ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სან-ფრანცისკოს მეცხრე ოლქის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის საიმიგრაციო განკარგულების დაბლოკვის თაობაზე, „ტვიტერში" გამოეხმაურა. ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის უსაფრთხოება რისკის ქვეშ არის.
„სასამართლოში შეხვედრამდე. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება რისკის ქვეშ არის", - წერს ტრამპი.
ჟურნალისტებთან საუბარში ამერიკის პირველმა პირმა იმედი გამოთქვა, რომ მოსარჩელეებს სასამართლოში შეხვდება და საქმეს მოიგებს.
„ეს ძალიან, ძალიან სერიოზული სიტუაციაა. იმედი გვაქვს, მოსარჩელეებს სასამართლოში შევხვდებით. ჩვენ ამ საქმეს მოვიგებთ. სააპელაციო სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია შემდეგი იურიდიული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ ეს საკითხი იუსტიციის დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელ ჯეფ სეშნსთან ჯერ არ განუხილავს.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ „სწავლობენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ".