logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: საბაჟო სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალე და მომხმარებლისთვის კომფორტული უნდა იყოს
- +

11 თებერვალი. 2017. 13:00


 

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს საბაჟო სისტემა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და კომფორტული მომხმარებლებისთვის", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ყოფნისას, სადაც ის მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად აღნიშნულ გეზ-ის საქმიანობას გაეცნო. ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონა  დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა დაათვალიერა.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პროცესები, რომლებიც დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, განსაკუთრებით კი საბაჟოს მიმართულებით ხორციელდება. დღევანდელი მედიატურის მიზანი იყო, დეტალურად გვეჩვენებინა მედიისთვის, თუ როგორია საბაჟო პროცედურები და მათი კონტროლის სისტემა, მათ შორის, არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენა. რამდენად მზადაა ჩვენი საბაჟო იმისთვის, რომ განახორციელოს ეფექტური კონტროლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებზე", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა დაათვალიერა ფოთის გეზ-ის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ცენტრი, სადაც ხორციელდება ტვირთებისა და სურსათის სასაზღვრო კონტროლი, ასევე, სატრანსპორტო საშუალებების რენტგენოსკანერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შემოწმება.


ფოთის გეზ-ში გაფორმების პროცედურები ხორციელდება ერთი ფანჯრის პრინციპით, მომსახურება ორიენტირებულია მომხმარებლისათვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზე, დროისა და მატერიალური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვის მიზნით.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner