logo_geo
eng_logo
თედო ჯაფარიძე: ჯოზეფ დაულს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია!
- +

27 მარტი. 2016. 23:33


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის შეფასებით, ევროპის სახალხო პარტიის საპატიო პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის განცხადებამ, ქართული საზოგადოება გააოცა.


თედო ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღემდე ყველა ევროპულმა ინსტიტუტმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის გამოხატულებაც სავიზის რეჟიმის გაუქმება იქნება.


"ისმის კანონზომიერი კითხვა: ვის ინტერესებში შედის მსგავსი განცხადება და შეფასებები? ვინ შეიძლება იყოს დღეს საქართველოს პროდასავლური კურსის წინააღმდეგი? ვფიქრობ, პასუხი აშკარაა.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოპოზიციური ძალა, კერძოდ კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თავის პარტნიორებს სახალხო პარტიიდან არასწორ, ცალმხრივ ინფორმაციას აწვდის ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. მსგავსი ქმედება ხშირად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აგდებს სახალხო პარტიის წარმომადგენლებს.

 

ჩვენი ღრმა რწმენით, საერთაშორისო ორგანიზაციები არ უნდა იქცეს საქართველოს შიდაპოლიტიკური ბატალიების არენად, არამედ იყოს ინსტრუმენტი კონსოლიდაციის, საქართველოს ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, რომლის გამოძახილიც იქნება ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება.

 

სწორედ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, მისი ურყევობის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიაზე. ჩვენ კი კვლავაც ვადასტურებთ მზაობას მივიღოთ ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მათ შორის სახალხო პარტიიდან, რომლებთანაც მზად ვართ კონსტუქციული თანამშრომლობისთვის, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ და თავად დარწმუნდნენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და რეფორმებში.

 

დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი დაული უკვე დიდი ხანია, რაც აღარ არის ევროპარლამენტის ფრაქციის ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე და არც ევროპარლამენტის წევრი. ის გახლავთ პარტიის საპატიო პრეზიდენტი. მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე. ჩვენი ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის შესახებ. ამდენად, ბატონი დაულის განცხადება მხოლოდ მისი სუბიექტური აზრია.

 

სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე დიდხანს და ეფექტურად მუშაობდა ბევრი ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი. ეს მთელს ქართველი ხალხს ეკუთვნის და მის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. რაც შეეხებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სხვათა მხრიდან მინიშნებების გარეშეც ერთგულია დემოკრატიის ყველაზე მაღალი მოთხოვნებისადმი",- ნათქვამია განცხადებაში.


ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, ჯოზეფ დაული "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზა-ლიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner