ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა.
ხარძიანი საკუთარ სახლთან 2015 წლის 28 მარტს, უცნობმა პირმა სამი გასროლით მოკლა.
დაჭრილი საავადმყოფოში გადაჰყავდათ, თუმცა მისი დახმარება ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, მკვლელი მოპედით გადააადგილდებოდა. მოპედს გამომძიებლებმა კეკელიძის ქუჩაზე მიაკვლიეს.
მოგვიანებით ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმე პროკურატურამ გახსნილად გამოაცხადა.
დანაშაულში მხილებულნი იქნენ: უკრაინის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ოლეკსანდრ დამეტოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ოლეგ დოევი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს აღნიშნული პირები კიევი-თბილისის რეისით ჩამოფრინდნენ თბილისში და ნაქირავებ ბინაში დაბინავდნენ.
გამოძიების ცნობით, ბესარიონ ხარძიანს მარაბდის ქუჩის # 25-ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ოლეკსანდრ დამეტოვმა სამჯერ ესროლა, მათ შორის ერთი საკონტროლო ტყვია თავის არეში.
იმავე დღეს აღნიშნულმა პირებმა, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით, ფეხით გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მიიმალნენ.
ოლეკსანდრ დამეტოვს წარედგინა ბრალდება ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობისათვის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, ხოლო ოლეგ დოევს წარედგინა ბრალდება შეკვეთით განზრახ მკვლელობაში დახმარებისათვის.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20-წლამდე ვადით ან უვადოდ.
მკვლელობის დამკვეთების ვინაობა ამ დრომე არ არის ცნობილი!