ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ზაფხულში საქართველო ვიზალიბერალიზაციის კუთხით საბოლოო შედეგს მიაღწევს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ იმ შედეგს მივიღებთ, რაზეც ჩვენი ქვეყანა უკვე ბევრი წელია იბრძვის, მუშაობს. ეს არის გზა, რომელიც აირჩია ქართველმა ხალხმა ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დროიდან დაწყებული. ძალიან რთული გზაა, რომელიც ჩვენ გამოვიარეთ. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა წლების განმავლობაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა დემოკრატიის მიმართულებით და მე ვფიქრობ, ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს ამ მიმართულებას. მესმის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს თავისი ვიწრო პარტიული ინტერესები, რაც რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყნის სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ, ევროპის დიდი ოჯახისკენ, მაგრამ მერწმუნეთ, ამ მიმართულებას ვერაფერი შეაჩერებს, ვერც "ნაციონალური მოძრაობაის" ვიწრო პარტიული ინტერესები და ვერც სხვა რამ.
მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც იყო გაცხადებული, ჩვენ ზაფხულში მივიღებთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ სახალხო პარტიის სხვა წევრები ისე არ ფიქრობენ, როგორც ეს არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა მისმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.