„პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ქალ მსჯავრდებულებს, რომელთა მცირეწლოვან შვილებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვება მოუწევთ, ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში, დაწესებულებიდან გასვლის უფლება ექნებათ.
„პატიმრობის კოდექსი" მსჯავრდებული დედისა და 3-წლამდე ბავშვის ერთად ცხოვრებას ითვალისწინებს.
სამინისტროს განმარტებით, 3-წლის ასაკის მიღწევის გამო, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებისას რომ მოხდეს მისი გარესამყაროსთან შეგუება და დედასთან განშორების დროს მინიმუმამდე დავიდეს ბავშვის ტრავმირება, საჭიროა ქალ მსჯავრდებულებთან დაკავშირებულ წესებში ცვლილებების განხორციელება.
„პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებებით, ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში ჰყავდა 3 წლამდე ბავშვი და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება დატოვა, მიეცემა უფლება, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში (შაბათ-კვირა)თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება დატოვოს.
გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღება მისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მისი პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები. „პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა. პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.