logo_geo
eng_logo
„ვარდების მკვლელობების“ შოკისმომგვრელი X-ფაილი
- +

11 თებერვალი. 2017. 16:13



მანქანაში ჩაცხრილული ბიზნესმენი და დარიშხანი ადმირალისთვის, ანუ გვამები, რომლებიც ცოცხლებზე უკეთ „ლაპარაკობენ"...


X-ფაილის დღევანდელი გამოშვება საქართველოს ბოლო ათწლეულის ანუ ნაციონალური მმართველობის ერთგვარი სისხლიანი ანატომიაა. დიახ, ეს იყო „უნდობარი ხანა", რომელმაც სისხლი და ცრემლები უხვად მოიტანა! საერთოდ, საზოგადოებაზე გვამებით ზემოქმედება ყველა დროის ყველა ხელისუფლებას ახასიათებს, რის დასტურადაც, კომუნისტების ეპოქაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, შავბნელი 90-იანებიც გამოდგება. სოლიკო ხაბეიშვილი, გია ჭანტურია, გია გულუა, დემურ დვალიშვილი (ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის ბურუსით მოცულ მკვლელობისა თუ თვითმკვლელობის X-ფაილი „ვერსიამ" უკვე გამოაქვეყნა), - ეს იმ ადამიანთა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც პოსტსაბჭოთა ეპოქის პირველ წლებში პოლიტიკური, ბიზნეს თუ სპეცსამსახურული თამაშების მსხვერპლნი გახდნენ...


21-ე საუკუნემაც საქართველოში სისხლით „შემოაბიჯა" - 2002 წლის 25 თებერვალს, სახელმწიფო კანცელარიაში ანუ იქ, სადაც ქვეყნის პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის სამუშაო კაბინეტია, გაისვრიან. ამ გასროლას უშიშროების საბჭოს მდივანი ნუგზარ საჯაია შეეწირება და მაშინვე გავრცელდება ინფორმაცია, რომ საჯაიამ, რომელიც აწ განსვენებული ედუარდ შევარდნაძის მარჯვენა ხელი გახლდათ, თავი მოიკლა, თუმცა, თვითმკვლელობის ვერსია ნელ-ნელა გაცამტვერდება.


მართალია, მას შემდეგ 15 წელი გავიდა, მაგრამ შესაბამის ორგანოებს დღემდე არ უთქვამთ, უშიშროების საბჭოს მდივანმა სიცოცხლე მართლაც სუიციდით დაასრულა თუ, უბრალოდ, მოკლეს. არადა, მკვლელობის ვერსიას არსებობის უფლება აქვს, რამეთუ სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, იმ ადამიანებმა, რომლებიც კაბინეტში გასროლისთანავე შევიდნენ, უშიშროების საბჭოს მდივნის სხეულზე ორი ნატყვიარი აღმოაჩინეს...


ისე, ორი ტყვიითა თუ იარაღით თვითმკვლელობის დრამა „ვარდების საქართველოშიც" გათამაშდება. ყოველ შემთხვევაში, სამართალდამცავები „დაგვარწმუნებენ", რომ ლევან სამხარაულის მკვლელმა თავი სწორედ ორი იარაღით მოიკლა(!)... სხვათა შორის, ლევან სამხარაულის ტრაგედიას „ვარდების ტრაგედიათა" კასკადი მოჰყვება - 2007 წლის გაზაფხულზე, თბილისის ერთ-ერთ ყველზე ხალხმრავალ ადგილას, მელიქიშვილის გამზირზე გურამ შარაძეს მოკლავენ; ასევე, 2007 წლის დასაწყისში ნაციონალებთან დაახლოებული კახელი ბიზნესმენი ნოდარ საქუაშვილი გარდაიცვლება; ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2008 წლის 12 თებერვალს, ლონდონში, საკუთარ სახლში ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი აღესრულება. პატარკაციშვილის გარდაცვალებამდე ზუსტად სამი წლით ადრე, 2005 წლის 3 თებერვალს კი, შს მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და გენპროკურორი ზურაბ ადეიშვილი პრემიერ ზურაბ ჟვანიას გაზით გაგუდვას გვამცნობენ.


სხვათა შორის, პატარკაციშვილი და ჟვანია მეგობრები იყვნენ... საერთოდ, თუ დავაკვირდებით, თებერვალი საქართველოსთვის ერთობ ფატალურია - 2005 წლის 4 თებერვალს ანუ პრემიერის უცნაური გარდაცვალებიდან ზუსტად მეორე დღეს, თავს ჟვანიას ადმინისტრაციის თანამშრომელი და მასთან დაახლოებული პიროვნება, ვინმე გიორგი ხელაშვილი იკლავს. 5 თებერვალს კი მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა ჯინჭარაძეს კლავენ, რომელიც ასევე ზურაბ ჟვანიას მეგობარი გახლდათ...


მოკლედ, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ იმ გახმაურებულ მკვლელობებს შორის, რომელიც 2000-იანი წლებიდან მოხდა, ერთგვარი სპირიტული კავშირი არსებობს. ისე არ გაიგოთ, რომ „ვერსია" მედიუმია და გარდაცვლილთა სულებს იძახებს. ჩვენს გამოცემას პრეტენზია არც შერლოკ ჰოლმსობაზე აქვს. უბრალოდ, ვცდილობთ, ინტერნეტმასალებზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, პირად ჟურნალისტურ არქივსა და თვითმხილველთა მონათხრობზე დაყრდნობით, ბოლო წლების გახმაურებული მკვლელობების X-ფაილი შევქმნათ. ასე რომ, წამზომი ჩართულია - „ვერსია" სახიფათო სპირიტულ გამოძიებას გთავაზობთ!


მკვლელობა დარიშხანით


2016 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ერთ-ერთი ქართული ინტერნეტპორტალი ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის სკანდალურ განცხადებას გაავრცელებს, რომლის თანახმადაც, ხაჭაპურიძემ 2010 წელს, ჰააგის მთავარ პროკურორს ნაციონალების მმართველობის დროს მოკლულთა სია პირადად გადასცა.


სიაში, სანდრო გვირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ზურაბ ვაზაგაშვილის, გიორგი გამცემლიძის, ზურაბ ჟვანიასა და აფრასიძეების გარდა, სხვა, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი გვარებიცაა შეტანილი:


ოთარ გველუკაშვილი (მოკლული იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში სპეცოპერაციისას); ანტონ კეკულავა (მოკლეს თბილისში დაკავებისას); დიკო ბარქაია (მოკლეს ზუგდიდის რაიონში სპეცოპერაციისას); ზაზა ფანცქელაძე (მოკლეს ზუგდიდის რაიონში დაკავებისას); ხვიჩა კვირიკაშვილი (მოკლულ იქნა თბილისში, პოლიციელების მიერ დაკავების დროს, ცემით); ალექსანდრე გომაშვილი (მოკლეს კახეთში დაკავებისას); მურთაზ ქარდავა და თემურ ხუბუნია (ორივე, ხაჭაპურიძის თქმით, უშიშროების თანამშრომელმა ჩაცხრილა); სულხან ლომიძე (მოკლეს ხელვაჩაურის რაიონში სპეცოპერაციისას); აკაკი კორკოტაშვილი (მოკლეს გურჯაანის რაიონში დაკავებისას); ავთანდილ და ვახტანგ გუმაშვილები (მოკლეს ახმეტის რაიონის სოფელ დუისში სპეცოპერაციისას); ვახტანგ მარგოშვილი (მოკლეს ქვემო ქართლში, სოფელ ვახტანგისში); ვარლამ ნემსიწვერიძე (მოკლეს თბილისში, მძევლის გათავისუფლებისას); ნესტორ ესებუა, გია ოკუჯავა და თემურ ცეკვავა (სამივე აბაშის რაიონის, სოფელ მარანში დაკავებისას მოკლეს); თამაზ კურკუმული (მოკლეს თბილისში, დაკავებისას ); ხვიჩა მელაძე (მოკლეს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში); გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი მანჯავიძე (მოკლეს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე დაკავებისას); ლევან გულუა (მოკლეს თბილისში, გამსახურდიას გამზირზე დაკავებისას); რეზო სარჯველაძე (მოკლეს თბილისში, დაკავებისას); ვლადიმერ ხოშტარია (მოკლეს თბილისში, დაკავებისას); გიორგი თელია (მოკლეს თბილისში, საკუთარ სახლში, სპეცოპერასიის დროს); ჯემალ ჩაფიძე (მოკლეს თერჯოლის რაიონის სოფელ სიმონეთში დაკავებისას); ზვიად ბაბუხადია, ბუთხუზ კიზირია და ვალერი ბენდელიანი (მოკლეს ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში დაკავებისას); ალექსანდრე ხუბულოვი (ჩაცხრილეს ავტომანქანაში, სპეცოპერაციის დროს - ე.წ. კორტების საქმე); მიხეილ ბერძენიშვილი (მოკლეს საგარეჯოს რაიონში, დაკავებისას); გელა ცინდელიანი (მოკლეს მესტიის რაიონის სოფელ ჭუბერში, სპეცოპერაციისას); ჯაბა ჯაბანიშვილი (ქალაქ ბორჯომში პოლიციელმა დაჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა); ხვიჩა კოკაია (მოკლეს ხობის რაიონში, სპეცოპერაციისას); ვალერი ფხაკაძე (ქუთაისში პოლიციელებმა დაჭრეს, თუმცა სასწრაფო დახმარება არ აღმოუჩინეს, რაც გარდაცვალების მიზეზი გახდა); მიხეილ კირაკოსიანი (მოკლა პოლიციელმა); გიგა ჭარბაძე; ალექსანდრე ხოსიტაშვილი; ოლეგ მესხიძე (მოკლეს ოზურგეთში, სპეცოპერაციისას); თენგიზ გოგია (მოკლეს სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, სპეცოპერაციისას); როლანდ მახარაძე (მოკლეს ბათუმში, მძევლების გათავისუფლების დროს); როინ შავაძე (მოკლეს ქობულეთში, სასტიკი წამებით); ზურაბ მანთაძე (მოკლეს რუსთავ-თბილისის გზატკეცილზე, დაკავების შემდეგ); გიორგი კრიალაშვილი (მოკლეს თბილისში, სპეცოპერაციისას); ჯიმი მეგრელიძე (მოკლეს ზუგდიდში, დაკავებისას); მამუკა ჩარჩხალია (პოლიციელების მიერ თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად საკუთარ სახლში გარდაიცვალა).


შალვა ხაჭაპურიძის მტკიცებით, ყველა ამ მკვლელობაზე ოფიციალური მტკიცებულებითი მასალები და ვიდეოფირები აქვს. ისე, საგულისხმოა, რომ ხაჭაპურიძის მიერ შედგენილ „მოკლულთა სიაში" არც პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე ფიგურირებს და არც - საზღვაო ძალების მთავარსარდალი ზურაბ ირემაძე. არადა, ადმირალი ირემაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც „ვარდების რეჟიმს" ემსხვერპლა, თუმცა მკვლელობას ვინ ჩივის, თავის დროზე საგამოძიებო უწყებებს საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც არ აღუძრავთ. არადა, ასეთ შემთხვევებში გამოძიება, როგორც წესი, სწორედ ამ მუხლით იწყება ხოლმე.


მოკლედ, ხელისუფლებაში მოსულმა რევოლუციონერებმა ჩათვალეს, რომ საზღვაო ძალების სარდალი ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა, მაგრამ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თავიდანვე გაუჩნდათ ეჭვი, რომ ადმირალი მოწამლეს. ისე, ზურაბ ირემაძისა და ბიზნესმენ ნოდარ საქუაშვილის გარდაცვალება ერთმანეთს რაღაცით ჰგავს. ყოველ შემთხვევაში, არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ საქუაშვილიც მოწამლეს. სხვათა შორის, ამის თაობაზე ბიზნესმენის შვილმა, ინგამ განმიცხადა. ინტერვიუში, რომელიც „ვერსიამ" 2013 წლის ივნისში გამოაქვეყნა, ინგა საქუაშვილი ამბობდა, რომ მამამისი მერაბიშვილის სახლში „კოკა-კოლით" მოწამლეს, რის შემდეგაც ე.წ. ხელოვნური სიმსივნე განუვითარდა.

 

„მამა აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, მაგრამ ერთ დღეს შეუძლოდ გახდა, აუტანელი ტკივილები დაეწყო. მას შემდეგ რაც ონკოლოგიურ საავადმყოფოში დაწვა, ერთ კვირაში 17 კილო დაიკლო, ვეჭვობ, ექიმებიც მოსყიდული ჰყავდათ, რადგან მისი გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში მისი ისტორია გაქრა. მამამ საქართველოში ტომოგრაფია გადაიღო და გამოჩნდა, რომ სიმსივნის მეტასტაზები ჰქონდა. მერე აშშ-ში წავიდა, სადაც უთხრეს, რომ რვა თვის წინ ანუ 2006 წლის მარტში მოწამლეს და სიმსივნე ამიტომ გაუჩნდა. უთხრეს, რომ „კოკა-კოლით" იყო მოწამლული", - ესაა ამონარიდი ინგა საქუაშვილის ზემოხსენებული ინტერვიუდან.


მართალია, ადმირალის საქმეში „კოკა-კოლა" არ ფიგურირებს, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ ზურაბ ირემაძის გარდაცვალების მიზეზი დარიშხანი გამხდარიყო. საერთოდ, ადმირალის ტრაგედია ნაციონალების დროს მომხდარი სხვა კრიმინალური ამბებისგან რადიკალურად განსხვავდება. ყოველ შემთხვევაში, როცა პირველად ამ საქმეს გავეცანი, მეგონა, რომ ჰოლივუდური ტრილერისთვის დაწერილ სცენარს ვკითხულობდი, თუმცა თავს სუბიექტური აზრი რომ არ მოგახვიოთ, ინტერვიუდან, რომელიც ადმირალის ქალიშვილ თამთა ირემაძესთან 2014 წლის მარტში ჩავწერე, რამდენიმე მნიშვნელოვან ამონარიდს შემოგთავაზებთ:


- 2004 წლის 13 აგვისტოს შინ მეგობართან ერთად ვიყავი. ჩემი მეუღლეც სამხედრო გახლდათ და, მამაჩემთან ერთად, ბათუმში, „ბლექსი თორის" სწავლებაში მონაწილეობდა. წესით, ჩემთან მამაჩემის მდივანი უნდა დარჩენილიყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მისი ოჯახის წევრი დარჩა...


- ვინმეს დარჩენის აუცილებლობა დღის წესრიგში რატომ დადგა?


- იმიტომ, რომ რამდენჯერმე ჩვენს დაყაჩაღებას შეეცადნენ და არ მინდოდა, შინ მარტო ვყოფილიყავი... ღამის პირველი საათი იქნებოდა, რაღაც ხმაური შემომესმა. შემეშინდა და გარეთ ვერ გავიხედე. ამ დროს, მამაჩემი უკვე ფოთში ყოფილა, მაგრამ არ ვიცოდი... მოკლედ, დედაჩემს დავურეკე და ვთხოვე, შტაბში დარეკე, რაღაც ხდება და იქნებ, ვინმე მოვიდეს და მომეხმაროს-მეთქი... არ გავიდა ნახევარი საათი და სროლის ხმა გავიგე...


- ვინ ისროდა?


- მამაჩემი... ბათუმიდან დაბრუნებულ მამას დედაჩემისთვის უთქვამს, თავს კარგად ვერ ვგრძნობ, წამოვწვები და ტელევიზორს ვუყურებო... მამაჩემმა ოთახების დათვალიერება დაიწყო. დავამშვიდე, არავინაა-მეთქი. მერე გარეთ გავიდა, ერთხელ კიდევ გაისროლა და მითხრა, ყველაფერს მივხვდი, შენ დაწყნარდი და ამათი დედაცო.


- ვინ „ამათიო"?

 

- არ ვიცი, მეტი არაფერი უთქვამს... მერე, სკამზე ჩამოჯდა და მითხრა, მამა, მგონი, გული მაქვს ცუდად თუ არ ვიცი, რა მჭირსო და... სკამიდან გადავარდა. სწორედ ამ დროს, ელექტროენერგია და ორივე ქსელი - „მაგთი" და „ჯეოსელი" გაითიშა... მეზობლის ე.წ. ქალაქის ტელეფონიდან სასწრაფოში დავრეკე და, მახსოვს, ვყვიროდი, მამა მიკვდება და დროზე მოდით-მეთქი, მაგრამ მიპასუხეს, საწვავი არ გვაქვს და ვერ მოვალთო... ამასობაში, 10-15 წუთი გავიდა, მობილური კავშირი აღდგა და იმ გოგონას მამას დავურეკე, რომელიც ჩემთან იმყოფებოდა... მამა ჰოსპიტალში წავიყვანეთ, მაგრამ... ცოცხალი აღარ იყო... სხვათა შორის, მამაჩემი სახლში რომ შემოვიდა, გამიკვირდა - გასიებული იყო, მაისური შემოხეული ჰქონდა, მუხლებზე შარვალი - გადახეხილი და სახეზე მწვანე ფერი ედო. თვალები კი შუშისას მიუგავდა.


- ეგებ, ნასვამი იყო?


- არა, გამორიცხულია...


- ჰოსპიტალში რომ გითხრეს, გარდაცვლილიაო, ექსპერტიზის ჩატარება არ მოითხოვეთ?


- არა... შოკში ვიყავით, რადგან კაცი, რომელიც ნახევარ საქართველოს აზანზარებდა, უცებ გარდაიცვალა... ვიდრე მამას დავასაფლავებდით, ჰოსპიტლიდან ექიმები მოდიოდნენ და რაღაც წამლებს გვასმევდნენ.


- რა წამლებს და რატომ გასმევდნენ?

 

- გვეუბნებოდნენ, ამხელა დარტყმას ვერ გაუძლებთ, გული სულ ცუდად გიხდებათ და წამლები დაგამშვიდებთო. ამიტომ, დედაჩემი სულ გათიშული იყო და მამაჩემის დაკრძალვის ამბები, პრაქტიკულად, არ ახსოვს. ჩემს ძმას კი, რომელიც მაშინ მეექვსე კლასში სწავლობდა, ორი დღე ეძინა.

 

- ამ წამალს აბის სახით გაძლევდნენ?


- არა, წვეთები იყო და ყავაში გვისხამდნენ. მამაჩემის გარდაცვალებიდან 21-ე დღეს, ჩემი მეუღლეც დაიღუპა.


- ავადმყოფობდა?


- არა, აბსოლუტურად ჯანმრთელი, 21 წლის ბიჭი იყო, რომელმაც გარდაცვალების წინა დღეს მითხრა, თათო, მარტო დავრჩით, უფრო სწორად, მარტო თქვენ დარჩითო. გამიკვირდა, ამას რატომ ამბობ, როცა ამდენნი ვართ, ვიქტორაც გვყავს-მეთქი.


- ვიქტორა ვინაა?


- ჭელიძე, რომელიც მამაჩემის მოადგილე იყო... იმ საღამოს დათუნამ რამდენჯერმე გაიმეორა, თათო, მეც მალე აღარ ვიქნებიო... ჩავეძიე, რა ხდება-მეთქი. მომიგო, არ არის საჭირო, ყველაფერი იცოდე, რაც უფრო ნაკლები გეცოდინება, მით უკეთესი იქნებაო...


- ეჭვობთ, რომ თქვენი მეუღლეც მოკლეს?


- დიახ...

 

- ვთქვათ, ადმირალი მოკლეს, მაგრამ თქვენს მეუღლეს რაღას ერჩოდნენ?


- დათუნა მამაჩემის ნდობით აღჭურვილი პირი იყო...

 

- ზურაბ ირემაძემ ისეთი რა იცოდა, რომ მისი მოკვლა გახდა საჭირო?


- ეს ჩვენ არ ვიცით. საერთოდ, სამხედროები ოჯახში არაფერს ჰყვებიან...


- ისე, რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ადმირალი მოკლეს?


- მამაჩემისა და ჩემი მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დედაჩემთან მძარცველები შეიჭრნენ, რომლებიც ძვირფასეულობასთან ერთად, იარაღს და რაღაც დოკუმენტებს ითხოვდნენ. დედას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ყველაზე საეჭვო კი ის იყო, რომ ყაჩაღები სწორედ იმ კომოდთან მივიდნენ, სადაც მამა საბუთებსა და იარაღს ინახავდა, თუმცა არაფერი დახვდათ. სხვათა შორის, გარდაცვალებიდან მესამე დღეს, მამაჩემის კაბინეტიდან ყველაფერი წაიღეს და უმნიშვნელო რაღაცები დატოვეს.


- საქმე არც ამ დაყაჩაღების გამო აღიძრა?


- არა, დედაჩემმა, რომელსაც შეეშინდა, ფოთი სასწრაფოდ დატოვა, საჩივარი კი, ერთ-ერთ პიროვნებას გაატანა, თუმცა, მერე გავიგეთ, რომ მას განცხადება პოლიციაში არ შეუტანია... საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით. დედაჩემს პერიოდულად ტელეფონზე უცნობები ურეკავდნენ და, ვთქვათ, ასეთ რამეს ეუბნებოდნენ, შენ დედა ხარ, შენმა შვილმა ადამიანი მოკლაო. პარალელურად, კარზე აკაკუნებდნენ და გვაფრთხილებდნენ, ჩუმად იყავითო... თან რაღაც დოკუმენტებს გვთხოვდნენ... ისე, გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე, მამამ დედას რუკები ჩააბარა.

 

- ეს მნიშვნელოვანი რუკებია?


- სამხედროები არ ვართ და არ ვიცით... მთელი ცხრა წლის განმავლობაში, სწორედ ამ რუკებს ეძებდნენ. ბოლოს, ბავშვის ზეიმის კასეტებიც წაიღეს, ალბათ, ეგონათ, რომ რამე მნიშვნელოვანი ჩანაწერი იყო...


- ეს რუკები ახალ ხელისუფლებას არ გადაეცით?


- არა...

 

- ამბობთ, რომ არ იცით, თუ რა ინფორმაციას ინახავს საიდუმლო რუკა. არ სჯობდა, ნაციონალებისთვის მიგეცათ და მშვიდად გეცხოვრათ?


- საინტერესო რომ არ იყოს, მამა დედას არ ეტყოდა, რუკებს შვილებივით გაუფრთხილდიო. მე და დედაჩემმა მამას ანდერძი შევასრულეთ - დოკუმენტები ნაციონალებს არ მივეცით! არ მინდა, ვინმემ გმირად მაღიაროს. უბრალოდ, ქუჩაში რომ გავდივარ, ნებისმიერ ადამიანს ამაყად ვუყურებ, რადგან ამ დოკუმენტების გამოჩენით, შეიძლება, ქვეყანა გამეწირა, რაც არ გამიკეთებია!.. ქვეყნის გაწირვას, სჯობდა, რამდენიმე ადამიანი გავწირულიყავით!

 

- მაშასადამე, ადმირალი ირემაძე ამ საიდუმლო რუკების გამო მოკლეს ან რით ამტკიცებთ, რომ მოკლეს?


- ყველაფერს ვიქტორ ჭელიძის სტატიები ადასტურებს, სადაც წერს, ერთხელ, ზურა კაბინეტიდან გამოვიდა და თქვა, ეს კაცი ისეთ დავალებებს მაძლევს, რომ მოსაკლავად ვყავარ განწირულიო.


- „ეს კაცი" ვინ არის?


- სააკაშვილი. ამასთან, ვიქტორ ჭელიძე წერს, რუსეთის დუმის დეპუტატები აფხაზეთში გადადიოდნენ და სააკაშვილმა ზურა ირემაძეს უბრძანა, ეს გემი ჩაეძირა, მაგრამ მამაჩემი საზღვაო ძალების სარდალი იყო და იცოდა, გემის ჩაძირვა ომის დაწყების წინაპირობა იქნებოდა და ამიტომ, სააკაშვილის ბრძანება არ შეასრულა.


- ადმირალი რით მოწამლეს?


- არ ვიცი, თუმცა ვიქტორ ჭელიძე დარიშხანზე საუბრობს... ვიქტორ ჭელიძეს სათქმელი ბევრი აქვს და... ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს... ისე, ვიქტორ ჭელიძე ამბობს, რომ ჩემი მეუღლე ავარიით არ გარდაცვლილა, ის ჯერ აწამეს და შემდეგ, მანქანით გადაუარეს...


- თამთა, როგორც ვიცი, კაბინეტიდან მამათქვენის იარაღიც გაქრა...


- დიახ, ასეა. ამ იარაღის პასპორტები ჩვენ გვქონდა. თავდაცვის სამინისტროში განცხადებებს ნაციონალების დროსაც ვწერდი, მაგრამ ამ განცხადებებს ნომრებს არ ანიჭებდნენ. რამდენიმე წლის წინ, თავდაცვის სამინისტროს ორი გამომძიებელი მე და დედაჩემს შეგვხვდა, იარაღზე გვესაუბრა...

 

- მოკლედ, თამთა, ადმირალ ირემაძის მკვლელობის საიდუმლო რუკებშია?


- რუკებსა და, ასევე, ტყვია-წამალში.


- ტყვია-წამალი რაღა შუაშია?


- ამბობენ, რომ ნაციონალებს ზღვით უკანონო ტყვია-წამალი შემოჰქონდათ, რასაც ზურა ეწინააღმდეგებოდა. ზურა, პრაქტიკულად, შავ ზღვას აკონტროლებდა, რაც ნაციონალებს არ აწყობდათ! სხვათა შორის, მამაჩემის გარდაცვალებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, საზღვაო ძალები დაიშალა.



2015 წლის 2 თებერვალს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" გაავრცელებს ინფორმაციას, რომ ვიქტორ ჭელიძე ანუ ის პიროვნება, რომელსაც ზემოხსენებულ ინტერვიუში თამთა ირემაძე ახსენებს, ინტერპოლმა ბრიუსელში დააკავა და მისი საქართველოში ექსტრადირება მოხდა. ამავე ინფორმაციით, ჭელიძე დამნაშავედ მითვისებასა და გაფლანგვაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სამსახურებრივ სიყალბეში, სამხედრო ქონების განზრახ დაზიანება-განადგურებასა და სამხედრო ქონების შენახვის წესის დარღვევაშია ცნობილი.


„ვერსიის" პირადი კონფიდენტების თქმით, ბოლო დროს ამ საქმეზე ჩვენება ადმირალის რამდენიმე მეგობარმა მისცა, თუმცა გამოძიება, დაუზუსტებელი ინფორმაციით, დღემდე გრძელდება. შესაბამისად, იმის თქმა, 2004 წლის 13 აგვისტოს ტრაგედიას ნათელი მოეფინება თუ არა, დანამდვილებით შეუძლებელია, თუმცა თუ დავუშვებთ, რომ ადმირალი სიცოცხლეს წმინდა პოლიტიკური მოტივით გამოასალმეს, ამ საქმის გახსნა ნაკლებსავარაუდოა, რამეთუ მსოფლიო პრაქტიკა ნათელყოფს, რომ პოლიტიკური მკვლელობები, როგორც წესი, არ იხსნება...


საკონტროლო გასროლა


ადმირალ ირემაძისგან განსხვავებით, დადასტურებულია, რომ ზურაბ ჟვანიას მეგობარი და „ვარდების რევოლუციის" ერთ-ერთი დამფინანსებელი მამუკა ჯინჭარაძე მოკლეს - 2005 წლის 5 თებერვალს, 38 წლის ბიზნესმენს საკუთარ ავტომანქანაში უცნობი მაყუჩიანი პისტოლეტიდან რამდენჯერმე ესვრის. მძიმედ დაჭრილი ჯინჭარაძე მანქანიდან გადმოსვლას ახერხებს და... გამვლელ ავტოს საავადმყოფოში გადაჰყავს, თუმცა რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, დასტაქრები მის გადარჩენას ვერ შეძლებენ...


გამოძიება შემთხვევის ადგილას მკვლელობის იარაღს აღმოაჩენს და ისიც გაირკვევა, რომ 7-დან ერთი ტყვია საკონტროლო იყო ანუ სახეზე ტიპური შეკვეთილი მკვლელობაა, მაგრამ საინტერესოა, ვის აწყობდა ბიზნესმენის საიქიოში გასტუმრება და საერთოდ, ვინ იყო მამუკა ჯინჭარაძე?


მამუკა ჯინჭარაძე აჭარაში, კერძოდ, ქობულეთში დაიბადა. 1988 წელს, საცხოვრებლად რუსეთში, კერძოდ, ნავთობის საბადოებით ცნობილ ტიუმენის ოლქში, ქალაქ ნიჟნი-ვარტოვსკში გადადის და მუშაობას ხილის საბითუმო საწყობში მტვირთავად იწყებს. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი კოოპერატივს ხსნის...


იმ დროს, როცა წითელი იმპერია ჩამოშლას დაიწყებს, ჯინჭარაძე ალექსანდრ პეტერმანს გაიცნობს და... მასთან ერთად, 90-იანი წლების ბოლოს, კორპორაცია „სლავტეკს" დააფუძნებს. „სლავტეკი", რომელიც მაშინდელ რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდ და გავლენიან კორპორაციად ითლებოდა, 50-მდე ორგანიზაციას და საწარმოს ფლობდა, მათ შორის - საბითუმო მაღაზიათა ქსელს, გასართობ ცენტრებსა და ხე-ტყის გადამმუშავებელ საწარმოებს. ამასთან, „სლავტეკი" მსხვილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების მესაკუთრეც გახლდათ...


მოგვიანებით, ჯინჭარაძე-პეტერმანის საქმიანი დუეტი სამშენებლო და მედიაბიზნესითაც დაინტერესდება და... ქობულეთელი ჯინჭარაძე ნიჟნი-ვარტოვსკის „რუხი კარდინალი" გახდება - მას ანგარიშს თავად კრიმინალებიც უწევენ.


2000 წლისთვის მამუკა ჯინჭარაძე მხოლოდ ტიუმენის ოლქში კი არა, მთელ რუსეთში უკვე ცნობილი ბიზნესმენია.


გავა რამდენიმე წელი და ჯინჭარაძე ქალაქ ნიჟნი-ვარტოვსკის დუმის, მისი პარტნიორი ალექსანდრ პეტერმანი კი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი გახდება. იმდროინდელ მედიაში გავრცელებული ცნობით, მათ შორის უთანხმოება სწორედ ამ დროიდან დაიწყო და ჯინჭარაძემ კონფლიქტის მოგვარება რუსული კრიმინალური სამყაროს ე.წ. ქართულ ფრთას სთხოვა, თუმცა ექს-პარტნიორთან ომში მარცხდება, ქალაქს ტოვებს და სამშობლოში, კერძოდ, აჭარაში ბრუნდება.


ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე მამუკა ჯინჭარაძის მიმართ კეთილადაა განწყობილი, რაც გასაკვირიც არაა - მის ძმას, ელგუჯას, რომელსაც მთელი აჭარა „რემბოს" მეტსახელით იცნობს, აჭარის შინაგან საქმეთ მინისტრის მოადგილის პოსტი უკავია, ერთხანობა „ბაბუს" დაცვის უფროსიც იყო, თუმცა საქართველოში რევოლუციური მოძრაობა დაიწყება თუ არა, გაჩნდება ინფორმაცია, რომ მამუკა ჯინჭარაძე „ვარდოსნებს" გულშემატკივრობს. მეტიც, იმასაც იტყვიან, რომ შევარდნაძის ხელისუფლების წევრების გადაბირება-მოქრთამვა „ამბოხებულებმა" სწორედ ჯინჭარაძეს დაავალეს.


აღსანიშნავია, რომ რევოლუციის პერიოდში ჯინჭარაძის მთავარი ბიზნესპარტნიორები რჩეულიშვილები იყვნენ. შესაბამისად, იმ ჩანაწერშიც, რომელსაც მოგვიანებით პოლიტიკური გაერთიანება „თეთრები" გაავრცელებს, სწორედ ვახტანგ რჩეულიშვილია ნახსენები. ჩანაწერის მიხედვით, საუბარი იმდროინდელ სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესა და მამუკა ჯინჭარაძეს შორის მიმდინარეობს:


„ავთანდილ ჯორბენაძე: - მერე შევარდნაძე უნდა გამოვიდეს ტელევიზიით და თქვას რაღაცები, რომლებიც ამათთვის იქნება მისაღები - ეს ასე წარმომიდგენია... მერე სამუშაო მაქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. რაღაცები იქნება დასალაგებელი, მერე „პასტეპენნო ვსიო დელაეტსია. პროდვიჟენიე შაგ ზა შაგომ..."


მამუკა ჯინჭარაძე:  ერთი დამთავრდეს და რჩეულიშვილს მინდა, მე თვითონ „დავარტყა" მერე.


ჯორბენაძე:  ეგ ბიჭი სულელია.


ჯინჭარაძე:  ჰოდა, ამიტომ მინდა ჩავხადო.


ჯორბენაძე:  რა გააკეთეს?


ჯინჭარაძე:  გადამაგდეს, ფული მივეცი და მომიტეხეს... ნახევარი მილიონი მომიტეხეს, სამშენებლო საქმე უნდა გაეკეთებინათ და ვერ გააკეთეს".


ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, მამუკა ჯინჭარაძეს „ვარდოსნებთან" პრობლემები არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ 2004 წლის 31 მარტს, ბიზნესმენს თბილისის აეროპორტში აკავებენ.


„მამუკა ჯინჭარაძე ტრანსპორტის პროკურატურაშია დაკითხვაზე, სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე", - განუცხადებს ჟურნალისტებს მაშინდელი გენპროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი.


მოგვიანებით, ამ „სატრანსპორტო შემთხვევის" დეტალებიც გაირკვა - ჯინჭარაძეს შვეულმფრენი უქირავებია და გუდაურში გამგზავრებულა, მაგრამ დაშვებისას, შვეულმფრენი დაზიანებულა. ჯინჭარაძეს მხოლოდ ამის შემდეგ იგებს, რომ შვეულმფრენი შსს-ს საკუთრებაა... მოკლედ, ბიზნესმენს შვეულმფრენის შეკეთება 2 მილიონი ლარი უჯდება.


2004 წლის გაზაფხულია. თბილისში საქართველო-რუსეთის ბიზნესფორუმი იმართება, რომელზეც პრემიერი ზურაბ ჟვანია, როგორც მეგობარ ბიზნესმენს, მამუკა ჯინჭარაძესაც იწვევს.


„მალე ენერგეტიკის, სარკინიგზო მიმოსვლისა და ტურიზმის სფეროში ათამდე საინვესტიციო პროექტი განხორციელდება და რუსეთიდან საქართველოში ძალიან დიდი ფული შემოვა", - აცხადებს ფორუმზე ჯინჭარაძე, თუმცა ეს ნათქვამი ნათქვამად დარჩება, რამეთუ როგორც აღვნიშნეთ, მამუკა ჯინჭარაძეს 2005 წლის 5 თებერვალს ანუ ზურაბ ჟვანიას უცნაური გარდაცვალებიდან ზუსტად ორი დღის მერე, მოსკოვში „მაყუჩიანი" იარაღით მოკლავენ...


სწორედ ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ის პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა, თუმცა, მართლა ასე იყო თუ არა, ეს მხოლოდ პოლიტიკურმა ღმერთებმა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა იციან...


სისხლის გუბე მელიქიშვილზე

 

„ვარდების სისხლიანი ქრონიკა" მამუკა ჯინჭარაძის მკვლელობით არ მთავრდება _ ბიზნესმენის აღსასრულიდან გავა ზუსტად ორი წელი და... თბილისის ერთ-ერთი მთავარი გამზირი სისხლით შეიღებება - 2007 წლის 20 მაისს, 20 საათსა და 10 წუთზე, მელიქიშვილზე, უფრო კონკრეტულად, მელიქიშვილის გამზირისა და შანიძის ქუჩის კვეთაზე, ყოფილ დეპუტატს, საზოგადოების - „ენა, მამული, სარწმუნოება" ლიდერს, აკადემიკოს გურამ შარაძეს მოკლავენ.


დაახლოებით ნახევარ საათში სამართალდამცავები მკვლელობაში ეჭვმიტანილს, 29 წლის ვინმე გიორგი ბარათელს აკავებენ, რომელიც დანაშაულს აღიარებს. ბარათელის ბრალეულობას სასამართლოც დაამტკიცებს და პატიმრობასაც მიუსჯის, მაგრამ მიუხედავად ამისა, საზოგადოების უმეტესობას დღემდე სჯერა, რომ შარაძე პოლიტიკურ ნიადაგზე მოკლეს.


სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, მთავარი პროკურატურა შარაძის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას დააანონსებს, თუმცა კარგა ხანია, ამ საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილი აღარ გამხდარა...


ყველაფერი ზემოთქმული „ვარდების ბნელი წლების" არასრული X-ფაილია, თუმცა აქედანაც ნათელია, რომ პოლიტიკაში მიზანი საშუალებას ამართლებს, ანუ თუკი პიროვნება მავანთათვის მიუღებელია, უარს მის სამუდამო დადუმებაზეც არ ამბობენ. მაშასადამე, როგორც სტალინი იტყოდა, არ არსებობს ადამიანი, არ არსებობს პრობლემაც, მაგრამ ზოგჯერ გვამები ცოცხლებზე უკეთ „ლაპარაკობენ"...


ასე რომ, ტყვია თუ დარიშხანი გამოსავალი სულაც არაა!..


 

ვანო პავლიაშვილი

 

 




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner