გმირთა მოედანზე არსებულ მემორიალთან, ომის ვეტერანების ორმა ჯგუფმა აქცია გამართა.
აქციას გენერალ-ლეიტენანტი, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს მშვიდობისათვის" თავმჯდომარე დავით თევზაძე პარტიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
თევზაძის ინფორმაციით, ორივე ჯგუფს სხვადასხვა მოთხოვნები აქვს, რის გამოც, მათი წარმომადგენლები 29 მარტს ერთმანეთს შეხვდებიან, ერთიან პოზიციაზე შეჯერდებიან, შემდეგ კი, ერთიან მოთხოვნებს საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტს წარუდგენენ.
„დეპარტამენტთან კომუნიკაცია ვერ შედგა და ვეტერანებმა სამდღიანი აქციით ყურადღების მიქცევა გადაწყვიტეს. თემები, რომლებიც მათ აქვთ წამოწეული, დაახლოებით ერთი თვის წინ, პრესკონფერენციაზე გავაჟღერე - სახელმწიფოს მხრიდან ალბათ, უფრო მჭიდრო ჩარევაა საჭირო, ვიდრე ეს დღემდე ხდება.
აქციის დაწყებამდე, ვეტერანთა მეორე ჯგუფი მოვიდა და რომ არ მომხდარიყო გაუგებრობა და დაპირისპირება, შედგა შეთანხმება ამ ორ ჯგუფს შორის, რომ სამშაბათს, ორივე ჯგუფის წარმომადგენლები და ისინი, ვისაც ეს პრობლემა გვეხება, ერთიან მოთხოვნებზე შევჯერდებით. ორივე ჯგუფიდან ეს შეჯერებული მოთხოვნები წარედგინება დეპარტამენტს. ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ცოტა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ამბავს, ვეტერანებს", - განაცხადა დავით თევზაძემ.