logo_geo
eng_logo
სასამართლომ ბრალდებული ბ. ჩაგუნავა დამნაშავედ სცნო
- +

9 თებერვალი. 2017. 21:44


 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა დამნაშავედ სცნო  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით.


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 7 ოქტომბერს, პოლიციის თანამშრომლებმა ქ.თბილისში, გმირ კურსანტთა ქუჩაზე მდებარე თავდაცვის სამინისტროს ცალკეული სამედიცინო ბატალიონის თანამშრომლის ბორის ჩაგუნავას საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკეს, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ერთი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება და ასაფეთქებელი მოწყობილობა. 

 

სამართალდამცველებმა ბორის ჩაგუნავა 8 ოქტომბერს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა) წარუდგინეს. წარდგენილ ბრალდებაში ბორის ჩაგუნავამ თავი მთლიანად სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები მასთან ბინაში 2016 წლის ზაფხულში შესანახად მისმა სიძემ დარჩო ხეჩუაშვილმა მიიტანა.


საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დარჩო ხეჩუაშვილი გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 -ე  მუხლის პირველი ნაწილის „გ", მეორე ნაწილის „ბ", მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით და  187-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით. დარჩო ხეჩუაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადებულია ძებნა.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბორის ჩაგუნავა სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით. პროკურატურა არ ეთანხმება  სასჯელის პირობითად ჩათვლას და აღნიშნულ განაჩენს  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner