ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" გარშემო მიმდინარე პროცესებს შემდეგი კომენტარით ეხმაურება:
„ბევრი ლაი-ლაი არ არის საჭირო "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით!
არ ვიცი, რას შეძლებს ვასილ მაღლაფერიძე, მაგრამ მისი მიდგომა სწორია!
მე ჯერ კიდევ 2001 წელს დავტოვე ეს სტრუქტურა და აშკარად ვხედავ, რომ მას შემდეგ, ანუ 16 წელიწადში არათუ რამე შეიცვალა, გაუარესდა კიდეც. მოხდა მხოლოდ ერთი ცვლილება - "კატასტროფულად" გაიზარდა დაფინანსება 40 მილიონამდე!
საზოგადოებრივი ტელევიზია და რადიო გაცილებით უკეთესი იყო 20-30 წლის წინ, ვიდრე ახლაა. მიკვირს, როცა დღეს ისევ ვხედავ მაშინდელ სახეებს და ერთი-ორს ისიც კი წამოსცდა, შეიძლება ისევ ტელევიზიის კიბეზე დავსხდეთო, როგორც ზვიად გამსახურდიას დროსო. ეს სასაცილოა, აქედანაც ჩანს, რომ მავანნი 1990-იან წლებში ჩარჩნენ!
სხვათა შორის, ყველაზე უკეთესი იქნება, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გაიყიდოს და დამთავრდეს თავის მუდმივი ტკივილი. საქართველოს ნამდვილად არ აქვს იმდენი ფუფუნების უფლება, ყოველწლიურად 40 მილიონი ლარი თოფში ჩატენოს და გაისროლოს. არჩილ გოგელიას შემდეგ ყველა დირექტორმა მაგრად მოითბო ხელი!
ტელევიზია, რომელიც საკუთარ მდიდარ არქივსაც კი ვერ მოაწესრიგებს, დასახურია!
კარგი იქნება, ზოგიერთმა შეწყვიტოს თავის ქიცინი და ცრემლების ღვარღვარი, ეგ სამსახური არ გახლავთ სათნოების სახლი!",- აცხადებს ზედელაშვილი.