logo_geo
eng_logo
„უჩა ნანუაშვილის მოქმედებები ზიანს აყენებს როგორც სასამართლოს ავტორიტეტს და პრესტიჟს, ასევე სახალხო დამცველის ინსტიტუტს“
- +

10 თებერვალი. 2017. 15:47



თბილისის საქალაქო სასამართლო სახალხო დამცველს განცხადებით პასუხობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება სახალხო დამცველის - უჩა ნანუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას საერთო სასამართლოებში სისტემური ხარვეზების თაობაზე, რაც უკავშირდება უჩა ნანუაშვილის უკმაყოფილებას სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული პირის (მოსარჩელის) სასარგებლოდ დასრულებულ შრომით დავას. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი უჩა ნანუაშვილის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. აღნიშნულ დავაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ უჩა ნანუაშვილი მიზანმიმართულად ეწევა სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას. ვინაიდან, სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია უშუალოდ მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, პირადი დაინტერესების მოტივით გაკეთებული განცხადებები ემსახურება სასამართლოს საქმიანი რეპუტაციის შელახვას. სახალხო დამცველის განაწყენებული პოზიცია გამოწვეულია მისი სუბიექტური დამოკიდებულებით საქმის შედეგის მიმართ.

 

სასამართლო შეახსენებს უჩა ნანუაშვილს, რომ მისი, როგორც სასამართლო დავაში მონაწილე მხარის საჯარო გამოსვლა და ამ ფორმით სასამართლოს გადაწყვეტილების კრიტიკა განსაკუთრებით მიუღებელია საქართველოს სახალხო დამცველის სტატუსის გათვალისწინებით.

 

უჩა ნანუაშვილი გაკვირვებულია მითითებულ დავაზე საქმის განხილვის ვადის სიმცირით მაშინ, როდესაც შრომითი კატეგორიის დავებზე სასამართლოს კანონმდებლობით განსაზღვრული ერთთვიანი განხილვის ვადა აქვს. უჩა ნანუაშვილი მიუთითებს, რომ მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არის ტენდენციური და უპრეცედენტო, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ, 2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად განიხილა შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული 163 ადმინისტრაციული საქმე, რომელთაგან 125 დასაქმებული პირების სასარგებლოდ გადაწყდა.

 

სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას, მით უფრო, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტის მხრიდან, როგორიც საქართველოს სახალხო დამცველია. უჩა ნანუაშვილის  მოქმედებები ზიანს აყენებს როგორც სასამართლოს ავტორიტეტს და პრესტიჟს, ასევე სახალხო დამცველის ინსტიტუტს", - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner