ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, გორის რაიონის სოფელი კირბალის 3 მკვიდრი რუსმა ოკუპანტებმა გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ „რეპორტიორს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ოსური მედიის ინფორმაციით, ავთანდილ თაყაძე, ჯემალ აბალაკი და ლაშა თოდიაშვილი სოფელ გრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან არსებულ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსი ოკუპანტები ყოველწლიურად ათობით ქართველს აკავებენ, ჯარიმის სახით გარკვეულ თანხას ახდევინებენ და შემდეგ ათავისუფლებენ.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა, მოახდინა მათი ოკუპიაცია და დღემდე ახორციელებს საქართველოს ამ ტერიტორიების კონტროლს.