სახელმწიფო კანცელარიაში ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების ეფექტურობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების, პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის ხელმღვანელმა პირებმა.
შეხვედრაზე რეფორმის მიმდინარეობისა და მისი ეფექტურობის შესახებ ვრცლად ისაუბრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა რეფორმის სამომავლო გამოწვევებზე.
„თანხა, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, მაქსიმალურად ეფექტურად უნდა იყოს გამოყენებული; მისი მაქსიმალური რაოდენობა უნდა მივიდეს პაციენტამდე და მოემსახუროს იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება. ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს ასეთი სტრუქტურებისა და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლობის საერთაშორისო პრეცედენტები", - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა, რომელსაც ძალიან მალე ავამოქმედებთ. ის რეალურად ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის, აგრეთვე ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის ეფექტურობის ამაღლებაზე," - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა თეთრი, რომელიც გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაქსიმალურად მოხმარდეს ჩვენს მოქალაქეებს. შესაბამისად, საყოველთაო ჯანდაცვა - რეფორმა, რომლითაც ჩვენ ყველანი ვამაყობთ, რა თქმა უნდა, ასეთი უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულებით ძალიან ბევრ ქმედებას განახორციელებს", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები ჯანდაცვის რეფორმის შედეგების მონიტორინგის მიმართულებით მომავალშიც გაიმართება.