თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია ფიქრობს, რომ საკრებულოს უმცირესობის წევრები მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემის პოლიტიზირებას ცდილობენ და ამ საკითხზე სამართლებრივი კუთხით არ საუბრობენ.
ჯაბა სამუშიას განცხადებით, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ნატა ნაზღაიძის ძმას ვერეს ხეობაში საკუთრება არ აქვს, არის ოქტომბრის რეალობა, ხოლო იმ დროს, როდესაც სტიქია მოხდა, ნაზღაიძე იმ ტერიტორიის მფლობელი და დაზარალებული იყო. მისივე განმარტებით, აღნიშნულ ადგილზე მშენებლობის უფლება ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში გაიცა. ის უმცირესობის წევრებს მოუწოდებს, პირადად მასთან მივიდნენ და გამოითხოვონ მთელი დოკუმენტაცია, რათა სრული ინფორმაცია მიიღონ.
სამუშიას ინფორმაციით, ნაზღაიძის ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხის განხილვის დროს, მან არ იცოდა, რომ ზვიად ნაზღაიძე მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა იყო.
„დეკემბერში, როდესაც საკრებულოში ზვიად ნაზღაიძისთვის 1 მილიონი ლარის გადაცემაზე მსჯელობდნენ, მაშინ დოკუმენტაცია სრულად იყო წარდგენილი. ეს არის ერთადერთი მიწის ნაკვეთი ვერეს ხეობის ამ მონაკვეთში, სადაც სტიქიის ზონა იყო, რომელზეც გაცემული იყო "გაპი" ანუ მშენებლობის ნებართვა. თუ ჩვენ არ მოვახდენდით აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოსყიდვას, არ მოვახდენდით მის ჩამორთმევას, შეუძლებელი იყო, მაშინ მესაკუთრეს ჰქონდა სრული უფლება, რომ ემოქმედა და აღნიშნული გაპიდან გამომდინარე, იმ ტერიტორიაზე მოეთხოვა მშენებლობის ნებართვა," - აცხადებს ჯაბა სამუშია.