logo_geo
eng_logo
სამშობლოს მოღალატეებისა და ერის გამყიდველების ადგილი ციხეშია
- +

11 თებერვალი. 2017. 23:20



ძველ სიბრძნეს, „ყველაფერს აქვს ზღვარი", დიდი ხანია წყალი შეუდგა „ნაციონალური მოძრაობისა" და მისი ცალკეული წევრების „მოღვაწეობით". ამ ახალი ყალიბის უცხო სხეულთა (პოლიტიკის ენაზე - მარგინალთა) თავხედობას, უტიფრობას, უსინდისობას, უნამუსობას, უზნეობას, როგორც მთლიანობაში, ისე ერთეულ შემთხვევებში ნამდვილად არ აქვს ზღვარი.

 

ეს ერის მოღალატეები და ქვეყნის გამყიდველები, რომლის მამხილებელი ფაქტებიც, არაერთგზის, უხვად მიეწოდა საზოგადოებასაც და შესაბამის ორგანოებსაც, რაც დრო გადის, უფრო მეტი გაშმაგებით აფრქვევენ ირგვლივ სიბინძურეს და საქმე იქამდე მივიდა, რომ დაუსჯელობით გათამამებულები, ახლა უკვე მოღალატის იარლიყების დარიგებაზე გადავიდნენ („გაზპრომთან" ხელშეკრულება, ცერცვაძის საქმე).


მიუხედავად იმისა, რომ ძველი ხელისუფლების მიერ ჩადენილი ღალატის თემაზე არაერთი წერილი მაქვს გამოქვეყნებული, მიზანშეწონილად და დროულად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ მას.  არ დავიღლები საქართველოს მტრებისა და სამშობლოს მოღალატეებისა და გამყიდველების მიმართ სამართლიანი სასამართლოს აღსრულების მოთხოვნის იმდენჯერ გამეორებით, ვიდრე მიზანი არ იქნება მიღწეული. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, რადგან ეს ღირსების საქმეა... და კიდევ - სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა.


2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან რვანახევარი წელი გავიდა, ძიების საქმე კი ადგილიდან არ იძვრის. არც პოლიტიკური შეფასება გაკეთებულა, რომ სამართალმა ნაწილობრივ მაინც იზეიმოს. ის, რომ საერთაშორისო ინსტიტუციამ მიიღო გამოძიების ჩატარების გადაწყვეტილება და ამისთვის პასუხისმგებელი პირიც შეარჩია (პროკურორი მანსუდა), ოდნავადაც არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. უბრალოდ, არ მჯერა, რომ გამოძიება იქნება დროული და სამართლიანი, თუ საქართველოს ხელისუფლება პარალელურ რეჟიმში არ იმუშავებს იმავე მიმართულებით.

 

არ მჯერა, რომ საერთაშორისო გამოძიება იქნება დროული და სამართლიანი, რადგან ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უმძიმეს დანაშაულში ერთი სავარაუდო დამნაშავეა რუსეთი, რომლის მიმართაც, „იქ", როგორც წესი, გადაწყვეტილებები მიიღება ხოლმე პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ხოლო მეორე სავარაუდო დამნაშავეა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, რომლის პირველი პირიც, მრავალ დანაშაულში მხილებული და საერთაშორისო ძებნაში გადაცემული მიხეილ სააკაშვილი, მის ძველ ლობისტებს, „საერთაშორისო სამართლის" ცხვირწინ, საიმედო თავშესაფარში ჰყავთ გახიზნული, კაცმა არ იცის, ძველი „დამსახურებებისთვის", თუ ახალი მძიმე სცენარების განსახორციელებლად.

 

საუკუნეების გამოცდინებამ გვიჩვენა, რომ ჩვენ გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს და მაინც, პირვანდელი ჟღერადობით გაისმის კითხვა: რატომ არ ხდება 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამოძიება? მითუმეტეს, როცა საქმის ნახევარზე მეტი უკვე გაკეთებულია ჩვენი პარტნიორების მიერ (ტალიავინის კომისიის დასკვნა მაქვს მხედველობაში). ნაცვლად იმისა, რომ მრავალ დანაშაულში უკვე მხილებული რეჟიმი „კედელთან ჰყავდეს მიყენებული", ხელისუფლება თვითონ იყენებს თავს თავის მართლების რეჟიმში.

 

საზოგადოების სამართლიან აღშფოთებას იწვევს ის გარემოება, რომ ხელისუფლება მუდმივად ცდილობს „დაუმტკიცოს" „ნაცების" პროპაგანდისტულ მანქანას, რომ „მოღალატე" არაა, რომ რუსეთის დავალებებს არ ასრულებს, რომ „მათსავით" პროდასავლური ორიენტაციისაა და ეს ხდება იმ პირობებში, როცა საქმეში ჩახედული ნებისმიერი ქართველისთვის ცხადზე უცხადესია, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ სარუსეთო დავალება შეასრულა.

 


მივყვეთ ქრონოლოგიას და მხოლოდ შიშველი ფაქტებით ვილაპარაკოთ: პროცესი 2004 წლის 6 მაისიდან იღებს დასაბამს. თეთრ ცხენზე მჯდარმა (თუ დასმულმა) სააკაშვილმა მთელი მსოფლიოს გასაგონად ბათუმიდან „დააანონსა", რომ სექტემბერში ცხინვალში შევიდოდა, ხოლო 23 ნოემბრის გიორგობას სოხუმში აღნიშნავდა. ამის შემდეგ დაიწყო, (საღი აზრის პოზიციებიდან სრულიად უაზრო), თანმიმდევრულ აქტივობათა სერიალი, რაც მთლიანად 8 აგვისტოს შემზადებას ემსახურებოდა, სწორედ იმ დასასრულით, რა შედეგიც მივიღეთ:



პირველი იყო ერგნეთის ბაზრობის, ქართულ-ოსური თანაცხოვრების ერთგვარი ხიდის, გაუქმება, რასაც მოჰყვა (მთელი ზაფხულის განმავლობაში) პროვოკაციათა ჯაჭვი - ავანტიურისტული, უგუნური გამოხდომები, იარაღის ჟღარუნის თანხლებითა და მძიმე შედეგებით. ამ ყველაფერს სამარცხვინო და საბედისწერო ფინალი ჰქონდა: ყველას მწარედ გვახსოვს, ქართულუნიფორმიანი, მუხლებზე დაჩოქილი რამდენიმე ათეული ახალგაზრდა და კვლავ მტრობაში გადაზრდილი, რის ვაივაგლახით აწყობილი ყოფითი კავშირ-ურთიერთობები.



შემდეგ, კოდორის ხეობისთვის (დალის ხეობისთვის) ახალი სახელის - ზემო აფხაზეთის(?) დარქმევა და ცხინვალის რეგიონისთვის (სამაჩაბლოსთვის) ძველი, საბჭოთა პერიოდის სახელისა და ფაქტობრივად, საბჭოურივე სტატუსის დაბრუნება;

 

 

შემდეგ, კოდორის ხეობაში, ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტებული შეიარაღებული რაზმის, მონადირის" გაუქმება და სამთავრობო ნაწილების შეყვანა (უდიდესი პროვოკაცია, საერთაშორისო მანდატით მოქმედი რუსი სამშვიდობოების პირობებში);

 

 

შემდეგ იყო .. სამხრეთ ოსეთის ავტონომიაში, .. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება (დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული ანალოგიური არჩევნების პარალელურად). ამ აქტით, ნაცხელისუფლების მიერ, ფაქტობრივად მოხდა როგორც მის მიერვე აღდგენილი ავტონომიური წარმონაქმნის, ისე დე ფაქტო მოქმედი პრეზიდენტის უფლებების (სტატუსების) „გაპრავება". ამ ყველაფერს, მუდმივად, ფონად სდევდა ფსევდოაგრესიული რიტორიკა (როგორც წესი, მსგავსი თამაშების ნაწილია და რეალური გეგმის შენიღბვას ემსახურება), როგორც ოსური მხარის, ისე რუსეთის უმაღლესი ხელისუფალის მისამართით.



იმავდროულად, პარალელურ რეჟიმში, ფართოდ ეხსნება კარი რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს. ინტერვენცია იმდენად მასშტაბურია, რომ ქართველი ეკონომისტები არ ერიდებიან ისეთი მძაფრი შეფასებების გაკეთებას, როგორიცაა - „საქართველოს ეკონომიკის საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფოს ხელშია". მართლაც, კომენტარი ზედმეტია.



უაღრესად საყურადღებოა ის გარემოება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სააკაშვილს გვერდიდან არ მოშორებია ათეული წლების განმავლობაში ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდგომ რუსეთის მაღალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკი, ამ ქვეყნების სპეცსამსახურების განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირი თემურ ალასანია. საინტერესოა, რომ მისი როლი ოფიციალურად იყო გამყარებული მრჩევლის სტატუსით და არც ის იყო დამალული, რომ საქართველოს მოქალაქე პოლიტიკოსებსა და ჩინოვნიკებზე მეტი გავლენით სარგებლობდა პრეზიდენტის კარზე. (თემურ ალასანია დღესაც რუსეთის ერთგულ მოქალაქედ რჩება და კითხვაც არ უნდა იბადებოდეს, ვის ინტერესებს დაიცავდა რუსეთ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობების პირობებში.)



ყველაფერი, რაზედაც ზემოთ იყო საუბარი, უტყუარი ფაქტებია. მათ ერთობლიობას და მოვლენათა განვითარების ლოგიკას იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ გეგმაზომიერად ხორციელდებოდა აგრესორი სახელმწიფოსთვის ჩვენი ტერიტორიების გადაცემის პოლიტიკა.

 

 

ბუნებრივია, პასუხს მოითხოვს კითხვა - რა აუცილებლობა, უფრო სწორად, რა იძულება განაპირობებდა ამ მძიმე არჩევანს?

 

 

ქართულ პოლიტიკაში პროდასავლური, ან პრორუსული არ არის ღირებულებითი კატეგორიის ცნებები. ისინი აღნიშნავენ ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მზადყოფნას, თავის სამშობლოში  ემსახუროს აშშ-ის, ან რუსეთის ინტერესების გატარებას. ქვეყნის ბოლშევიკურ-ნაცისტური მეთოდებით მმართველი სააკაშვილის პროდასავლურობაზე საუბარი დასავლური ფასეულობების (თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია) შეურაცხყოფაა. სააკაშვილის და მსგავსი მენტალური წყობის ადამიანებისთვის ყველაფერს პირადი ინტერესი, პირადი ამბიცია განსაზღვრავს. როცა პირადი ინტერესი და ამბიცია წინ უსწრებს სახელმწიფო ინტერესებს, ეს ინტერესი და ამბიცია ავადმყოფურია.



ძალაუფლების ხიბლით შეპყრობილი ადამიანი (ადამიანები) ბევრ რამეზეა წამსვლელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძლიერი ხელისთვის, რუსული იქნება ეს თუ ამერიკული (ან ორივე  ერთ), სურვილის შემთხვევაში, ადვილია მისი (მათი) მართვა.



ამავე კონტექსტში, განსაკუთრებული ადგილი უკავია ფულის თემას. ცნობილია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის გამოყოფილი იყო რამდენიმე მილიარდი დოლარი. კითხვა ამ თანხის მიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით აგვისტოს ომამდეც ხშირად ისმოდა,  ხოლო სამარცხვინო კაპიტულაციის შემდეგ მან კიდევ უფრო მძაფრი ჟღერადობა შეიძინა. მართლაც, სად იყო ის შეიარაღება და ქართული სარდლობის ის შემართება, რომელსაცყველა მტერთან გამკლავება შეუძლია"? (სააკაშვილის სიტყვებია). არახალია, ძველია, რომ ომზე მდიდრდებიან. ისიც არახალია, რომომი ყველაფერს ჩამოწერს".

 


იარაღის თემა და მასთან დაკავშირებული მილიარდები შესაბამის უწყებათა კვლევის საგანია. ადვილი შესაძლებელია, რომ მან საერთაშორისო მასშტაბიც შეიძინოს, რადგან, როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში წარმოჩნდება ხოლმე ზემოთ ხსენებული ტრანს-ეკონომიკური ინტერესები უარყოფით კონტექსტში. შეხსენებისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ ღიად გაიჟღერა თემურ ალასანიას სახელმაც (მხედველობაში მაქვს ირაკლი კაკაბაძის უაღრესად საყურადღებო, მამხილებელი პუბლიცისტური წერილები).



აუცილებლად შესასწავლია ომის შემდგომი პერიოდის მოვლენათა განვითარებაც. ავადსახსენებელი აგვისტოდან გარკვეული დროის შემდეგ მოვისმინეთ აშშ-ის მაღალი პასუხისმგებლობის პირების - კონდოლიზა რაისის, ჯონ ტეფტის და თქვენ წარმოიდგინეთ, მეთიუ ბრაიზას - „გულისშემძვრელი აღსარებები", თუ როგორი უმართავი (ყველაზე რბილი შეფასებით) გახდა „მიშა" აგვისტოს წინა პერიოდში. მოდით და ნუ გაგვიკვირდება, რომ უმართავმა", ზემოთ ჩამოთვლილი შემფასებლების უშუალო ჩართულობით, ომის ზარალის სალიკვიდაციოდ", დამატებით, დახმარების სახით, პირად განკარგვაში მიიღო 4,5 მილიარდი დოლარი, რომელიც, როგორც მოსალოდნელი იყო, ნაცხელისუფლების გაძლიერებას უფრო ხმარდებოდა, ვიდრე მძიმე პრობლემების მოგვარებას.



ნებისმიერ პოლიტიკურ თემაზე საუბრის დროს იმ დასვნამდე მივდივართ, რომ საქართველო ორი ზესახელმწიფოს დაპირისპირების ასპარეზია, გარკვეული თამაშის წესების დაცვის პირობით, რაც იმას გულისხმობს, რომ ერთი რომელიმეს აქტიურობა მტკივნეული შედეგების მომტანი არ უნდა იყოს მეორეს ინტერესებისთვის (მსგავსი პროცესებია უკრაინაშიც). ყოფით ენაზე რომ ვთქვათ, ამ თამაშში არც ამერიკა და არც რუსეთი არ უნდა დარჩეს წაგებული, ორივემ რაღაც უნდა მიიღოს, ანუ ბოლოს ყველაფერი მორიგებით მთავრდება.

 

დამეთანხმებით, თემა აქტუალობას არ კარგავს, პირიქით, დროში მეტ სიმძაფრეს იძენს. აღნიშნული საკითხის კიდევ ერთხელ გამოტანა საზოგადოების სამსჯავროზე, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახალ რეალობაში, რაც შეიქმნა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე.


ფაქტებისა და მოვლენებისთვის სახელების დარქმევის დრო მოვიდა!






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner