„ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღკვეთილ იქნა ძალიან მძიმე დანაშაული", - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„პირველ რიგში, რაც შეეხება მისი უწმინდესობის, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სულ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე მამა დავითს, რომელიც ბერლინში პატრიარქთან იმყოფება. გვაქვს კარგი ინფორმაცია, რომ ოპერაციის შემდეგ მისი უწმინდესობა კარგად გრძნობს თავს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, დროულად ჩატარდა ყველა აუცილებელი ქირურგიული ჩარევა, შედეგი არის ძალიან კარგი და მისი უწმინდესობა ხვალ გადაყვანილი იქნება პალატაში. ეს ყველაზე სასიხარულო ინფორმაციაა ჩვენთვის.
პატრიარქის ჯანმრთელობა და მისი უსაფრთხოება არის დაცული. დამატებით შემიძლია გითხრათ, რომ მოგვიანებით მთავარი პროკურორი და მთავარი პროკურატურა გააკეთებენ განცხადებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მცდელობას, რომელიც აღკვეთილ იქნა ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით. პრემიერის გადაწყვეტილებით, ბერლინში იმყოფება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი და პატრიარქის უსაფრთხოება არის გარანტირებული. გამოძიება კონფიდენციალურ ფორმატში მიმდინარეობს. მე დეტალებზე ინფორმაცია, ბუნებრივია, არ მაქვს. ერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენა იქნა თავიდან აცილებული. ამისთვის მადლობა ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებმაც კოორდინირებულად იმუშავეს და თავიდან იქნა აცილებული უმძიმესი შედეგი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ყველა ფაქტი იქნება გამოძიებული და მეტი ინფორმაცია გვექნება, როგორც კი კანონით შესაძლებელი გახდება. პატრიარქის უსაფრთხოებაზე მაქსიმალური ზრუნვაა და მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებია მიღებული. მზადდებოდა მძიმე დანაშაული", - განაცხადა ბესელია.