიანები, მაგალითად, ლანა ღოღობერიძე და ელდარ შენგელაია.
გვჯერა, რომ დღევანდელი ხელისუფლებაც დაინტერესებულია საქმის გახნით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც იმედს მაძლევს. ხშირად მსმენია, პოლიტიკური მკვლელობები საიდუმლოდ რჩებაო - ბოლოს და ბოლოს, ნავსი ხომ უნდა გატყდეს. მიიღონ ამ საქმის გახსნის პოლიტიკური ნება", - აცხადებს მოლოდინი.
მოლოდინმა ზურაბ ჟვანის დაცვის წევრის, ხარშილაძის განცხადებაზეც ისაუბრა, რომელიც მან „რუსთავი 2-ის" ეთერში გააკეთა. როგორც მოლოდინი აღნიშნავს, ხარშილაძე სააკაშვილის დასაშანტაჟებლად გამოიყენეს.
„როცა ხარშილაძემ „რუსთავი-2"-ში ისევ საკუთარ უდანაშაულობაზე გონორით ისაუბრა, მაშინ ვთქვით, რომ დღეს ისინი გიგა ბოკერიას გუნდის წევრები არიან, ეჭვიც გაგვიჩნდა, რომ სააკაშვილის დასაშანტაჟებლად გამოიყვანეს და ასეც იყო - ეს გახლდათ სააკაშვილის მისამართით გაგზავნილი სიგნალი, რის შემდეგაც მოხდა ნაციონალების გახლეჩა. დარწმუნებული ვარ, მათ იმხელა დამსახურება აქვთ ზურას უეცარი გარდაცვალების ამბის მიჩქმალვაში, რომ ახალ „ევროპულ საქართველოში" ლიდერებადაც მოგვევლინებიან", - განაცხადა მოლოდინმა.