ავტორი სალომე უერთაშვილი
„ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი მარიამ ფირცხალაიშვილი „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განაცხადებას, რომ სტუდენტთა დაფინანსების წესი და საგრანტო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს.
ფირცხალაიშვილის განცხადებით, მსგავსი რეფორმა გამოიწვევს ძალიან ბევრ ხარვეზს. მისივე თქმით, „ჩამორთმეული" გრანტის სხვისთვის გადაცემა დროში გაწელილი პროცესია, ხოლო ჯეჯელავას განცხადება, რომ ეს პროცესი სტუდენტებში მოტივაციის გაზრდას ემსახურება, არასაკმარისი არგუმენტია.
„თუკი ცვლილების შინაარსი დაეფუძნება „ჩამორთმეული" გრანტის გადაცემას მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებზე, მაშინ ვაწყდებით ადმინისტრირების პრობლემას. გრანტის გაცემის პოლიტიკა და მისი სამართლიანად განხორციელება უშუალოდ უკავშირდება სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, შესაბამისობის ცხრილების შედგენასა და სხვა აქტივობებს, რაც დროში გაწელილი პროცესია, რომელიც სხვადასხვა ხარვეზს გამოიწვევს.
შესაძლებელია, რომ კონკრეტული უნივერსიტეტი გაცილებით მაღალ მოთხოვნებს უყენებდეს სტუდენტებს შესაბამის საგანში სრულყოფილი ცოდნის მისაღებად, ვიდრე სხვა. ამ შემთხვევაში გარკვეულ უსამართლობასა და უთანასწორობას ვაწყდებით.
საგრანტო სისტემაში ცვლილებების გასამართლებლად არასაკმარისი არგუმენტია სტუდენტთა მოტივაციის გაზრდა, რადგან საგანმანათლებლო დარგში არსებობს სახელმწიფოს მიერ შემუშავებული და მოქმედი პროგრამები, რომლებიც უშუალოდ სტუდენტთა მოტივაციის გაზრდისკენაა მიმართული", - განაცხადა ფირცხალაიშვილმა.
მისივე თქმით, ორგანიზაციამ შეისწავლა საკითხი, მოახდინა რეფორმის გამოწვევების ინდეტიფიცირება და ისინი სარეკომენდაციო წინადადებით მიმართავენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. „ახალგაზრდა ადვოკატები" მოითხოვს შეთავაზებული საკითხების გათვალისწინებას.
„საქართველოს არაერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აპრობირებული მეთოდია სტუდენტთა სახელისა და გვარის დაშტრიხვა შუალედური და დასკვნითი გამოცდების საგამოცდო ნაშრომებზე. აღნიშნული სისტემის არა ნებაყოფლობითობა, არამედ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სავალდებულო წესით შემოღება შეამცირებს ლექტორთა/სემინარის ხელმძღვანელთა მიერ საგამოცდო ნაშრომის არაობიექტური შეფასების რისკს.
თუკი დაფინანსების წესის ცვლილება განხორციელდება, საჭიროა, განისაზღვროს, რომ ის საერთო იყოს ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის და არ მიეცეს ცალკეულ უნივერსიტეტებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში სისტემაში შიდა ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა, რადგან განსხვავებული მიდგომებისა და შეფასების არსებობა, გაართულებს სტუდენტთა მობილობის პროცესში გრანტის შენარჩუნებისა და განსაზღვრის წესს", - განაცხადა მარიამ ფირცხალაიშვილმა.