„როდესაც ბიბლიოთეკაში მუშაობა დავიწყე, ჩემი მიზანი განათლების თვალსაზრისით, რბილად რომ ვთქვათ, რაღაცის შეცვლა იყო. შესაბამისად, ჩემი მთავარი პრიორიტეტი, ნებისმიერი ჩემი აქტივობის განმსაზღვრელი ნაწილი სწორედ ეს მიმართულებაა" ,- აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე „აიპრესისთვის" მიცემულ ვრცელ ინტერვიუში. კეკელიძემ ასევე იასუბრა თუ რა გაკეთდა ეროვნული ბიბლიოთეკაში და რა იგეგმება სამომავლოდ.
„ჩვენ გვაქვს 7 კორპუსი. ამაში შედის ქუთაისის კორპუსიც. პირველ კორპუსში მოხდა ისტორიული გამაგრება. ეს იყო პირველი ფუნდამენტური გამაგრებითი სამუშაოები. რეალურად გავხსენით პირველი კორპუსი წლების შემდეგ, მაგრამ ბუნებრივია, მას სჭირდება თვისობრივი რეაბილიტაცია.
ამ შემთხვევაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს პირველ კორპუსში და ვფიქრობ, გაზაფხულზე დასრულდება. ერთი არის კავკასიაში და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი წიგნის მუზეუმი, რომელიც თავის თავში მოიცავს სამ მიმართულებას. ერთი არის „ვეფხისტყაოსნის" მუზეუმი, მეორე არის იშვიათ გამოცემათა მუზეუმი და მესამეა ილია ჭავჭავაძის კაბინეტი, სადაც მოცემული იქნება მისი პირადი არქივი. ამ პროექტს დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი აფინანსებს.
რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან პროექტს, ეს არის ანბანის, დამწერლობისა და შრიფტის მუზეუმი. ამ შემთხვევაში „ქართუ" გვეხმარება. ეს არის ერთგვარი სივრცის მოწყობა, სადაც ისტორიულად იქნება მოცემული ყველა ის ეტაპი, თუ როგორ განვითარდა ქართული წერილობითი კულტურა, რომელიც გადავიდა წიგნში. ანუ, საწყისი ეტაპი, რომელიც ბუნებრივია გულისხმობს ამოტვიფრულ ნაწერებს, მერე ეტრატებზე გადასული ტექსტები, ხელნაწერ წიგნებზე გადასული ტექსტები, პირველი ბეჭდური წიგნები, შრიფტის ისტორია, სტამბის ისტორია და ა.შ. ეს ორი სივრცე იქნება ერთგვარი შემკვრელი მოცემულობისა, რომელსაც მომავალში გააძლიერებს ის ორი დიდი ლეგენდარული სამკითხველო დარბაზი, რომელიც ძალიან დიდი ხანია დახურულია. ვფიქრობთ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამკითხველო დარბაზებს გავაკეთებთ. გვინდა ეს სივრცე თანამედროვე იყოს - სამკითხველო დარბაზები იქ, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ჩაის თუ ყავის დალევა და ამავდროულად წიგნის წაკითხვა. ასე რომ, პირველ კორპუსთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს.
რაც შეეხება მეორე კორპუსს, რეაბილიტაცია უკვე დავიწყეთ. დიდი ნაწილი აქაც კერძო ბიზნესის შემოწირულობებით შევძელით. მაგალითად, როგორიც არის კონსტანტინე გამსახურდიას კაბინეტი, ჭაბუა ამირეჯიბის კაბინეტი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზი. დარბაზი, რომელიც ემიგრანტული ლიტერატურითაა გამდიდრებული და რომელსაც თი-ბი-სი ბანკი აფინანსებს. გავხსენით სარაჯიშვილის დარბაზი, ვახტანგ VI დარბაზი, დედაენის დარბაზიც გავხსენით და რეპრესირებული წიგნების მუზეუმიც. ამავდროულად, ვგეგმავთ, რომ ამავე კორპუსის სამკითხველო დარბაზიც მალე მოდერნიზდეს. უბრალოდ, ველოდებით პირველი კორპუსის გახსნას, რომ მუშაობის მიმართულებით არ შევფერხდეთ.
გავხსენით ძალიან დიდი ციფრული ლაბორატორია, რომელიც გულისხმობს სკანირებას, მომზადება, დამუშავება და ა.შ. პოსტსაბჭოთა სივრცეში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წიგნების რესტარვაციის და დამუშავების კაბინეტი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც კი გვაკითხავენ რესტავრაციისთვის.
რაც შეეხება მესამე კორპუსს, იქ ჩვენ უკვე შევძელით და გავაკეთეთ რამდენიმე თემატური ბიბლიოთეკა. გარდა იმისა, რომ „სილქნეტის" მხარდაჭერით განახლდა დიუმას ცენტრი, ამავდროულად ჩვენთან შემოვიდა იტალიის საელჩო და დააფუძნა პაოლინის სახელობის იტალიური ბიბლიოთეკა. ძალიან ეფექტური. გვაქვს ასევე ლიბერთის დარბაზი, რომელიც „ლიბერთი ბანკის" მეშვეობით გაკეთდა და ეს არის ყველაზე დიდი ელექტრონული სამკითხველო დარბაზი დღეს საქართველოში. ამავდროულად გავხსენით ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, რომელიც ძალიან წარმატებულად მუშაობს და რეალურად ქართული კულტურის და არა მხოლოდ ყოველდღიურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ვაზის და ღვინის კვლევას და ამავდროულად პოპულარიზაციას ეფუძნება. გვაქვს აფხაზური ბიბლიოთეკაც.
მეოთხე კორპუსი არის საცავი, რომელიც გულისხმობს ძალიან სერიოზულ რეაბილიტაციის საჭიროებას. ამასთან დაკავშირებით გვაქვს მოლაპარაკებები სახელმწიფოსთან და ბიზნესთანაც. მოხდეს სრული განახლება და გვქონდეს ულტრათანამედროვე საცავი.
მეხუთე კორპუსში გავხსენით ეკო-დარბაზი. ნოდარ დუმბაძის სახელობის ბაღი, რომელიც ძალიან მალე გაიხსნება. მარო მაყაშვილის ბაღი გვაქვს, რომელიც მესამე კორპუსშია. ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტის გაკეთება გვინდა, რომელიც სხვა აქტიური ქართველი ქალების, მაგალითად ეკატერინე გაბაშვილის და სხვათა მოღვაწეობასაც მოიცავს. შეიქმნება ისეთი ტიპის სივრცეები, რომელიც იგულისხმებს ერთგვარად არა ძალიან ცნობილი, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელების წინ წამოწევას.
ქუთაისში ვაკეთებთ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ძალიან მნიშვნელოვან წიგნის საცავს, სადაც განთავსებული იქნება ის ცალები, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება ზედმეტი იყოს ჩვენს საცავში და მეორე მხრივ, მოგვაწოდებენ ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი მეზობლები. ეს იქნება კავკასიაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საცავი. ამავდროულად გვექნება ცისფერყანწელთა ბაღი და გვინდა, გავაკეთოთ ერთგვარი უფასო სასტუმრო უცხოელებისთვის. ეს პრაქტიკა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებში. ეს ცხადია, არ იქნება კლასიკური ტიპის სასტუმრო, არამედ იქნება სასტუმრო ოთახი, სადაც მას უფასოდ შეეძლება დარჩენა, ოღონდ მას ჩვენს ქვეყანაზე შემდეგ რომელიმე გამოცემაში, რამე, იმედია კარგი, დაწეროს. ის უნდა იყოს მეცნიერი, ან მწერალი, ცხადია და არა ყოველი მეორე სტუმარი", - აღნიშნა კეკელიძემ.